არგენტინელების ახდენილი ოცნება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ვილიამ ვებ ელისმა ბურთს ხელი დასტაცა და გაიქცა, რაგბის განვითარების ისტორიაში ბევრი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა მოხდა.

სამწუხაროდ, რაგბი ძალიან გვიან გახდა პროფესიული სპორტის სახეობა. ასევე გვიან დაიწყო მსოფლიოს თასის გათამაშება. პირველად პლანეტის საუკეთესო გუნდის სახელისთვის მებრძოლი პრეტენდენტი ქვეყნები 1987 წელს შეიკრიბნენ.

ამჯერად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის კარიბჭესთან ვდგავართ. 18 აგვისტოდან ახალი ტურნირი, ოთხი ერის გათამაშება დაიწყება, რომელშიც ახალი სარაგბო ერი - არგენტინა იასპარეზებს. ამ მიზნისკენ "პუმები" დიდი ხანია მიდიოდნენ და თავიანთი თავდადებული თამაშის, შრომისა და გარჯის წყალობით,
საწადელს მიაღწიეს კიდეც.

არგენტინის ნაკრები 18 აგვისტოს კეიპთაუნში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რითაც საბოლოოდ გაიღება მყარად დაგმანული კარები, რომელიც ბობოლებს რაგბის დანარჩენ სამყაროსგან ჰყოფს.

არგენტინის ეროვნული გუნდი ერთადერთი იყო, რომელსაც ელიტური გუნდების ტურნირებში ასპარეზობა არ უწევდა, თუმცა საერთაშორისო არენაზე, კერძოდ კი, მსოფლიოს თასების გათამაშებებში, წარმატებას აღწევდა.

რაგბის განვითარების ამ ახალი ეტაპის სათანადოდ შეუფასებლობა შეუძლებელია. ის დაახლოებით ისეთივე მოვლენაა, რაც ევროპულ რაგბიში მოხდა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, როცა მეექვსე ერად იტალიის ნაკრები ხუთი ერის ქვეყნებს დაემატა.

"არგენტინელთა ეს საოცარი წინსვლა მსოფლიოს რაგბიში არ მოხდებოდა, რომ არა დაუცხრომელი ენერგია, ლტოლვა და მონდომება მთლიანად არგენტინული რაგბის თემის და განსაკუთრებით, "პუმების" ყოფილი ცხრა ნომრის, არგენტინის რაგბის კავშირის ამჟამინდელი დირექტორის, ავგუსტინ პიშოს გარჯა." - თქვა სანზარის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა.

პიშო ახლა 37 წლისაა. ის არგენტინის ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და ეროვნულ გუნდში 71 კეპი მოიხვეჭა. მისი მონაწილეობით "პუმებმა" "თვიქნემზე" სძლიეს ინგლისის ნაკრებს. ეს კი ძალიან ცოტას თუ ხელეწიფება.

რაც მთავარია, პიშო იყო იმ შესანიშნავი გუნდის წამყვანი მორაგბე, რომელმაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ "პუმებმა" ორჯერ დაამარცხეს მასპინძელი, საფრანგეთის მრისხანე ნაკრები, რომელიც ნებისმიერი რანგის ტურნირზე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

ცხადია, არგენტინელთა მიერ განვლილი ეს გზა სულაც არ იყო მუდამ ია-ვარდით მოფენილი.

"ცნობილია, რომ როგორც ყველა თამაშში, რაგბიშიც ორი ტაიმია, ანუ სიმბოლური შედარებით - არსებობს აღმასვლის პერიოდები და წარუმატებლობის მთელი ჯაჭვი. ჩვენ ეს ყველაფერი ურთულეს პირობებში გავიარეთ. მიზანი ერთი გვქონდა, ყველა წინააღმდეგობა დაგვეძლია და წინ გვევლო.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთვის კარი მსოფლიოს სარაგბო საძმოში ჩარაზული იყო, მაგრამ როგორც კი საშუალება მოგვეცემოდა, ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ უსამართლოდ ვიჩაგრებოდით.

არგენტინულ რაგბის თემს მუდამ ექნება სურვილი განვითარდეს, პროგრესი განიცადოს. ჩვენ ვიბრძოდით და დღემდე გვჯერა, რომ რაც მივიღეთ, სამართლიანად გვერგებოდა.

ვფიქრობ, არგენტინის ნაკრები ოთხი ერის გათამაშებაში ისეთივე იქნება, როგორიც მსოფლიოს თასის გათამაშებაზე იყო. ყოველ ჯერზე ჩვენ ასი პროცენტით ვიხარჯებით. ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ ვიცით, რომ საამისოდ ძალიან დიდი გზის გავლა მოგვიწევს. ამისთვის მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი არგენტინა ამაში 100 პროცენტით მხარს გვიჭერს.

გუნდმა მზადების ძალიან რთული პერიოდი გაიარა. ზაფხულში მორაგბეებს, ფაქტობრივად, არ დაუსვენიათ. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ასეთია ტურნირის ფორმატი. უბრალოდ, არჩევანი არ გვაქვს. ეს არ არის ჩვენთვის წელიწადის საუკეთესო დრო, მაგრამ თუ სხვა ვარიანტი არ არსებობს, რა უნდა ჰქნა?

დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, არგენტინელი მორაგბეები, რაც შეუძლიათ, ყველაფერს იღონებენ. ეს ძალიან კარგი, სასარგებლო ტურნირი იქნება. შევეცდებით, კვირიდან-კვირამდე მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ ჩვენი სიძლიერე" - თქვა ავგუსტინ პიშომ.

არგენტინის ნაკრების გასაძლიერებლად მთავარ მწვრთნელ სანტიაგო ფელანს კონსულტანტად ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გრემ ჰენრი დაუნიშნეს. მიუხედავად ამისა, ფელანს მიაჩნია, რომ თავის გუნდს წარმატების მიღწევის ძალიან მცირე შანსი აქვს.

ფელანის გუნდში აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეები არიან. თუმცა რამდენიმე ინგლისში, "ავივა პრემიერშიპშიც" თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა არგენტინული რაგბის ლეგენდამ, შუამარბმა ფელიპე კონტეპომიმ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გუნდს შესანიშნავად გეზავდა. მან "პუმების" ყველა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სამაგიეროდ, "პუმებს" დაუბრუნდა მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი, რომელმაც შარშამ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება ტრავმის გამო გამოტოვა.

არგენტინის ნაკრები
ჰორასიო აგულა (ბასი), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), მარკოს აიერსა (ლსტერი), მარსელო ბოსხი, მანუელ კარისა, ეუსებიო გინასუ (სამივე-ბიარიცი), მარტინ ბუსტოს მოიანო, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, ლუკას ამოროსინო (ხუთივე-მონპელიე), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), ხულიო ფერიასი (ტუკმენი), ხუან ფერნანდეს ლობე (ორივე-ტულონი), ალვარო გალიანდო, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმოფი, ხუან პაბლო ორლანდი (ოთხივე-მეტრო რასინგი), მარტინ ლანდაჰო, ტომას ლეონარდი (ორივე-ლოს პუმასი), მარტინ როდრიგესი, როდრიგო რონსერო, ნიკოლას ვერგალო (სამივე-სტად ფრანსე), ფედერიკო სანჩესი (ბორდო), ლეონარდო სენატორე (ლოს პამპასი), ტომას ვალეხოსი (ჰლანეჰლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული