ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან ეს გამორიცხულია

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.

როგორც მინისტრი მიიჩნევს, რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება მიმართულია არა სახელმწიფოსადმი, არამედ იმ ხალხისადმი, ვისაც შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის სურვილი ჰქონდეს.

"ეს განცხადება არის იმ ხალხისთვის, ვისაც შესაძლოა, ასეთი სურვილი ჰქონდეს. სახელმწიფოსგან ჩარევაზე არ არის ლაპარაკი. სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა - დახმარების სახით. სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში გამორიცხულია სხვა რაიმე ტიპის ჩარევა", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ მოახლოებულ
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა.

რაგბის კავშირის გამგეობის შეფასებით, ჩარევა ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისი მხრიდან ან რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ჩარევა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე - იბრძოლებს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიჯერეთ...
aba ra
11:31 14-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული