მათ ოფიციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ყრილობის მსვლელობისას ძალიან ბევრი იყო პროცედურული დარღვევა, რის გამოც დარბაზი დატოვეს. მათ შორის იყვნენ მოსკოვის ფედერაციის, კრასნოიარსკის მხარის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ფედერაციის, სანკტ-პეტერბურგის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის ფედერაციისა და პრემიერლიგის რვა საუკეთესო გუნდიდან ექვსის წარმომადგენლები. ამის საფუძველზე მამუკა ლოსაბერიძის მოწინააღმდეგე დელეგატები ყრილობის გადაწყვეტილების არალეგიტიმურად
ყოველივე ამას რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოპიევის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ დე იურე პრეზიდენტი ისაა და განაგრძობს ამ თანამდებობაზე მუშაობას. ცხადია, ამაზე სათანადო რეაქცია ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უმალ გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდს ამ მიმართვიდან:
"მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ამხანაგებო(?) და თანამებრძოლებო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბატონი კოპიევის გუნდისთვის რაგბი, ეს საკუთარი ამბიციების რეალიზაციის ინსტრუმენტია და არა ცხოვრების საქმე.
ბატონი კოპიევისა და ქალბატონი არტამონოვას (რაგბის კავშირის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის რაგბის კავშირის საბოტაჟისა. ეს არის უსუსური მცდელობა, შეინარჩუნონ ხელისუფლება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამჯერად, მათი მცდელობა ემყარება მოწოდებას, არ დაუშვან შეფერხება რაგბის კავშირის საქმიანობასა და ნაკრები გუნდების თამაშებში.
ისინი უგულებელყოფენ რაგბის კავშირის წესდებას, არღვევენ კანონს, როცა წინააღმდეგობას მიქმნიან მე, კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ჩემი მოვალეობის შესრულებაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის რაგბის კავშირის წესდების თანახმად, ყრილობის გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი მიღებისთანავე. ამიტომ რაგბის კავშირის ახალ ხელმძღვანელთა უფლებამოსილება ძალაში შევიდა 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
ყველამ ნახა, რომ ყრილობაზე კოპიევმა მომილოცა პრეზიდენტად არჩევა. ყრილობის გადაწყვეტილებით, ის აღარ არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი.
ყრილობის შედეგების თანახმად შედგა და ხელმოწერილ იქნა ოქმი, რომელიც პრეზიდენტად ჩემს არჩევას ადასტურებს. ამ ოქმების ასლები გადაიგზავნა რუსეთის სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტში.
ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რომ ყრილობის მსვლელობის დროს მოიპარეს ოფიციალური დოკუმენტები. ქურდები ვერ შეაჩერა ყრილობაზე სპორტის მინისტრის მოადგილისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირების ყოფნამ. ვაცხადებ, რომ ოფიციალური განცხადებით მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს დოკუმენტების დაკარგვის თაობაზე. საქმეს მივეცი ოფიციალური მსვლელობა და ის, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოგიწოდებთ ყველას, ნუ აჰყვებით რაგბის კავშირის ყოფილი ხელმძღვანელების პროვოკაციებს. შემდგარი არჩევნების ლეგიტიმურობა საეჭვო არ არის. სამწუხაროდ, ჩემს ოპონენტებს არ ჰყოფნით ვაჟკაცობა, ეს აღიარონ და იმუშავონ რუსული რაგბის საკეთილდღეოდ. მათთვის უფრო მისაღებია, ის დაანგრიონ, პრინციპით: "მაშ, ნურავის დარჩები". თუმცა, ასე არ გამოვა. კანონი და საზოგადოება ჩვენ მხარესაა და მაშასადამე, სამართლიანობა იზეიმებს".
როგორც ხედავთ, მხარეები ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. ორივე სამართალდამცავ ორგანოებში ჩივის, მაგრამ ჯერ კანონის დამცველები პასიურობენ. ერთა თასის გათამაშების დაწყებამდე კი თვეზე ოდნავ მეტი რჩება.
შეძლებს თუ არა ახალი პრეზიდენტი რუსეთის რაგბის კავშირში ვითარების დარეგულირებას და ნაკრები შეჯიბრებაში მონაწილეობას, უახლოეს მომავალში გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"