ქუთაისში შაკო ქურციკიძის მემორიალი გაიხსნა

AutoSharing Option
"მორაგბეები მე არ მომცემენ სიკვდილის საშუალებას" - ამბობდა სიცოცხლეში შაკო ქურციკიძე...

აბა, სიკვდილი ვის დაუმარცხებია... ისეც არ ხდება - ჟოზე სარამაგოს რომანში რომ ისვენებს ცოტა ხნით და ჟანგმორეული ცელი თეთრ კედელზე აქვს მიყუდებული.

სიკვდილი უმოწყალოა, მაგრამ სახელსა და ადამიანის ნამოღვაწარს ვერაფერს უხერხებს.

შაკო ქურციკიძეს კი ისეთი საქმეები უკეთებია, მისი დავიწყება არ იქნება. იგი მარტო მორაგბე და მწვრთნელი არ ყოფილა, ქუთაისური გუნდი მისთვის მეორე ოჯახი იყო, რომლისთვისაც არაფერი ენანებოდა. გოგი ყუფარაძის დაწყებულ საქმეს ხელი რომ მოჰკიდა, ქუთაისური რაგბის პერსპექტივებზე საუბარიც ზედმეტი
იყო, ქუჩა-ქუჩა აგროვება ჯანიან ბიჭებს და რაგბიზე მიჰყავდა. "აგურ-აგურ ნაშენები" გუნდით წლების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანი გახდა...

საფუძველჩაყრილმა და მოძლიერებულმა ქუთაისურმა კრებულმა წარმატებული სვლა განაგრძო და დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით, ზედიზედ სამჯერ სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი თასს დაეუფლა.

15 თებერვალს შაკო ქურციკიძის დაბადების დღე იყო. ქალაქმა ღვაწლმოსილი მწვრთნელის 70 წლის იუბილე იზეიმა. ქუთაისის მერიისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სპორტულ მუზეუმში ფოტოგამოფენით დაიწყო. იუბილეზე ქართული რაგბის ოჯახი თითქმის მთლიანად იყო წარმოდგენილი. სტუმრები ჩამოვიდნენ დედაქალაქიდანაც...

ქუთაისში რაგბის დამფუძნებელი გოგი ყუფარაძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე, საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების კომიტეტის კონსულტანტი რიჩი დიქსონი... ვეტერან მორაგბეებსა და შაკო ქურციკიძის თანაგუნდელებზე აღარაფერს ვამბობთ... იყო თბილი მოგონებები, სახალისო ისტორიების გახსენება და შაკოს ნამოღვაწარის დაფასება.

მუზეუმში სტუმრობის შემდეგ 100-ზე მეტმა ადამიანმა შაკო ქურციკიძის სახლს მიაშურა, სადაც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მისი მემორიალური დაფა გახსნა. პარალელურად, ქუთაისის ახალ სარაგბო სტადიონზე შაკო ქურციკიძის ხსოვნის ტურნირი გაიმართა, რომელშიც "აიას" ბავშვთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველი ადგილი ახალგაზრდა მწვრთნელის, დავით გორდულაძის მიერ დამოძღვრილმა ჭაბუკებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს შაკო ქურციკიძის სახელობის თასი მისმა შვილიშვილებმა გადასცეს.

"დიდი ადამიანი იყო და გულდასაწყვეტია, რომ ცოცხალი აღარ არის. ქუთაისში ვისაც კი რაგბი უთამაშია, ყველამ მის ხელში გამოიარა, ქართული რაგბის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. სწორედ ასეთმა, რაგბიზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანებმა ჩაუყარეს ქართული რაგბის წარმატებებს საფუძველი" - აღნიშნა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გორგასლიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული