ექვსი ერი: არეკნების ომი

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესოდ დაიწყო. შარშან ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე ევროპამ ფიასკო განიცადა. ბებერი კონტინენტის ვერცერთი გუნდი მოწინავე ოთხეულში ვერ მოხვდა. უფრო მეტიც - მასპინძელი ინგლისი სულაც ჯგუფში ჩარჩა.

ინგლისელებმა მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, პირველად ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში, ეროვნული ნაკრების თავკაცად უცხოელი დანიშნეს. ავსტრალიელმა ედი ჯონსმა იაპონიის ნაკრებთან ერთად გაიბრწყინა და ნისლიან ალბიონელებს იმედი აქვთ, რომ მათი ეროვნული ნაკრები მისი ხელმძღვანელობით წარმატებას მოიპოვებს.

"პომებმა" პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს "მარიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან და დაძაბულ
ბრძოლაში 15:9 მოიგეს.

მატჩის შემდეგ "ნარშავების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა უკმაყოფილება გამოთქვა თავისი გუნდის თამაშის ხარისხის გამო:

"ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. უფრო ყურადღებით და ზუსტად რომ გვეთამაშა, ინგლისელებს დავამარცხებდით კიდეც. კარგი იქნებოდა, პირველი ტაიმის მიწურულს არეკნი ზუსტად დაგვერტყა და ანგარიშში დავწინაურებულიყავით. ამ შემთხვევაში თამაშის გაკონტროლებას შევძლებდით და ვინ იცის...

ერთი სიტყვით, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე, მალე ნებისმიერ გუნდთან შევძლებთ კონკურენციას".

ცხადია, ახალზელანდიელი კოლეგისგან განსხვავებით, ბევრად უკეთეს ხასიათზეა ინგლისელთა თავკაცი. მისი დებიუტი ამ ნაკრების თავკაცის პოსტზე წარმატებული გამოდგა.

"ჩვენ უპირატესობა პრაგმატულ თამაშს მივანიჭეთ. ამ მატჩში ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეგო და როგორ მოვახერხებდით ამას, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ახალი გუნდი, ახალი სათამაშო ელემენტები - ყოველთვის დიდ სირთულეებს ქმნის. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. იყო ინდივიდუალური გამობრწყინებებიც.

ბილი ვუნიპოლამ ბრწყინვალედ ითამაშა. ძლიერი მორაგბეა, შეტევაც და დაცვაც ერთნაირად კარგად ეხერხება" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა ნამატჩევს.

კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა შეხვედრა პარიზში. "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრებმა დიდი გაჭირვებით სძლია იტალიის ნაკრებს - 23:21.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ. ორქულიანი უპირატესობა "ლე ბლომ" თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მოიპოვა. თუმცა ბოლო იერიში იტალიელებმა განახორციელეს. მათ შანსი ჰქონდათ, გამარჯვება მოეპოვებინათ, მაგრამ გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა სერჯო პარისემ სრულიად მოულოდნელად არეკნი დაჰკრა და ააცილა.

"გაწბილებული ვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ კარგ პოზიციაზე ვიმყოფებოდი და შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, მაგრამ..." - თქვა მატჩის შემდეგ "სკუადრა აძურას" კაპიტანმა.

არადა, იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად ირჯებოდნენ და გამარჯვებას ალალად იმსახურებდნენ.

ფრანგების ახალ მწვრთნელს, ლეგენდარულ გი ნოვეს კი სამუშაო წინამორბედებმა, როგორც ჩანს, საკმარისზე მეტი დაუტოვეს.

ირლანდიის ნაკრებმა "ავივა სთედიუმზე" ვერ შეძლო უელსის ნაკრების დამარცხება. შეხვედრა, რომელიც უაღრესად მწვავე, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ფრედ,  16:16 დასრულდა.

ექვსი ერი. I ტური
საფრანგეთი-იტალია 23:21
საფრანგეთი (15-9) მედარი (დუსენი 78), ბონევალი, ფიკუ (მერმოსი 57), დანტი, ვაკატავა, პლისიონი, ბეზი (მაშენო 69). (1-8) ბენ არუსი (ატონიო 51), ჟირადო, სლიმანი (პუარო 51), ჟედრასიაკი (ფლანკარი 73), მაესტრი, ლორე, შული, პიკამოლი (კამარა 16).
3ლ: ვაკატავა, შული, ბონევალი. 2ს,გ: პლისიონი.
იტალია: (15-9) ოდიეტე (მაკლინი 56), სარტო, კამპანარო, გარსია (ჰაიმონა 70), ბელინი, კანა (პაიაზანი 78), გორი. (1-8) ლოვოტი (ზანუსო 66), გეგა (გიაზონი 57), ჩიტადინი (კასტროჯოვანი 66), ბიაჯი (ბერნაბო 44), ფუზერი, მინტო, ძანი (სკალვიკი 67), პარისე.
2ლ: პარისე, კანა. 2ს: კანა, ჰაიმონა. გ,ა: კანა.
მსაჯი: ჯი პი დოილი (ინგლისი)

შოტლანდია-ინგლისი 9:15
შოტლანდია (15-9) ჰოგი, მეთლენდი, ბენეტი, სკოტი, სეიმური (ტეილორი 67), რასელი, ლაიდლოუ. (1-8) დიკინსონი, (რიდი 58), ფორდი (მაკნეილი 65), ნელი (ფეგერსონი 69), რ.გრეი, ჯ.გრეი (სვინსონი 69), ბარკლი (ქოუანი 59), ჰარდი, დენტონი.
3ს: ლაიდლოუ.
ინგლისი (15-9) ბრაუნი, ვოტსონი, ჯოზეფი, ფარელი, ნოუელი, ფორდი, კერი (იანგზი 55) (1-8) მარლერი (მ.ვუნიპოლა 49), ჰართლი (ჯორჯი 77), კოლი, ლანჩბერი (ლოუსი 47), კრუსი, რობშო (კლიფორდი 67), ჰასკელი, ბ.ვუნიპოლა.
2ლ: ნოუელი, კრუსი. ს,გ: ფარელი.
მსაჯი: ჯონ ლესი (ირლანდია)

ირლანდია-უელსი 16:16
ირლანდია (15-8) ზებო, ტრიმბლი, პეინი, ჰენშოუ, ირლზი (კირნი 72), სექსტონი (მადიგანი 72), მურეი. (1-8) მაკგრათი, ბესტი (კრონინი 76), ვაითი (ფარანგი 64), მაკკარტი (რაიანი 64), ტონერი, სტენდერი, ოდონელი (რადოკი 49), ჰისლიპი.
ლ: მურეი. 3ს,გ: სექსტონი.
უელსი (15-9) ლიამ ვილიამსი, ნორსი, ჯ.დევისი (ლოიდ ვილიამსი 72), რობერტსი, ჯეიმზი, ბიგარი (პრისტლენდი 22), გ.დევისი. (1-8) ევანსი (ჯენკინსი 53), ბოლდვინი (ოუენსი 64), ლი (ფრენსისი 63), ჩარტერისი (ბ.დევისი 62), ა.ჯოუნზი, ვერბარტონი (ლიდიატი 73), ტიპურიკი, ფალეტაუ.
ლ: ფალეტაუ. 3ს,გ: პრისტლენდი
მსაჯი: ჯერომ გარსეს (საფრანგეთი)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 1 1 0 0 +6 2
2. საფრანგეთი 1 1 0 0 +2 2
3. უელსი 1 0 1 0 0 1
4. ირლანდია 1 0 1 0 0 1
5. იტალია 1 0 0 1 -2 0
6. შოტლანდია 1 0 0 1 -6 0

II ტური
საფრანგეთი-ირლანდია
უელსი-შოტლანდია
იტალია-ინგლისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული