გოჩა სვანიძე: გიორგი ნიჟარაძე ჩემი მეგობარი და თანამებრძოლია

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ქართული სარაგბო ოჯახის ნაწილი შეიკრიბა, რომელმაც კონსულტაციების შედეგად მათ მიერ შერჩეული რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინა.

ამ ეტაპზე მის კანდიდატურას 16-მა ნამდვილმა წევრმა დაუჭირა მხარი. პრესკონფერენციაზე ამ კლუბების სახელით საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა და "ლელოს" დამფუძნებელმა ბათუ კევლიშვილმა ისაუბრა.

მან თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ქართული რაგბის შესანიშნავი რვა წელიწადისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნიჟარაძე ქართულ რაგბიში დარჩება.

"გიორგი ნიჟარაძემ დაუღალავი შრომით შეძლო და გარდატეხა შეიტანა ქართული რაგბის განვითარების საქმეში, მის აღმასვლაში.
ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ძალზე ნაყოფიერი წლები ქართული რაგბის სინამდვილეში.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდადებული შრომით შევძელით და დღემდე ღირსეულად მოვიტანეთ ქართული რაგბი..

ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის კანდიდატად წარგვედგინა გოჩა სვანიძე.

ის არის შესანიშნავი ადამიანი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, ბრწყინვალე მეოჯახე და მეგობარი.

განვლილი რვა წლის განმავლობაში არ ყოფილა რაიმე პროექტი, გადაწყვეტილება, რომელშიც გოჩა სვანიძეს მონაწილეობა არ მიეღოს. ის რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ის იყოს ჩვენი გუნდის იდეების გამგრძელებელი.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობა ფუფუნება არაა, ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, გოჩა მზადაა განაგრძოს ქართული რაგბის აღმშენებლობა.

ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეკადრება ქართული რაგბის ოჯახს. ამ ეტაპზე გარედან არანაირი ჩარევა არ ხდება, მაგრამ ყველას ვაფრთხილებთ, თუ ამის სურვილი ვინმეს გაუჩნდება, უფლებას არავის მივცემთ, ჩვენს საქმეებში ჩაერიოს".

წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გოჩა სვანიძე ესაუბრა. მან მადლობა გადაუხადა წარმდგენებს ნდობისათვის და აღნიშნა:

"ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. ეს არ არის მარტო სიტყვები და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამას ყველა ნათლად დაინახავს.

გიორგი ნიჟარაძე ჩემი მეგობარი და თანამებრძოლია. ჩემთვის რთული იქნება მისგან მემკვიდრეობის მიღება და თუ 24 იანვარს ნამდვილი წევრები ამირჩევენ, ისევ მისი და ჩემი მხარდამჭერების დახმარებით შევძლებთ ქართული რაგბის განვითარების გაგრძელებას".

მან ასევე დასძინა, რომ მის საარჩევნო პროგრამას ის ნაახალწლევს წარადგენს.

პრესკონფერენციის დასასრულ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი დაუღალავი შრომითაც ქართული რაგბი აქამდე მოიტანა და გოჩა სვანიძე დაახასიათა:

"ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვშრომობდი და ყველაფერს ვაკეთებდით ქართული რაგბის განვითარებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თაობის ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს რაგბი.

მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედებს. დავით კილასონიამ დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ურთულეს პერიოდში შეძლო რაგბის განვითარებისთვის ზრუნვა.

ბიძინა გეგიძემ არანაკლებ რთულ პერიოდში ჩაიბარა რაგბის კავშირი და მას რომ არ გაეჭრა ფანჯარა საფრანგეთში, საკითხავია, გვეყოლებოდა თუ არა საერთოდ ნაკრები. მადლობა მერაბ ანთაძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა რაგბის განვითარებისთვის.

მადლობას ვუხდი ყველა ფორმაციის ნაკრებს, მათ მწვრთნელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებს მიაღწევენ.

მადლობა კლუბებს. სწორედ აქ, კლუბებში ზრდიან ბავშვებს ჯერ ადამიანებად, ნამდვილ კაცებად და მერე მორაგბეებად. გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველამ დაინახა, რომ ყველაფერი დაინგრა.

ნუთუ არასდროს დაგისვამთ კითხვა საკუთარი თავისთვის, როგორ გადარჩა რაგბი. ის ამ საოცარმა ადამიანებმა გადაარჩინეს, რომლებიც საკუთარ სახლებს ყიდდნენ, რათა ფული რაგბიში მოეტანათ და გუნდები შეენარჩუნებინათ. ისინი ხელისგულზე სატარებელი ადამიანები არიან. კლუბებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და სწორედ მის შემცირებაზე ზრუნვა იქნება მომავალი ოთხწლიანი მუშაობის პრიორიტეტი.

მადლობას ვუხდი ყველა სპონსორს და მეგობარს, რომლებიც ერთგულად იდგნენ ჩვენ გვერდში. რომ არა ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო დახმარება, ჩვენი ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდებოდა. მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მორაგბეებს სტანდარტულ მოედნებზე დაეწყოთ ვარჯიში და თამაში, ყველანაირად ხელს გვიწყობდა, რათა ქართული რაგბი წინ წასულიყო. მადლობის ღირსია ქვეყნის მთავრობაც. რომ არა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, მდგომარეობა ძალიან რთული იქნებოდა.

მე მოვედი რაგბიში სიყვარულით. ამბობენ, რაგბი არ უთამაშიაო. მითამაშია და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები აქ, ამ დარბაზში სხედან. აქვეა ირაკლი კიზირია, რომელიც მაშინ ჩემი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო. ის ცხრა თუ ათი წელიწადი, რაც რაგბის ვთამაშობდი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო.

წასვლაზე გადაწყვეტილება თვითონ მივიღე. არგუმენტები ჩემს მეგობრებს გავაცანი, რაც მათ მიერ მიღებულ იქნა. შეუცვლელი არავინ არის. ის გუნდი, რომელსაც მხარს ვუჭერ, თუ აღებულ კურსს განაგრძობს, ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწევს. ამის გარანტიას გაძლევთ. პესიმიზმი უსაფუძვლოა.

ქართული რაგბი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, მათი ქიმაგობისთვის და ერთგული თანადგომისთვის. სპორტს აქვს უნარი, სიხარული მიანიჭოს ხალხს, ქვეყანას. ამისთვის ვშრომობდით, ვშრომობთ და მომავალშიც ვიშრომებთ.

გოჩა სვანიძეს დიდი ხანია ვიცნობ. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს და ყველაზე მეტად მის პრინციპულობას ვაფასებ. სხვადასხვა საკითხზე ხშირად გვიკამათია, თუ როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ საქმის უკეთ გაკეთება და მრავლად იყო ისეთი მომენტები, როდესაც მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი ყოფილა.

გოჩა არის ის ადამიანი, რომელიც არა მარტო შეინარჩუნებს იმ კარგს, რაც არის, არამედ გამოასწორებს იმას, რაც ვერ გავაკეთეთ და თავის გუნდთან ერთად ქართულ რაგბის ბევრად უფრო წარმატებულს გახდის".

გოჩა სვანიძე ქართული სარაგბო ოჯახის წევრია. ის 1981-94 წლებში თამაშობდა კლუბებში: "სამედიცინო ინსტიტუტი", "შევარდენი", "ელმავალი", "მიმინო", "ამირანი" და "თბილისი".

2004 წლიდან დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

ამ ეტაპზე გოჩა სვანიძე წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: თბილისის "ლელომ", ქუთაისის "აიამ", თბილისის "არმიამ", თბილისის "აკადემიამ", ბოლნისის "ყოჩებმა", თბილისის "ლოკომოტივმა", გორის "ჯიქმა", სენაკის "ჯიხამ", ქუთაისის სარაგბო სკოლამ, "ჭიათურამ", საჩხერის "ჯრუჭმა", თბილისის "დინამომ", ფოთის "რაინდებმა", კიკეთის "იუნკერებმა", ქუთაისის უნივერსიტეტმა და თბილისის "დევებმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სვანიძე იქნება ნიჟარაძე თუ დავით აღმაშენებელი ისკიარარი მთავარი მთავარია ივანიშვილი რას აპირებს რაო ბატონო სპორტის ჟურნალისტებო რას ფიქრობს ეს კაცი კიდე დავაფინანსებ რაგბს ყოველწლიურად 40 მილიონით თუ არაო ეგარი მთავარი და არა ვინ დაჯდება თბილ სკამზე. თორე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 12 მილიონი რაგბს ნაღდათ არეყოფა.გილოცავთ კიდე ერთხელ ახალ წელს ბედნიერი ყოფილიყოს როგორც ქართული სპორტისთვის ისე ზოგადად ქვეყნისთვის აპა ჰე.
qutaiseli
10:35 04-01-2016
0

სიახლეები პოპულარული