ისმის კითხვა: სად არის რაგბის დიდების დარბაზი, რატომ არ არის ოვალური ბურთით თამაშის ისტორია ერთად თავმოყრილი?
საბედნიეროდ, ეს თემა მკვდარი წერტილიდან უკვე დაიძრა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრეტ გოსპერმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, მალე რაგბის დიდების დარბაზი ერთ კონკრეტულ ადგილას დაფუძნდეს.
სარაგბო მუზეუმები, ცხადია, ყველა ტრადიციულ სარაგბო ქვეყანას აქვს, თუმცა საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ერთად თავმოყრა დღემდე არავის უცდია.
ცხადია, საინტერესოა, სად შეიძლება
ან იქნებ რაგბის რომელიმე "ციხესიმაგრეში" (ძველ სტადიონზე)? გამორიცხული არ არის, რაგბის საერთაშორისო საბჭომ სულაც ალტერნატიული ვარიანტი, ერთგვარი სიახლე შემოგვთავაზოს.
მოდით, რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი ჩვენც განვიხილოთ. ინგლისის უორიკშირის რეგიონის ქალაქ რაგბის, ცხადია, სერიოზული პრეტენზია ექნება.
ოფიციალური ვერსიით, სკოლის მოსწავლე ვილიამ ვებ ელისმა ფეხბურთის თამაშისას ბურთი ხელში აიტაცა და კარებამდე ისე ირბინა. ამ ვერსიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიოს თასს მისი, ვებ ელისის სახელი ჰქვია.
მეორე პრეტენდენტი შოტლანდიის ქალაქი ედინბურგია. პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სწორედ ამ ქალაქში, სტოკბრიჯის ოლქში გაიმართა 1871 წელს. მას შემდეგ "ნარშავების" საასპარეზო არენა "მერიფილდი" გახდა, თუმცა პირველი მატჩის მნიშვნელობა არასდროს გაფერმკრთალდება.
საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არსებობს ლონდონის "თვიქნემის" სასარგებლოდ. ეს სტადიონი მსოფლიოში ყველაზე დიდი სარაგბო ნაგებობაა. აქვე მდებარეობს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელიც ყველაზე ადრე დაარსდა და რაგბის წესები შეიმუშავა. "თვიქნემმა" უკვე უმასპინძლა 1991 წლის მსოფლიოს თასის ფინალს. აქვე გაიმართება 2015 წლის მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის გადამწყვეტი მატჩიც.
როგორც არ უნდა თქვათ, მსოფლიოს სარაგბო სამყარო დუბლინის გარშემო ტრიალებს. აქ განთავსებულია რაგბის საერთაშორისო საბჭოს, ექვსი ერის, "ბრიტანელი ლომების", ევროპის თასების (ჰაინეკენის თასი, ემლინ ჩელენჯ კაპი) ორგანიზატორების ოფისები.
დუბლინში მდებარეობს ასევე "ტრინიტი კოლეჯი", რომელიც მსოფლიოში უძველესი სარაგბო კლუბია.
ბრიტანეთიდან ახლა კონტინენტურ ევროპაში გადავინაცვლოთ. საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზატორია. აქ რაგბი სამხრეთის რეგიონებში უფრო განვითარებულია, თუმცა დიდების დარბაზის მოწყობის უფლება, ალბათ, მაინც პარიზს ეკუთვნის.
აქაური კლუბები - "მეტრო რასინგი" და "სტად ფრანსე" ფრანგული რაგბის პიონერები იყვნენ. ქვეყნის პირველი ჩემპიონატის ფინალში 1891 წელს სწორედ მათ ითამაშეს.
იმ შეხვედრის არბიტრი გრაფი პიერ დე კუბერტენი იყო, რომელიც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელია.
ახლა მზერა სამხრეთ ნახევარსფეროსაც მივაპყროთ. ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ქალაქი ოქლენდი 1987 წელს პირველი მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალის მასპინძელი იყო.
აქვე გაიმართა 2011 წლის მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის ფინალური შეხვედრა ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე არის პატარა ქალაქი პალმერსტონი. აქ 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ორი მატჩი გამართა რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან.
პალმერსტონში შესანიშნავი სარაგბო მუზეუმია, რომელიც საყოველთაოდაა მიჩნეული ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული რესურსების მქონედ. მუზეუმი ჩარლზ მონროს სახლში მდებარეობს, რომელმაც 1870 წელს ქალაქ ნელსონში ახალი ზელანდიის ისტორიაში პირველი სარაგბო მატჩი მოაწყო.
საინტერესო მუზეუმია ღია ცის ქვეშ ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში. ტბის პირას, სანაპიროზე, ასფალტზე ხუთასამდე დიდი ზომის ფოტოა გამოფენილი, რომელშიც ახალი ზელანდიის რაგბის ისტორიაა მოთხრობილი, დასაბამიდან დღემდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"