საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები რიოს ოლიმპიადის ლიცენზიას ვერ შესწვდა

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის რეპეშაჟში მეოთხე ადგილი დაიკავა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ჩვენი ნაკრები ძალიან ძლიერ, A ჯგუფში მოხვდა. ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ საუკეთესო ოთხეულში ამ ჯგუფის სამი წევრი მოხვდა: რუსეთი, ირლანდია და ჩვენ.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" სტარტი წარმატებულად აიღეს. პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა - 12:7. თუმცა მერე ირლანდიის გუნდთან პირველი ტაიმი 21:0 ისე წააგო, ბურთი არ ჰქონია. შესვენების შემდეგ ქართველი მორაგბეები საგრძნობლად გააქტიურდნენ, სამი ლელოც გაიტანეს, თუმცა
აქედან მხოლოდ ერთი გარდასახეს და 17:21 დამარცხდნენ.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბრძოლა რუსეთის ნაკრებთან, რომელიც ჩვენმა მორაგბეებმა 10:7 მოიგეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ რუსები საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება. აქ ჩვენი გუნდი იოლად გაუსწორდა ბელგიის ნაკრებს - 21:5 და ნახევარფინალში გააღწია. გლობალურ რეპეშაჟში გასასვლელად კი, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება იყო საჭირო.

სამწუხაროდ, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ეს ვერ მოახერხა. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა - 5:26. მესამე ადგილისთვის მატჩი კი ირლანდიელებთან დავთმეთ - 7:15.

დღესდღეობით რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება აქვს მასპინძელ ბრაზილიას; ფიჯიმ, სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა ლიცენზია შვიდკაცა რაგბის "მსოფლიოს სერიის" შედეგების მიხედვით მოიპოვეს.

რეგიონული ტურნირებიდან არგენტინამ სამხრეთ ამერიკის შესარჩევი მოიგო, აშშ-მა კი - ჩრდილოეთ ამერიკის. ევროპაში საუკეთესო საფრანგეთი აღმოჩნდა. გასამართავია შესარჩევი ტურნირები აფრიკაში, აზიასა და ზღვისპირეთში. ამას გარდა, დარჩება კიდევ ერთი საგზური, რომელიც გლობალურ რეპეშაჟში გათამაშდება. აქ თამაშის უფლება ევროპიდან რუსეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები
ზურაბ ძნელაძე, ბახვა კობახიძე, დავით ლოსაბერიძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი შკინინი, მეთიუ ჯენი, იოსებ კიკვაძე, ნიკო აფციაური, ანზორ სიჭინავა, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, ლადო მიმინოშვილი.

A ჯგუფი
საქართველო-იტალია 12:7
საქართველო-ირლანდია 17:21
საქართველო-რუსეთი 10:7

მეოთხედფინალი
საქართველო-ბელგია 21:5

ნახევარფინალი
საქართველო-გერმანია 5:26
რუსეთი-ირლანდია 24:10

XI ადგილისთვის
პოლონეთი-ლატვია 19:12

IX ადგილისთვის
უკრაინა-იტალია 12:19

VII ადგილისთვის
ბელგია-პორტუგალია 26:22

V ადგილისთვის
რუმინეთი-ლიტვა 22:0

III ადგილისთვის
საქართველო-ირლანდია 7:15

ფინალი
რუსეთი-გერმანია 38:12

საბოლოო მდგომარეობა
1. რუსეთი, 2. გერმანია, 3. ირლანდია, 4. საქართველო, 5. რუმინეთი, 6. ლიტვა, 7. ბელგია, 8. პორტუგალია, 9. იტალია, 10. უკრაინა, 11. პოლონეთი, 12. ლატვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად ვიყავით ახლოს? ამის მერე 16 გუნდა რეპეშაჟი იყო სადაც არავითარი შანსი არ გვქონდა
giorgi
16:07 20-07-2015
0
დასანანია, თუმცა მომავალი იმედისმომცემია. წარმატებები
chiko
13:45 20-07-2015
0

სიახლეები პოპულარული