ინგლისელებმა მეოთხე ტურში უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს, რომელიც იქამდე დაუმარცხებელი იყო და 25:21 სძლია.
მასპინძლებმა ბრწყინვალედ ითამაშეს პირველ ტაიმში და მეტოქეს მშრალი ანგარიშით, 16:0 მოუგეს. შესვენების შემდეგ "წითელმა ურჩხულებმა" გასული წლის სექტემბერი გაიხსენეს, როცა ინგლისი მსოფლიოს თასზე ჯგუფში ჩატოვეს. თუმცა, ამჯერად მატჩის გადასარჩენად დრო არ ეყოთ.
76-ე წუთზე ტობი ფალეტაუს ლელო რის პრისტლენდმა გარდასახა,
ინგლისის ნაკრებს სლემის შესასრულებლად სტუმრად საფრანგეთის ნაკრების დამარცხება მართებს, რომელმაც სტუმრად წააგო შოტლანდიის ნაკრებთან - 18:29, რაც მოულოდნელობად სულაც არ იყო აღქმული.
"სკოტები" თამაშის ხარისხს სულ უფრო აუმჯობესებენ, რასაც ვერ ვიტყვით "ლე ბლოზე", რომელსაც გამოცდილმა სპეციალისტმა გი ნოვემაც ვერ უშველა. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ვერნ კოტერმა კი სრულიად გარდაქმნა "ნარშავების" გუნდი.
შოტლანდიელები ხელწამოსაკრავნი აღარ არიან და მათთან გამარჯვება სულაც არ არის ვინმესთვის გარანტირებული.
აი, იტალიის ეროვნული გუნდი კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ხის კოვზის" დაუფლების რეალური კანდიდატია. "სკუადრა აძურამ" ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო. ბოლო ტურში კი, სტუმრად ეთამაშება უელსის ნაკრებს, რომელთან დაპირისპირებაშიც გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ აქვს.
იტალიელებმა სტუმრად წააგეს სამარცხვინოდ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან - 15:58. "სამყურებმა" მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს. აქედან ორი ჯიმი ჰისლიპის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ეს "სამყურების" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებაში.
ექვსი ერი
IV ტური
ირლანდია-იტალია 58:15, ინგლისი-უელსი 25:21, შოტლანდია-საფრანგეთი 29:18
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 8 ქულა, 2. უელსი - 5, 3. შოტლანდია - 4, 4. საფრანგეთი - 4, 5. ირლანდია - 3, 6. იტალია - 0
V ტური
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია, საფრანგეთი-ინგლისი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"