რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ფოთელი მორაგბეები: დიმიტრი ბასილაია, ირაკლი მირცხულავა, ანზორ სიჭინავა, ზურაბ ჟვანია

იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც წინ პასი არ შეიძლებაო! მომგონიც და ამ თამაშისმაგვარი რაღაცის სპორტად მომნათვლელიც - დურუ ხუნჭუასგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ჯიგრიანად შეაგინა ფილმ "მდგმურების" ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა.

გამახსენდა, ერთი ჩემი მეგობარი ამბობს - იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც 22 კაციდან მარტო ორს აქვს უფლება, რომ ბურთი ხელში აიღოსო. ოღონდ ჩემი მეგობარი, რომელიც რაგბისთან ძალიან დაკავშირებული და ამ ოჯახის შინაური კაცია, ამ ოცდაორკაციანი სპორტის არც
მომგონს და არც ნათლიას არ აგინებს. რაგბი რა შუაშია ან ფეხბურთი, ზრდილობიანი კაცია და თავისიც უყვარს და სხვისასაც პატივს სცემს.

მეც რომ მიკერძოებულობაში არ ჩამომერთვას, ისე შევეცდები, გამოვეხმაურო კვირა ღამეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს, რეჟისორს, სცენარისტს, იდეის ავტორს და სხვას... ანუ გამოვეხმაურები, როგორც გამოეხმაურებოდა რაგბის რიგითი გულშემატკივარი, თუმცა არა მარტო რაგბის, მთლიანად ქართული სპორტის და მათ შორის, უპირველესად, ფეხბურთის.

"ფეხბურთი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ. რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ" - ეს გამოთქმა თითქმის ყველა რაგბის ქომაგმა იცის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რაგბის სამშობლოში, ინგლისში რაგბის Rugby Football-ს (ანუ ფეხბურთს ქალაქ რაგბიდან) უწოდებენ.

უფრო ცოტას ეცოდინება ის ფაქტი, რომ სახელოვანი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე საქართველოს რაგბის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი იყო. მეტიც, ქალაქ ფოთში ბორის პაიჭაძე და მთელი მისი საძმო რამდენიმე წელი რაგბისაც თამაშობდნენ და ამავე ქალაქში სარაგბო გუნდიც ჰყავდათ. და არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც მართლა უცნაურია ის გაღიზიანება, რომელიც ფილმ "მდგმურებში" მორაგბეების მიმართ არის გამოხატული.

გასაგებია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიზანი - მათ აჩვენეს ის პრობლემა, რაც საერთოდ სპორტს გააჩნია ფოთში, მაგრამ რაგბი რატომღაც მოძალადის როლში აღმოჩნდა. არ მინდა პოლემიკა და მით უმეტეს,  ფეხბურთისა და რაგბის უკეთეს-უარესობაზე კამათი, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ: როცა 2003 წელს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე პირველად გავიდნენ, ვარჯიშობდნენ ვაკის პარკის ბილიკებზე და "პადვლებში" სახელდახელოდ მოწყობილ "შტანგის" დარბაზებში? ისინი 2007 წლის მსოფლიოზეც ისე გავიდნენ, რომ საკუთარი სტადიონი არ ჰქონდათ! მაგრამ დედას არავინ იგინებოდა.

შემდეგ აქედან აღებული კარგი სტარტით ქართული რაგბი მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და ამაში ფოთმაც შეიტანა თავისი დიდი წვლილი - და კვლავ კითხვა: რატომ არ ეამაყებათ ფოთელებს, რაგბის მომგონ ინგლისელებს ერთადერთი ლელო ფოთელმა ბიჭმა (დიმიტრი ბასილაიამ) რომ დაუდო? არ მგონია, რომელიმე ფოთელ ფეხბურთელს ასეთი რამ გაეკეთებინა, თორემ ეს გვეცოდინებოდა ყველას, ამით ძალიან გახარებულები ვიქნებოდით და ყველანი, ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივრები ერთად ვიამაყებდით.

ცხადია, პრობლემა აქვთ და გაღიზიანებულები არიან. თუმცა ეს პრობლემა რაგბის არ შეუქმნია. პირიქით, მისაბაძი მაგალითია რაგბი, თითოეული მორაგბე და რაგბის ოჯახი, რომელმაც საოცარი რამ მოახერხა და არაფრისგან (მატერიალურ ბაზას ვგულისხმობ) შექმნა ის, რაც დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო ასოცირდება წარმატებებთან, თავდადებასთან და საქმის სიყვარულთან.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ერთი კინო არ აქვს ქალაქსო და სწორედ ეს არის პრობლემა - მორაგბეების მიერ ქალაქის "ოკუპაციას" კი არ უნდა მიეწეროს ფეხბურთის სავალალო დღე, არამედ სხვა მიზეზს. კინოც (კლუბი) მორაგბეებმა შეიწირეს? რა თქმა უნდა, არა! ამაზე საუბარი, მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვყვანს და ამიტომ დავასრულებ ჩემს "კირკიტს".

კირკიტს ხუმრობით ვამბობ, თორემ რომ ჩაუკირკიტდეს კაცი, იმასაც იტყოდა, რომ რაგბისადმი არაკეთილგანწყობა ფილმის ბოლოს, ტიტრებშიც გამოჩნდაო - როგორც წესი, ფილმზე მომუშავე ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ხელმძღვანელობას, "რაგბი არენის" ხელმძღვანელობასაც, მაგრამ არა ფოთის სარაგბო კლუბზე მართლა გადამკვდარ და დიდი დამსახურების მქონე მწვრთნელს, ამირან შავგულიძეს, მეტსახელად "პიკასოს".

არადა, ფილმში მორაგბეთა მწვრთნელი საკმაოდ კონსტრუქციულად ასაბუთებს რაგბის არსებობის ლოგიკურობას ფოთში და მხოლოდ ერთხელაა ემოციური, ოღონდ არაუწმაწური - ესეც, ალბათ, არასწორად დასმული კითხვის ან რაღაც გაუგებრობის მიზეზით.

საქართველოში რაგბის არსებობის მანძილზე სარაგბო ოჯახი საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდა. საზოგადოების თვალში რაგბი ამან გამოარჩია და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. რაგბის ოჯახი, რომლის განუყოფელი ნაწილია რაგბის ქომაგი, ამაყობს ამ იმიჯით. ცოტა მეჩოთირება, მაგრამ ფილმის სათაურმა, "მდგმურებმა", "ჯაყოს ხიზნები" გამახსენა. და ფოთში მორაგბეების სტადიონზე არსებულ სიტუაციაში ბარბაროსი, მომგონსაგინებელი რაგბი თუ მორაგბე მაგრად ჰგავს ჯაყოს? რაღაც უადგილო შედარება გამოვიდა ან იქნებ გადავამეტე?

თავშივე ვთქვი, ფეხბურთი და რაგბი ძმები არიან-მეთქი და ძმებად დარჩებიან. ძალიან მაგრად მინდა, რომ ქართული ფეხბურთი მალე ავიდეს ქართული რაგბის სიმაღლეებზე და რომც გაასწროს, იმათ რატომ (დაფინანსებას და ყურადღებას ვგულისხმობ) და რაგბის რატომ არაო, ასეთ კითხვას,  დარწმუნებული ვარ, რაგბის ოჯახიდან არავინ დასვამს.

და ერთი კიდევ - ფეხბურთისა და რაგბის დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფეხბურთსაც და რაგბისაც არა მხოლოდ დიდი ტრადიციაც აქვს, მათ ჩვენს ეროვნულ სპორტად ვთვლით, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მთლად ჯენტლმენურ-კორექტული.

გიორგი მამარდაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს..რაგბმა დაიმსახურა და მიიღო,დაიმსახუროს სხვებმა და აუცილებლად მიიღებენ.არამგონია რომელიმე სპორტი დაიჩაგროს
სოლომონი
16 ნოემბერი 2016 20:15
0
ბიჭებმა მალთაყვის მოედანი ტყისგან გაკაფვის შემდეგ მიიღეს,თავისი ძალებით გააკეთეს მოედანი რომელიც ტყე იუო და ბარ-ლაფათქი არ გაუგდიათ ხელიდან.მაშინ სად იყო ეს ხალხი და გული რატო არ შესტკიოდათ რაგბზე..სწორედ ეს თავდადება და ერთმანეთის გატანაა დღევანდელი რაგბის წარმატების და განვითარების მიზეზი
კაკოო
16 ნოემბერი 2016 20:10
0
არასწორად მსჯელობ, რა შუაშია დევიზი, რა შუაშია ხელოვნური პოპულარბა? არ მოგწონს რაგბი? ნუ უყურებ, ნუ გულშემატკივრომ, სახლში შემოგივარდა ვინმე? რაგბი ჩემი თამაში იმიტომაა რომ გვაქვს დიდი პროგრესი, მორაგბეები თავდადებულად თამაშობენ და ამით დაიმსახურე ხალხის სიყვარული და პოპულარობა, წავაგეთ იაპონიასთან, დავკარგეთ შანსი მეათე ადგილის, დავქვეითდით რეიტინგში, მაგრამ ენა არ მიბრუნდება ცუდის სათქმელად, იმიტომ რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ჩადეს სული და გული, 80 წუთი 8 წამად მომეჩვენა. ესაა რაგბი და ის ჩემი თამაშია
ლადოს
16 ნოემბერი 2016 19:18
0
ფეხბურთი იმიტომ არის პოპულარული მარტივი წესები აქვს და აღსაქმელადაც ადვილია ფეხბურთის ყურებისას ყველას შეუძლია შეაფასოს თამაში, და ზოგადად ფეხბურთელები- ვინ კარგად და ვინ ცუდათ ითამაშა ამაში მარტივი წესებიც უწყობს ხელს, აი რაგბის თამაშის ნახვა, მის წესებში კარკვევა, თამაშის აღქმა და მორაგბეების შეფასება ვინ როგორ ითამაშა ეს სულ სხვა საქმეა ამას ფეხბურთის დონეზე გულშემატკივრობა არ ყოფნის.და ამიტომაც ჰყავს ნაკლები გულშემატკივარი რაგბს.
ჭიპი
16 ნოემბერი 2016 19:17
0
ვერ გავიგე რა უნდათ ამ ტოტალიზატორის უმაქნისებს. ოდესმე გვითქვამს რატომ აქვს ფეხბურთს ჩვენ არათქო? ისევ ფეხბურთზე იმედგაცრუებული გულშემატკივრები ამბობენ მაგას რაგბის მიეცით ამათი დაფინანსებაო.არც მანამდე არ იყო საქართველო ლეგენდარული ფეხბურთში მაგრამ გახდა მაგას თუ ლეგენდარულობა ჰქვია.ასე გახდება რაგბი. ბეტონზე ვთამაშობდით და ისე მივაღწიეთ წარმატებებს . რაგბის სტადიონია რაგბის ფედერაციამ ააშენა თუ ქართუ ჯგუფმა მისცა მისია და თუ გითმობენ მადლობა თქვითთ
giorgi
16 ნოემბერი 2016 19:16
0
მიზეზი მარტივია, თუნდაც ის ფრაზა: "რაგბი ჩვენი თამაშია.." პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ამბობს, რომ რაგბი არის პრიორიტეტული საქართველოში, რაც გულისხმობ იმას, რომ ფეხბურთზე მეტი ყურადღება რაგბს უნდა დაეთმოს.. ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა.. ხელოვნურად გახადო სპორტი ყველაზე პოპულარულად და მერე მას მიანიჭო პრივილეგიები, ღმერთმა ნუ ქნას და რაგბშიც გაგვიჭირდეს, მერე რა ვქნათ? ვიძახოთ რო ჭადრაკი ჩვენი თამაშია? მერე გადავიდეთ პინგ-პონგზე და ა,შ, იმ სპორტს მივაწვეთ რაშიც ყველაზე კარგი ვიქნებით, იმაზე არ ვიფიქროთ, რომ მართლა ლეგენდარული საფეხბურთო ფესვების მქონე ქვეყანა ვართ..
lado
16 ნოემბერი 2016 18:24
0
რაგბიც და ფეხბურთის სპორტის ულამაზესი სახეობებია და ჩვენტვის ორივე ძალიან ძვირფასია. მაგრამ ამ ფილმის პათოსი არის არაკაცური და ვერაგული, მიმარტული ამ სახეობების დასაზიანებებლად და გულუბრყვილო და ემოციური გულშემატკივრების გადასაკიდებლად.
დათო
16 ნოემბერი 2016 17:48
0
ვისაც რაგბი ესმის და მოწონს იმას ფეხბურთს ვეღარ აყურებინებ, იმდენად მოსაწყენია! ჩვენ კი ფეხბურთელების მიმბაძველები გვყავს, უჯიგრო მანეკენბი, ბალერინები...... ვისაც წინ პასი ვაჟკაცობა გონია ............
გიო
16 ნოემბერი 2016 17:16
0
ფილმის მიზანი ვერ გავიგე. სტადიონი რატომაც არ არის ფოთში ყველა ფოთელმა ვიცით, შეიჭამა ფული, არავინ არ დაისაჯა და იმიტომ. დარწმუნებული ვარ ფილმის ავტორებმაც კარგად იციან სინამდვილე, მაგრამ რატომ წაიყვანეს სიუჟეტი ასეთი გაურკვეველი მიმართულებით გაუგებარია. იქნებ განმარტონ რა უნდოდათ ეთქვათ. მაგარი უნიჭო და არაფრისმთქმელი ფილმია, ერთადერთი რაც ვიფიქრე ის არის ვიღაცა ფულის გამოყოფის ახალ კომპანიას გეგმავს და დაიწყო ამ უნიჭობით, მაგრამ რაგბი რა შუაში არის ვერ ვხვდები. სტუმარ მასპინძლობა კი ფოთელებს ნამდვილად არ გვეშლება. თავს თუკი ვინმე მდგმურად გრძობს ეს ისევ მათი (ფეხბურთის მესვეურების) ბრალია დიდი ფულЬიი ტრიალებს მანდ :) ასე რომ ჯერ ვიღაცეებს წითელი უნდა "ეენთოთ" და მერე ალბათ გზაც გამოჩნდება... გამოჩნდება კი ???
ზატო
16 ნოემბერი 2016 16:45
0
ფეხბურთი მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაშიც ყველაზე პოპულარული და ყურებადი სპორტია და ეს ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ ქართული რაგბი დღესდღეობით რამდენიმე თავით მაღლა დგას ფეხბურთზე. ისე კი ფეხბურთი რომ ბურთთან საუკეთესო თამაში, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს
nika
16 ნოემბერი 2016 16:31
0

სიახლეები პოპულარული