"ბოკეს" რიგებში ოთხი ცვლილებაა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა გუნდის საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელიც ოთხი ერის გათამაშების პირველ მატჩში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბოკეს" თავკაცმა არგენტინელებთან საასპარეზოდ ოთხი ისეთი მორაგბე მიიწვია, რომლებსაც ივნისის ტესტებზე სამოასთან მოგებულ მატჩში არ უთამაშიათ.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მესამეხაზელი დუეინ ვერმულენი. სამოელებთან ამ პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მესამეხაზელმა პიერ სპისმა იასპარეზა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

მეორე ხაზში ფლიპ ფან დერ მერვეს შეცვლის ივანდერ კრუხერი, რომელიც წლეულს შესანიშნავ ფორმაშია. ის მეორე ხაზში ებენ ესტებეს შეუწყვილდება. ფან დერ
მერვე კი სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს.

ჰეინკე მეიერმა ნაკრებში დააბრუნა გამოცდილი მორაგბეები, ცხრა ნომერი ფური დუ პრი და შერკინების ბურჯი ხუთრო სტენკამპი. ორივე მათგანი "ბოკეს" თადარიგში იქნება.

"სტაბილური შემადგენლობის შენარჩუნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო. ამიტომ არგენტინასთან მატჩში ბევრი მოთამაშე არ შეგვიცვლია. შესანიშნავია, რომ ვერმულენმა ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაშია.

ივანდერ კრუხერმა კი წლეულს უდიდესი სამუშაო გასწია და ძირითადში თამაში ნამდვილად დაიმსახურა. როგორი საქმეა, სკამზე დასვა ისეთი დონის მოთამაშე, ფლიპ ფან დერ მერვე რომ არის. სასიხარულოა ასევე გამოცდილი მოთამაშეების - ფური დუ პრისა და ხუთრო სტენკამპის დაბრუნება. ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს.

არგენტინის ნაკრებთან შარშან მიღებული გაკვეთილი გვასწავლის, რომ ამ გუნდს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეპყრათ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად, კარგად მოემზადნენ და მათი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება.

ჩვენ არანაკლებ ბეჯითად ვიმუშავეთ. ახლა ყოველივე პრაქტიკულად უნდა განვახორციელოთ. ვფიქრობ, გუნდი უკეთ შეძლებს თამაშს, ვიდრე ეს ივნისში, სამოას ნაკრებთან მოახერხა" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა.

ამასობაში სამხრეთაფრიკულ რაგბიში აპარტეიდი გრძელდება, ოღონდ ამჯერად პირიქით, თეთრკანიან მოთამაშეებს ავიწროებენ.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაავალა გუნდებს, "ვოდაკომის თასისა" და "ზე რაგბის" გათამაშებაში განაცხადში სულ ცოტა, შვიდი შავკანიანი მორაგბე იყოლიონ. აქედან აუცილებელია, რომ ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ ხუთმა ითამაშოს.

"ვგრძნობთ, რომ ამ საკითხში ხელოვნურად უნდა ჩავერიოთ. ჩვენი მოსაზრებები პროვინციების ფედერაციებსაც გავაცანით და დაგვთანხმდნენ.

ამ გადაწყვეტილების მიზანი ის არის, რომ "ვოდაკომის თასსა" და "ზე რაგბის" გათამაშებაში შავკანიან მოთამაშეებს თავის გამოჩენის მეტი შანსი მივცეთ.

ეს ზოგადად რაგბის განვითარებას ქვეყანაში დიდ სტიმულს მისცემს. იმედი გვაქვს, "ბოკეს" თავკაცსაც არჩევანის გაკეთების მეტი შესაძლებლობა ექნება" - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.

საოცარია, მაგრამ რა დააშავა იმ თეთრკანიანმა მოთამაშემ, რომელიც მავან შავკანიანს სჯობია, მაგრამ ამ ეგრეთ წოდებული კვოტის შემოღების გამო ძირითადში თამაშის საშუალება არ მიეცემა.

სამხრეთი
აფრიკა
15. ვილი ლე რუ, 14. ბიორნ ბესონი, 13. ჯეი ჯეი ენგელბერხტი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრაინ სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. ივანდერ კრუხერი, 6. ფანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ბისმარკ დუ პლესი, 17. ხუთრო სტენკამპი, 18. კოენ ოოსტჰუიზენი, 19. ფლიპ ფან დერ მერვე, 20. სიია კოლიზი, 21. ფური დუ პრი, 22. პატრიკ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული