საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში მერვეზე, იმედად რეპეშაჟია

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი მახარაშვილი
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის ბოლო ტურში ინგლისურ ექსეტერში წინა ორ ეტაპზე ოდნავ უკეთ იასპარეზა და მერვე ადგილი დაიკავა.

ჩვენმა მეშვიდკაცეებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპი მარცხით დაიწყეს. მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო, რომელთანაც 7:17 წავაგეთ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალების მობილიზება შეძლო და ზედიზედ ორი მატჩი მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ძლიერ უელსის ნაკრებს 19:7 სძლია, მერე კი ბელგიის გუნდს გაუსწორდა იოლად 27:5. შედეგად, "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და პირველობისთვის ბრძოლის მეოთხედფინალში ჩაებნენ.

აქ მეტოქე გერმანიის ნაკრები
იყო, რომელიც ჩვენი გუნდისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. ქართველმა მორაგბეებმა 5:15 დათმეს შეხვედრა. ამას სინის, ანუ მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში წაგება მოჰყვა. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" დაძაბულ ბრძოლაში უელსის ნაკრებთან დამარცხდნენ - 14:17.

მერე კი სრულიად მოულოდნელად ლიტვის ნაკრებთან წავაგეთ მშრალი ანგარიშით - 0:24 და საბოლოოდ, ტურნირზე მე-8 ადგილს დავჯერდით.

ევროპის სერიის შედეგების მიხედვით, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც სამი ეტაპის ჯამში, პირველობა არავის დაუთმო.

საქართველოს ნაკრები კი მომავალ უქმეებზე რეგიონალურ, ანუ ევროპის რეპეშაჟში ითამაშებს, რომელიც ლისაბონში გაიმართება. იქ ჩვენი მეტოქეები იქნებიან: გერმანია, რუსეთი, ბელგია, ლიტვა, პორტუგალია, იტალია, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, ლატვია და ირლანდია.

მსოფლიოს რეპეშაჟში გასვლისთვის ჩვენმა მეშვიდკაცეებმა მოწინავე სამეულში უნდა დაიკავონ ადგილი.

საქართველოს ნაკრები:
ნიკო აფციაური, ლევან გოგოლაშვილი, ანზორ სიჭინავა, შალვა მახარაშვილი, ირაკლი გეგენავა, გიორგი შკინინი, ბახვა კობახიძე, მეთიუ ჯენი, ლადო მიმინოშვილი, დავით ლოსაბერიძე, იოსებ კიკვაძე.

C ჯგუფი
საქართველო-რუსეთი 7:17, საქართველო-ბელგია 27:5, საქართველო-უელსი 19:7.

მეოთხედფინალი
საქართველო-გერმანია 5:15

სინის ნახევარფინალი
საქართველო-უელსი 14:17

XI ადგილისთვის
რუმინეთი-ბელგია 8:0

IX ადგილისთვის
პორტუგალია-იტალია 26:12

VII ადგილისთვის
საქართველო-ლიტვა 0:24

V ადგილისთვის
უელსი-რუსეთი 14:10

III ადგილისთვის
გერმანია-ესპანეთი 0:17

ფინალი
საფრანგეთი-ინგლისი 14:5

საბოლოო მდგომარეობა
1. საფრანგეთი, 2. ინგლისი, 3. ესპანეთი, 4. გერმანია. 5. უელსი, 6. რუსეთი, 7. ლიტვა, 8. საქართველო, 9. პორტუგალია, 10. იტალია, 11. რუმინეთი, 12. ბელგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული