საქართველო რაგბიში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა

AutoSharing Option
საქართველოში 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით "მსოფლიო რაგბის" (რაგბის მსოფლიო კავშირი, ყოფილი IRB) საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მარკ იგანმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად შეხვედრები საქართველოს მთავრობის და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" წარმომადგენლებთან გამართა.

მხარეები შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, დაიგეგმა აუდიენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან.

შეხვედრებისას განიხილებოდა 2017 წელს საქართველოში რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვის საკითხები. ვიზიტისას მარკ იგანი ასევე იმყოფებოდა თბილისსა და ქუთაისში, სადაც მან
საქართველოს რაგბის კავშირის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

საქართველოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის შეკითხვებს ლევან ყიფიანმა, გიორგი ნიჟარაძემ და მარკ იგანმა, ასევე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირის სამასპინძლოდ სატენდერო განაცხადი უკვე შეიტანა.

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი (Junior World Rugby Championship) სარაგბო სამყაროში რანგით ყველაზე მაღალი ახალგაზრდული ტურნირია, რომელიც ყოველწლიურად იმართება 20-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს შორის. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრები, მასპინძელი ქვეყნის ჩათვლით.

მარკ იგანის განცხადებით, საქართველოს ძალზე რეალური შანსი აქვს, მასპინძლობის უფლება მოიპოვოს, რადგან მთავრობის მხრიდან და ასევე, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მხრიდან მხარდაჭერა ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების გარანტიას იძლევა.

მსოფლიოს რაგბის მაღალჩინოსნის თქმით, ქუთაისის სარაგბო მოედანმა, რომლის მსგავსი მას ბოლო წლებში სხვა არცერთ ქვეყანაში არ უნახავს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მასპინძლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, "მსოფლიოს რაგბისა" და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით კი, ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა - სათამაშო და სავარჯიშო მოედნები აშენდება.

2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ მარკ იგანი დუბლინში, "მსოფლიო რაგბის" ოფისში დაგემილ საბჭოზე მომავალ კვირას იმსჯელებს, სადაც საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ტურნირის მასპინძლობაზე ოფიციალურ გარანტიებს წარუდგენს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი "მსოფლიო რაგბი" მიმდინარე წლის მაისში მიიღებს.

წყარო: msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი იქნება. კარგია ქუთაისის ჩართვაც ამ დიდ საქმეში.
geronti
21:59 27-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული