გია ნიჟარაძე: მშობლებო, ნუ ნერვიულობთ, არაჩვეულებრივი შვილები გვყავს!

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიჟარაძე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში ჩართული ქართველი ახალგაზრდობის ერთსულოვნებამ და მონდომებამ განსაკუთრებით აღაფრთოვანა.


"დიდი უბედურება დაატყდა თავს თბილისს. სტიქიის შედეგად არის მსხვერპლი, ბევრი ადამიანი დარჩა სახლ-კარისა და საარსებო საშუალებების გარეშე. განადგურებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ქალაქი ორი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.

ძნელია ამ ფონზე რაიმე პოზიტიურზე ილაპარაკო, მაგრამ სალაპარაკო ნამდვილად არის.

ის, რომ ყველა თაობის ქართველი მორაგბე სტიქიური უბედურების
პირველივე საათებში ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა და ყველაზე პრობლემურ ადგილებში დღესაც თავდაუზოგავად შრომობს, ნამდვილად არ გამკვირვებია. ეს ბიჭები და კაცები ყოველთვის იქ არიან, სადაც ქვეყანას უჭირს, ამიტომაც სარგებლობენ ხალხის სიყვარულით.

არც იმას აღვნიშნავდი განსაკუთრებულად, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები შეუსვენებლად მუშაობდნენ დღე-ღამის განმავლობაში. ეს მათი მოვალეობაა, თუმცა თავდადებული და თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენგან მადლობა ნამდვილად ეკუთვნით.

მაგრამ აუცილებლად მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო ჩვენი ახალგაზრდობის უპრეცედენტო ჩართულობა, სოლიდარობა, ორგანიზებულობა და, ხშირ შემთხვევაში, გმირობაც კი.

ხშირად გაიგონებ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ნიჰილისტურად არის განწყობილი, თითქოს მათ არ აწუხებთ ქვეყნის ბედი, არიან ინფანტილურები და ასე შემდეგ. უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელს, ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ვურჩევ: წადით იქ, სადაც ამ დღეებში ათასობით ბიჭი და გოგო, ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებულნი, თავდადებულად, ორგანიზებულად, დაუღლელად შრომობს და ქმნის საკუთარი სამშობლოს მომავალს.

ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო თვალი მედევნებინა ათასობით გულანთებული ახალგაზრდისთვის, მათი ერთიანობისთვის, ქცევისთვის, ურთიერთდახმარებისთვის, სიკეთისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობით გაჯერებული ქმედებისთვის.

ამ დღეებში ყველა რჯულის სკეპტიკოსს, მოწუწუნეს, ცინიკოსს ამ ახალგაზრდებმა ბრწყინვალე ფორმით გასცეს პასუხი: ეს ქვეყანა ჩვენია, და როცა საჭირო გახდება, ჩვენ მას მივხედავთ, მოვუვლით და ავაშენებთ.

ძვირფასო მშობლებო და, საერთოდ, უფროსი თაობის წარმომადგენლებო, ნუ ნერვიულობთ: არაჩვეულებრივი შვილები გვყავს, და ეს დალოცვილი ივერია, ამ დღეების გადასახედიდან, აუცილებლად გაბრწყინდება.

უფალი გფარავდეთ, შვილებო. ძალიან გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილათ არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს გაიხარონ და გამრავლდნენ მაგრამ ეს ახალგაზრდები დაცულები რომ არ არიან ცხოველის ტავდასხმისაგან ძალიან ვნერვიულობ ტიტოეულ მადგანზე სანამ ბოლო ცხოველი ნაპოვნი არ იქნება
maia
21:44 17-06-2015
0
თქვენც ძალიან უყვარხართ თქვენს ბიჭებს და დიდ პატივს გცემენ
nino
22:16 17-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული