საგულისხმოა, რომ რაგბი მსოფლიოს ოლიმპიურ ოჯახს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
2009 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ კონგრესზე შვიდკაცა რაგბი სპორტის ოლიმპიურ სახეობათა რიგებში მიიღეს.
მსოფლიოს საუკეთესო 12-12 ვაჟთა და ქალთა შვიდკაცა რაგბის გუნდები სამი წლის თავზე 10 500 სპორტსმენთან ერთად, რომლებიც 200-ზე მეტ ქვეყანას წარმოადგენენ, რიო დე ჟანეიროში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ თამაშებში ჩაერთვებიან.
ცხადია, რაგბის სამყაროსთვის ეს ამაღელვებელი მომენტია. ოვალური ბურთით თამაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს და ვითარდება.
"მოხარული ვართ, რომ მალე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მოგვიწევს. ეს არის შესანიშნავი საშუალება, მსოფლიოს სპორტის უდიდეს ფორუმზე საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინო, თავი მოაწონო და რაგბი შეაყვარო სულ უფრო მეტ ადამიანს მთელ მსოფლიოში.
სამი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიპიური თამაშებისთვის ღირსეულად მოვემზადოთ. ახლა შეჯიბრების დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლოთ. საბოლოო მიზანი კი, წარმატებული ტურნირის გამართვაა. დარწმუნებული ვარ, რიო იამაყებს იქ მოასპარეზე მორაგბეებით" - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ.
მომავალი ოლიმპიადის გრანდიოზულობაში დარწმუნებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე:
"დარჩენილი სამი წელიწადი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რათა ყველა პირობა შევუქმნათ სპორტსმენებს სრულფასოვანი ვარჯიშისთვის, დასვენებისა და ძლევამოსილი ასპარეზობისთვის. დარწმუნებული ვარ, რიო დე ჟანეიროს გარდაქმნა სწრაფი ტემპებით გაგრძელდება და ყველა, სპორტსმენები, ტურისტები და ბრაზილიელი ხალხიც უდიდეს ოლიმპიურ თამაშებს იზეიმებენ". - დასძინა მან.
"მოუთმენლად ველით ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის დებიუტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბრწყინვალე, უშეღავათო მატჩების მომსწრენი შევიქნებით.
"დეოდორო პარკის" რეკონსტრუქცია, სადაც რაგბის მატჩები გაიმართება, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება" - დაგვაიმედა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტო გიმარაეშმა.
"დარწმუნებული ვარ, სამი წლის თავზე ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ეს რიოსთვის, ბრაზილიისა და პროექტის ყველა მონაწილისთვის უდიდესი სიამაყის საგანი გახდება.
მოუთმენლად ველით შესაძლებლობას მთელ მსოფლიოს მხურვალე სალმით შევეგებოთ" - განაცხადა რიო დე ჟანეიეროს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა კარლოს ნუსმანმა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟთა და ქალთა შვიდკაცა რაგბის გუნდების შეჯიბრება "დეოდორო პარკის" ოლიმპიური კომპლექსის ერთ-ერთ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კალათბურთელთა, ბალახის ჰოკეისტთა, ცხენოსანთა, ხუთჭიდელთა და მსროლელთა შეჯიბრებები გაიმართება.
მსოფლიოს სარაგბო ოჯახი სოციალური ქსელების მეშვეობით უერთდებიან მომავალი ოლიმპიადისთვის მზადების ვნებათაღელვას. 2013 წლის შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონი, ახალზელანდიელი პორტია ვუდმენი ამბობს:
"ოლიმპიადა მასობრივი სპორტის ზეიმია. მოხარული ვიქნები ჩემს გუნდთან ერთად მასში მონაწილეობას თუ მივიღებ".
საფრანგეთის ნაკრების მგეზავი ტიერი ბურაუა:
"ოლიმპიადა - ეს წარმოუდგენელია. იქ თამაში ჩემი ოცნებაა. იმედი მაქვს, ის რეალობად იქცევა".
ჰოლანდიელი ვარსკვლავი კელი ვან ჰარსკამპი:
"შვიდკაცა რაგბი რომ ოლიმპიური სახეობაა, ეს უკვე ახდენილი ოცნებაა. თუ იქ თამაშის საშუალება მომეცემა, ეს უკვე ფანტატსტიკა იქნება."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"