ჰუკერი ვარსკვლავური გუნდიდან - ინტერვიუ თენგიზ ტურძელაძესთან

AutoSharing Option
გასული საუკუნის 80-იანი წლების ლეგენდარული ქუთაისის "აიას" შერკინების კვაჭს თენგიზ ტურძელაძეს დღეს 55 წელი უსრულდება.

თენგიზ ტურძელაძე იმ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. იგი ქუთაისის "აიასთან" ერთად სამჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი (1987,1988,1989 წლები), იყო სსრკ-ის ვერცხლისა (1984წ.) და ბრინჯაოს (1985წ) პრიზიორი, სსრკ-ის თასის ორგზის მფლობელი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. თამაშობდა საბჭოთა კავშირის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებში. თენგიზ ტურძელაძეს რაგბის მოყვარულები თიკუნით უფრო იცნობენ - "ბაჯი".

- რაგბიში თქვენს პირველ ნაბიჯებს როგორ გაიხსენებთ?
- ბავშვობაში ცოტა ხანი ძიუდოში ვვარჯიშობდი.
ჩემს მეზობლად ცხოვრობდა დუგლას კავთელაშვილი, რომელიც შემდეგ "აიას" მწვრთნელი გახდა და მის ხელში უდიდეს წარმატებებს მივაღწიეთ. მსუქანი ვიყავი, დიდი წონა მქონდა და ჩვენმა საერთო მეგობარმა თამაზ გიორგობიანმა მირჩია, ძალები რაგბიში მეცადა. ვარჯიშები ქუთაისის ცენტრალურ უბანში, "დინამოს" სტადიონზე ტარდებოდა.

პირველივე წვრთნაზე შებოჭვისას ფეხი ვიტკინე და რაგბით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. მეორე ვარჯიშზე აღარ წავედი, მაგრამ სახლში მომაკითხეს და დიდი თხოვნით დამიყოლიეს, რომ კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. მეორე ვარჯიშზე რაგბის სხვა თვალით შევხედე, ოვალური ბურთით თამაში ძალიან მომეწონა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება რაგბისთვის დამეკავშირებინა.

- რაგბის თამაში ძალიან გვიან 18 წლის ასაკში დაიწყეთ, თუმცა ძირითად გუნდში მალევე დაიმკვიდრეთ ადგილი, შემდეგ კი სსრკ-ის ერთ-ერთი საუკეთესო ჰუკერი გახდით. ეს როგორ მოახერხეთ?
- 1978 წელს, როცა ვარჯიში დავიწყე, უკვე 18 წლის ვიყავი. თავიდან ახალგაზრდულ გუნდში ვემზადებოდი, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე პირველი ადგილი დავიკავეთ. 1980 წელს კი ქუთაისის "სახლმშენის" ძირითად გუნდში გადავედი. ჩემი პირველი მწვრთნელი რამაზ სვანიძე იყო, შემდეგ შაკო ქურციკიძე გვავარჯიშებდა, ბოლოს კი დუგლას კავთელაშვილი იყო მთავარი მწვრთნელი

ჩემი დებიუტი მოსკოვში, ზამთრის ტურნირზე შედგა. ამის შემდეგ თანდათან გუნდის ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი. ყოველივე ამას უფრო ენთუზიაზმისა და მეგობრების გვერდით დგომით მივაღწიე. დღეს უკვე მორაგბეებს ფინანსური დაინტერესებაც აქვთ, მაშინ კი ხელფასი 200 მანეთი გვქონდა და ზოგჯერ კერძო პირების დახმარებით პრემიებსაც გვაძლევდნენ.

- რომელი იყო თქვენს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში?
- რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მით უფრო, როცა გამოცდილ მორაგბეებთან ერთად პირველად გიწევს მოედანზე გასვლა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი კრასნოიარსკში გამართული შეხვედრა იყო. ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. შეხვედრა უმძიმეს პირობებში, ატალახებულ მოედანზე მიმდინარეობდა და 3:4 ვაგებდით (ლელო 4 ქულად ფასობდა).

ბოლო წუთებზე დაახლოებით 60 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის უფლება მოვიპოვეთ.. წყლისგან დამძიმებული, ტალახიანი ბურთი ძლივს გავწმინდეთ და ნუგზარ ძაგნიძეს დავუდეთ, რომელმაც შესანიშნავად დაარტყა და გამარჯვება მოგვაპოვებინა.

მაშინ რაგბიზე მაყურებლის მოსაზიდად ავტომობილები თამაშდებოდა და პრიზი კრასნოიარსკში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა მოიგო. ეს ორი მოვლენა საღამოს ერთად აღვნიშნეთ და კრასნოიარსკში ქართულად მოვილხინეთ.

- მაშინდელი სპორტული პრესა აღნიშნავდა, რომ მთელ საბჭოეთში ქუთაისურ გუნდს ყველაზე ძლიერი შერკინების პირველი ხაზი (რობერტ ობოლაძე, თემურ ტურძელაძე, ბესარიონ ლილუაშვილი) ჰყავდა. ამის გარდა, რის ხარჯზე მიაღწია "აიამ" ასეთ დიდ წარმატებას?
- მარტო შერკინების პირველი ხაზი კი არა, მაშინ მთელი გუნდი უძლიერესი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენი სიძლიერე ახალგაზრდა და გამოცდილი მორაგბეების კარგი სინთეზით იყო განპირობებული. თანაც, თბილისის "ლოკომოტივიდან" ძალიან ძლიერი მორაგბეები: ოლეგ ლიპარტელიანი, მიშა ხარშილაძე, ალექსანდრე ნაჭყებია, ალექსანდრე გრიგალავა და ავთო გიორგაძე დავიმატეთ.

კარგი გუნდი შეიკრა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ვარსკვლავური შემადგენლობა გვყავდა და ჩვენი გამარჯვებებიც კანონზომიერი იყო. მაშინდელ გუნდს რომ ჰქონოდა უცხოურ ნაკრებებთან თამაშის შესაძლებლობა, არანაკლები წარმატებები გვექნებოდა, ვიდრე დღევანდელ თაობას აქვს. დღეს რაგბი უფრო სწრაფი გახდა, თორემ სხვა კომპონენტში ჩვენც კარგად ვიყავით მომზადებული.

"აიას" უძლიერესი შერკინება ჰყავდა, მაგრამ მარტო ამით არ იყო განპირობებული ჩვენი წარმატება. არანაკლები ვარსკვლავები გვყავდა ხაზში: ბართლომე ხამაშურიძე, ნუგზარ ძაგნიძე, ოლეგ ლიპარტელიანი და სხვები. ყველა პოზიცია თანაბრად იყო დაბალანსებული და გუნდიც ცალკეული პოზიციების სიძლიერეზე არ იყო დამოკიდებული. ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ გუნდში დისციპლინა იყო უმაღლეს დონეზე. მწვრთნელების რიდი გვქონდა, დამრღვევთათვის ფინანსური ჯარიმები იყო დაწესებული.

Sportall.Ge

- რამდენად ძლიერი ჩემპიონატი იყო მაშინ და უხერხული მეტოქე თუ გყავდათ?
- ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეები კიევის "ავიატორი", მოსკოვის სამხედრო აკადემია და კრასნოიარსკის გუნდი იყვნენ. საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი იყო, ახლანდელი რუსული საკლუბო რაგბი და რუსეთის ნაკრები იმდროინდელთან შედარებით გაცილებით დაბალ დონეზე არიან. 90-იანი წლების შემდეგ რუსეთში რაგბის დონე ძალიან დაეცა, ჩვენთან კი პირიქით, ოვალური ბურთით თამაში უფრო განვითარდა.

- თქვენ საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც თამაშობდით...
- საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში ორ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ჯერ ტუნისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, მერე კი უკვე ბოლოს, როცა ქართული რაგბი საკავშიროს გამოეყო, მე და ნუგზარ ძაგნიძემ საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში, საფრანგეთში ვითამაშეთ ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში 12:9 იყო ფრანგების სასარგებლოდ, მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ძლიერ მეტოქეს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. საბჭოთა ნაკრების მეორე გუნდში კი არაერთი შეხვედრა ჩავატარე.

- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდშიც თამაშობდით...
- საქართველოს ნაკრებში პირველად ზიმბამბვეს წინააღმდეგ ვითამაშე. შემდეგ რაგბის თავი დავანებე, მაგრამ 1995 წელს ისევ მომიწია რაგბიში დაბრუნებამ.

ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ მე და ნუგზარ ძაგნიძეს გვთხოვა, ჰოლანდიასთან და დანიასთან გასვლაზე და გერმანიასთან საშინაო მატჩში ნაკრებს დავხმარებოდით. გამოცდილება გაქვთ და იქნებ თითო-თითო ტაიმი მაინც ითამაშოთო. ჩვენც დავთანხმდით, ნაკრებთან ერთად ბაკურიანში ერთთვიანი შეკრება გავიარეთ და სამივე შეხვედრაში ვიასპარეზეთ, მაგრამ რომ შეგვპირდა, თითო ტაიმს გათამაშებთო, აღარ გვცვლიდა და ჩვენც "ვკვდებოდით" ისეთ დღეში ვიყავით. გერმანიასთან მატჩის შემდეგ, რაგბის თამაშს საბოლოოდ დავანე თავი.

- კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა არ გიცდიათ?
- არა, მწვრთნელობის სურვილი არ მქონია, თანაც ახლა შესანიშნავი ახალგაზრდა მწვრთნელები გვყავს, რომლებმაც გამოცდილება საზღვარგარეთ შეიძინეს, შესაბამისი განათლება მიიღეს და საქმეს პროფესიულად უძღვებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაჯი მართლაც ყველაზე ძლიერი შერკინების მატორი იყო სსრკ ს ჩემპიონატში.ჯამრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ძამიკო.
Khvicha Gegee
17:03 09-12-2015
0

სიახლეები პოპულარული