ასეთი დონის მატჩისთვის, უცნაური ანგარიშის გარდა, უჩვეულო ისიც იყო, რომ "ოლ ბლექსის" ლიდერმა და კაპიტანმა რიჩი მაქოამ, რომელმაც ეროვნულ გუნდში 106 კეპი მოიხვეჭა, რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა.
ცხადია, ეს მწვრთნელის მიერ მოფიქრებული ტაქტიკური გადაადგილება არ იყო. უბრალოდ, ამ პოზიციაზე მოთამაშე კირან რიდი ტრავმირებული გახლდათ და მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა მის ნაცვლად მაქოას დაყენება გადაწყვიტა.
გაუმართლა კიდეც. მან ახალგაზრდა სემ კენს საშუალება მისცა, ფლანკერად
მატჩის შემდეგ რიჩის კლუბის, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" მთავარი მწვრთნელი ტოდ ბლეკედერი საგონებელში ჩავარდა. ის მაქოას შვიდი ნომრის პოზიციიდან საპირისპირო მხარეს, ექვს ნომერზე გადაყვანას აპირებდა და ახლა აღარ იცის, როგორ მოიქცეს. გამოსავალი დამრიგებელს ისევ მაქოამ მოუძებნა.
"არ მინდა, ამპლუა შევიცვალო. ისევ ფლანკერად მინდა ვითამაშო. ამ პოზიციაზე ასპარეზობისას ხომ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.
გასულ უქმეებზე კირან რიდი ტრავმირებული იყო და სხვა გზა არ მქონდა, უნდა შემეცვალა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც ეს გუნდისთვის იქნება უკეთესი. ამიტომაც ვითამაშე ირლანდიასთან რვა ნომერზე. მინდა მომავალში ისევ ფლანკერი ვიყო, რადგან სწორედ ამ პოზიციაზე შემიძლია გუნდს ყველაზე მეტი სარგებლობა მოვუტანო.
ცხადია, რვა ნომერზე თამაშისას ცოტა განსხვავებული ემოცია მქონდა. არ ვიყავი მიჩვეული იმ სათამაშო უნარებს, რაც შერკინების შემკვრელს სჭირდება. ისე კი, მინდა გულახდილად ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა. დიდი სიამოვნება მივიღე, მით უფრო, რომ მეტოქეს დიდი ანგარიშით ვძლიეთ.
საინტერესოა, რომ ლიამ მესამთან და სემ კენთან ერთად მესამე ხაზში პირველად ვითამაშე. ამიტომ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა საიმისოდ, რომ ერთმანეთის გაგვეგო, შევთამაშებულიყავით. ვფიქრობ, საბოლოოდ ცუდად არ გამოვიყურებოდით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"