ქართველები ესტონური რაგბის წინა ხაზში

AutoSharing Option
გაიცანით "ტარტუს ლელოს" - ბალტიის ქვეყნებში რაგბის მგეზავი კლუბი

საქართველოს რაგბის სკოლას მდიდარი ტრადიცია აქვს და სამართლიანად დაიმსახურა სიმპათია მილიონობით სპორტის მოყვარულებში მთელ მსოფლიოში.

ამ ტრადიციებს საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, როდესაც ქართველი მორაგბეები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 1966 წელს თბილისის "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ვერცხლისმედალოსანი, თბილისის "ლოკომოტივი" 4-ჯერ (1968, 1972, 1978 და 1981 წლებში) იყო საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი, ქუთაისის "აია" კი სამჯერ ზედიზედ (1987-1989 წლებში) სსრკ-ის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიუხედავად
ქვეყანაში არსებული სიძნელეებისა, ქართველმა მორაგბეებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ათეული ქართველი მორაგბე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის კლუბებში თამაშობს და ყველგან წონად სიტყვას ამბობენ.

ჩვენ მოგითხრობთ ქართველ მორაგბეებზე ესტონეთში, იმაზე, თუ როგორ გახდა ესტონეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოფილი ქართველი მორაგბე ზაზა ძინძაძე და იმაზეც, თუ როგორ მოხვდნენ ზაზას ვაჟი დავითი-სანდრო და ძმები ლევან და მამუკელი გორელაშვილები ესტონეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებში.

მოგიყვებით იმის შესახებაც, როგორ გახდა ესტონეთის ჩემპიონი გუნდი "ტარტუს ლელოს".

შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ზაზა ძინძაძე ითვლება ესტონეთში რაგბის ერთ-ერთ ფუძემდებლად, იმ ქვეყანაში, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მაგრამ ჯერ კიდევ სათქმელი აქვს თავისი სიტყვა რაგბიში.

ივლისის ბოლოს ესტონეთში ყოფნისას შევხვდით ზემოხსენებულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელს. ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მათ შორის არის 45 წლის ზაზა ძინძაძე - ესტონეთის რაგბის ნაკრებისა და ესტონეთის ჩემპიონის, კლუბ "ტარტუ ლელოს" მთავარი მწვრთნელი.

- ბატონო ზაზა, რაგბის სტაჟიან ქომაგებს ახსოვხართ ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან. საიდან, როგორ მოხვდით ესტონეთში?
- ეს საინტერესო ისტორიაა. რაგბის თამაში დავიწყე 10 წლის ასაკში მშობლიურ თბილისში. ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ ცნობილი სპეციალისტები ბათუ კევლიშვილი და მალხაზ კოროშინაძე. მათ ბევრი რამ მომცეს, როგორც ახალგაზრდა მორაგბეს.

16 წლისა მოვხვდი თბილისის "ლოკომოტივში", რომელიც სსრკ-ის ჩემპიონატში გამოდიოდა. "ლოკომოტივის" მწვრთნელი იყო თემურ ბენდიაშვილი. მე სრულიად ახალგაზრდა ვიყავი და თანდათან, ეტაპობრივად გავხდი ძირითადი გუნდის წევრი.

შემდეგ იყო სამხედრო სამსახური 1987-1988 წლებში. ჯარშიც ვთამაშობდი რაგბის და ვმონაწილეობდი სსრკ-ის შეიარაღებული ჯარების ჩემპიონატში და საპრიზო ადგილებიც დავიკავე.

მერე ისევ დავბრუნდი "ლოკომოტივში" და ვთამაშობდი ძირითად შემადგენლობაში, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს გადავედი თბილისის "მიმინოში", რომელიც სსრკ-ის პირველ ლიგაში გამოდიოდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ გავაგრძელე თამაში "მიმინოში" საქართველოს ჩემპიონატში. მიწვევდნენ ეროვნულ ნაკრებშიც.

რაგბის ვთამაშობდი 2001 წლის ბოლომდე. იმ წელიწადს "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გავხდი საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ გავემგზავრე ესტონეთში, თუმცა ამ ქვეყანაში დროდადრო ადრეც ჩამოვდიოდი.

- ესტონეთში მოწვევით ჩახვედით თუ თავგადასავალს ეძებდით?
- ისიც და ისიც. ჩემი თბილისელი თანაკლასელი კოტე ხიზდერი ცხოვრობდა ესტონეთში, ბიზნესით იყო დაკავებული და მან მირჩია აქ ჩამოსვლა.

მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ დაოჯახებული არ ვიყავი. ბიზნესმენი ესტონეთშიც ვერ ვიქნებოდი და ისევ რაგბით დავკავდი. ვიცნობდი აქ მცხოვრებ დაღესტნელ მორაგბეს მაგომედ აბუბაკაროვს, რომელიც ადრე თამაშობდა კალინინგრადის კლუბში რუსეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში. მას ესტონეთში ბიზნესი ჰქონდა და რამდენადაც შესაძლებელი ოყო, ხელი შეუწყო რაგბის გუნდის შექმნას ესტონეთში.

თავდაპირველად ვცხოვრობდი ტალინში და შემდეგ გადავედი ტარტუში. იქ 2005 წელს შევქმენი გუნდი "ტარტუს ლელო".

ამ სახელის მეორე კომპონენტი სუფთა ქართულია. დავიწყე ახალგაზრდა მორაგბეების მომზადება. რაგბის კლუბები გაჩნდა ესტონეთის სხვა ქალაქებშიც. 2005 წლიდან დაიწყო ესტონეთის ჩემპიონატების გამართვა.

2010 წელს "ტარტუს ლელომ" ესტონეთის ჩემპიონობა მოიპოვა, 2011 წელს კი შვიდკაცა რაგბიშიც იჩემპიონა.

წლევანდელ ჩემპიონატში ჩვენს ამოცანად კვლავ რჩება, მინიმუმ, სამეულში მოხვედრა.

- თქვენს გუნდში თამაშობს სამი ქართველი მორაგბე, მათ შორის ,თქვენი ვაჟი. დანარჩენები საქართველოდან მოიწვიეთ?
- არა, ძმები ლევან და მამუკელი გორელაშვილები 2005 წლიდან ცხოვრობენ ტარტუში. ისინი თვითონ ჩამოვიდნენ აქ. სპორტსმენები არიან, თბილისში ხრიდოლით იყვნენ გატაცებულები და წარმატებებსაც აღწევდნენ.

აქ, ესტონეთში, დაიწყეს რაგბის თამაში. ფიზიკურად ძლიერი ბიჭები არიან, სულით ძლიერები და გონებაგახსნილები. ისინი გახდნენ ჩემი დასაყრდენნი. ორივე ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობს. მალე დაასრულებენ და ერთი ეკონომისტი გახდება, მეორე - იურისტი. ორივემ, რა თქმა უნდა, ისწავლა ესტონური.

ორივე "ტარტუს ლელოს" და ესტონეთის ნაკრების ლიდერები არიან. წარმატებული თამაშით დაიმკვიდრეს ადგილი ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში, გახდნენ წამყვანი მოთამაშეები. ესტონეთის ეროვნულმა ნაკრებმა უკვე ჩაატარა ბევრი საერთაშორისო მატჩი და ძმებმა ამ თამაშებში თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს.

ჩემი შვილი დავით-სანდრო ასევე მოწადინებულია. ჩვენი კლუბი და ნაკრები მრავალეროვნულია - ერთად თამაშობენ ესტონელები, ქართველები და რუსები.

- მაგრამ ჯერ ესტონელმა მორაგბეებმა და ნაკრებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას...
- ეს ასეა, იმიტომ, რომ რაგბის ესტონეთში არა აქვს დიდი ტრადიციები, ჩემპიონატი იმართება 2005 წლიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ რაგბი ესტონეთში უფრო პოპულარული იქნება და მეტი წარმატებებიც მოვა. იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები და კომპანიები დაგვეხმარებიან რაგბის - ამ მამაცი და რაინდული სპორტის სახეობის განვითარებაში. ესტონელები შრომისმოყვარე და ნიჭიერი ხალხია. ასე რომ, პროგრესი იქნება.

- გავიგე, რომ საქართველოს რაგბის კავშირი დაგეხმარათ...
- საქართველოში ბევრი მორაგბე მეგობარი მყავს, მათ შორის, რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელთა შორის. როდესაც მათ შეიტყვეს, რომ ესტონეთში ჩვენ შევქმენით გუნდი "ტარტუს ლელო", რომელიც წარმატებებს აღწევს, კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის ინიციატივით, საჩუქრად გამოუგზავნეს ჩვენს გუნდს ფორმების კომპლექტი, რისთვისაც ძალიან მადლობელნი ვართ.

ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, მოკითხვა გადასცეთ ყველა ჩემს ნაცნობს და გულშემატკივარს საქართველოში. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მორაგბეებს.

* * *
ამის შემდეგ ტალინში შევხვდით ძმებ მამუკელი და ლევან გორელაშვილებს. ისინი 26 და 27 წლისანი არიან, 2005 და 2006 წლებიდან ცხოვრობენ ესტონეთში.

ლევანმა გვითხრა:

"პატარაობიდანვე სპორტით ვიყავით დაკავებული. ხრიდოლში ვიყავით საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები. მაშინ თბილისში ვცხოვრობდით. ესტონეთში სიძნელეები არ შეგვხვედრია. ერთადერთი პრობლემა პირველ ეტაპზე იყო ის, რომ ესტონური ენა არ ვიცოდით, მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიმეცადინეთ და ეს პრობლემა გადავჭერით.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლუბი "ტარტუს
ლელო" იტყვის თავის სიტყვას, ხოლო ესტონეთის ეროვნული ნაკრები დროთა განმავლობაში მიაღწევს ახალ წარმატებებს".

გავა დრო, შესაძლოა მხოლოდ 10-15 წელი და როდესაც ესტონეთი მიაღწევს წარმატებებს რაგბიში, აღნიშნავენ, რომ ზაზა ძინძაძემ, მისმა ვაჟმა დავით-სანდრომ, ძმებმა მამუკელი და ლევან გორელაშვილებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ესტონეთის რაგბის განვითარებაში. ისინი სამუდამოდ შევლენ ესტონეთის რაგბის ისტორიაში, როგორც სპორტსმენები და როგორც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზატორები ბალტიის ამ ქვეყანაში.

რაგბის თამაშს ესტონეთში არ მოაქვს რაიმე სერიოზული მატერიალური კეთილდღეობა. ჯერჯერობით ყველაფერი სპორტსმენების ენთუზიაზმზე, ხელისუფლების და ცალკეული ბიზნესმენების ყურადღებაზეა დამოკიდებული.

თენგიზ პაჭკორია, ტალინი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული