მსოფლიოს რაგბი ბიზნესისკენ მიიწევს

AutoSharing Option
დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მსოფლიოს რაგბის ირგვლივ მცირე თანხები ტრიალებდა და ბიზნესმენებისათვის სპორტის ამ სახეობაში ფულის დაბანდება წამგებიანად ითვლებოდა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა იმსხვრევა, მათ შორის, საქართველოშიც, რადგან ეროვნული ნაკრების რეგულარული წარმატება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყნის იმიჯსა და შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ახალზელანდიელ გულშემატკივართა შორის უფრო და უფრო მატულობს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ნაკრები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველწლიურად უფრო ნაკლებ ტესტ-მატჩს მართავს და "ოლ ბლექსის" დაპირისპირებების უმეტესობას ევროპის წამყვანი ქვეყნების მოედნები მასპინძლობენ.

უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში
ახალი ზელანდიის ნაკრები ლონდონში ხუთჯერ ეთამაშა ინგლისელებს, ხოლო "პომები" ახალ ზელანდიაში ტესტ-მატჩის გასამართავად ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იყვნენ ჩასულები.

ლოგიკურია ახალზელანდიელი გულშემატკივრის აღშფოთება. ინგლისს საკმაოდ ძლიერი სარაგბო ნაკრები ჰყავს. ამას დავუმატოთ გადავსებული "თვიქნემის" სტადიონი 80 000 გულშემატკივრით, რომელიც მე-16 მოთამაშის როლს ასრულებს. ეს ყოველივე გაცილებით წამგებიან პოზიციაში ტოვებს "ოლ ბლექსს", თუმცა ამ ფაქტს გააჩნია მეორე მხარეც.

ახალი ზელანდიის რაგბის ფედერაცია გაცილებით უფრო მეტ ფულად მოგებას ნახულობს ნაკრების გასვლითი მატჩების ჩატარებიდან, ვიდრე თუნდაც საშინაო შეხვედრებით.

"ოლ ბლექსის" მოთამაშეთა უმეტესობა წლიურად გაცილებით უფრო ნაკლებ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე ევროპულ კლუბებში მოთამაშე საშუალო დონის მორაგბეები. ერთადერთი მიზეზი, რაც აკავებს ახალზელანდიელ მორაგბეებს საკუთარ ქვეყანაში, ის გახლავთ, რომ რაგბის ფედერაცია ნაკრების სამწვრთნელო შტაბს უფლებას აძლევს, ეროვნულ გუნდში გამოიძახონ მხოლოდ შიდა ჩემპიონატსა და ზე რაგბის გათამაშებაში მონაწილე კლუბების შემადგენლობაში მოასპარეზე მოთამაშეები, ხოლო ლეგიონერებისთვის ნაკრების კარი მჭიდროდ არის დახურული.

ამიტომ ახალი ზელანდიის რაგბის ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს მოიძიოს დამატებითი ფინანსური სახსრები, რათა ეროვნული გუნდის კანდიდატებს დამატებითი ხელფასი გადაუხადოს, ხოლო დარჩენილი თანხით შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზე იზრუნოს.

ძალიან მიმზიდველად ჩანს ის ფაქტი, რომ "ოლ ბლექსის" ლონდონში ერთი სტუმრობა ინგლისელებს დაახლოებით 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რამხელა თანხის გადახდა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები თბილისს ესტუმროს?

ნებისმიერი ქვეყანა, სადაც განვითარებულია რაგბი, მზად არის უმასპინძლოს "ოლ ბლექსს", თუნდაც ეს იყოს სიძლიერით მეორე ეშელონის წარმომადგენელი კანადა ან ამერიკა, სადაც უკვე სისტემატურად ჩადის ახალი ზელანდიის მაორების ნაკრები, რომლის სტუმრობას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე და კარგადაც პიარდება, ხოლო ახალი ზელანდიის რაგბის ფედერაცია ამ ამბით დამატებით ფინანსურ შემოსავალს ღებულობს.

მსოფლიოს რაგბიში უკვე არსებობს ბრენდი - "ოლ ბლექსი", რომელიც ძალიან კარგ გაყიდვად პროდუქტად იქცა, პირველ რიგში, ნაკრების მოგებათა ხანგრძლივი სერიებისა და რეკორდული მაჩვენებლების გამო. ამიტომ უძლიერესმა საერთაშორისო კომპანიამ AIG-მ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა სპონსორობაზე ახალზელანდიელებთან და მათ კვართზე სწორედ ამ კომპანიის რეკლამას ვხედავთ, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია.

მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა და მცდელობებისა, მაინც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალზელანდიელი მორაგბე უარს ამბობს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და ევროპაში მიემგზავრება საასპარეზოდ, ვინაიდან მან გარანტირებულად იცის, რომ ოჯახის შესანახ ფულს აუცილებლად გამოიმუშავებს და ეს საკითხი რისკის ქვეშ არ დადგება.

2015 წელს გასამართავ მსოფლიო თასისთვის გამალებით ემზადება ინგლისი. შესაბამისად, გასულ წელს რაგბის განვითარებაზე დახარჯულმა თანხამ 160 მილიონ გირვანქა სტერლინგს უწია. თავის მხრივ, ახალი ზელანდიაც ცდილობს, ამ თანხიდან ნახოს შემოსავალი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ესტუმრება ლონდონს.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ბრიტანული პრესაც კი მიმართავს კლაიდ ვუდვორდის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას და ახალი ზელანდიის ნაკრებს "ოლ ბლექსად" არ მოიხსენიებს, რაც მეტოქისადმი შიშის ფაქტორით აიხსნება.

გასულ კვირაში გავრცელდა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის ტესტ-მატჩებზე ინგლისის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზებს, რადგან კლუბები არ აძლევენ მოთამაშეებს საშუალებას, დიდი ხნით გაემგზავრონ ეროვნულ გუნდში.

რეალურად კი, ინგლისის რაგბის კავშირი ცდილობს მსოფლიოს თასის გათამაშებამდე აარიდოს ფსიქოლოგიური ზეწოლა და წინასწარ წაგებულ მატჩებში მონაწილეობის მიღება ინგლისის ნაკრების ლიდერებს. ერთი კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება კი "პომებს" ყოველთვის შეუძლიათ, რაც მათ დაამტკიცეს კიდეც 2012 წლის 1-ელ დეკემბერს, როდესაც "თვიქნემზე" "ოლ ბლექსს" 38:21 მოუგეს.

მომავალი ორი წლის განმავლობაში თუ ინგლისის სარაგბო ნაკრები ყველა შეხვედრას მოიგებს, მაშინ მათ საპრიზო თანხის სახით შეუძლიათ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოიმუშავონ. ექვსი ერის გათამაშების მოგება დიდი სლემით 600 ათას გირვანქად შეფასდა, თითოეული შემოდგომის ტესტ-მატჩის მოგება 250 ათასად (სულ სამი ტესტ-მატჩი), მსოფლიო თასზე ფინალში გასვლისთვის ინგლისელი მორაგბეები 1 მილიონ 750 ათასი გირვანქით დაჯილდოვდებიან, ხოლო თუ გადამწყვეტ მატჩში გაიმარჯვებენ, მაშინ საპრიზო თანხა თითქმის სამჯერ გაიზრდება - 4 მილიონ 865 ათასი გირვანქა სტერლინგი.

ამ ციფრებთან შედარებით სასაცილოდ მოჩანს ახალზელანდიელთა საპრიზო მონაგარი - თითოეული მატჩის მოგებისთვის ნაკრების მოთამაშე დაახლოებით 3 000-დან 10 000-მდე გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც საკმაოდ მცირე თანხაა და საბოლოო ჯამში, მსოფლიოს თასის მოგების შემთხვევაშიც კი არის შანსი, რომ "ოლ ბლექსის" რომელიმე მორაგბემ ორი წლის განმავლობაში საკუთარი ბიუჯეტი 100 000 გირვანქითაც ვერ შეავსოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს ციფრების მაშტაბები ღაღადებს იმაზე, რომ ფული და ფუფუნება ყველაფერს არ ნიშნავს.... ეს ისე ჩვენი ცნობიერებისთვის,(ვითომ ქართველი მწვრთნელ/ფეხბურთელების გასაგონად)... ამიტომ არის რაგბი ჯელტმენების და პატრიოტების თამაში.. -როცა რაგბს თამაშობ გავიწყდება ამბიციები და პატივმოყვარეობა, გახსენდება ბაბუის მონაყოლი საგმირო საქმეებზე,აქედან გამომგინდარე აცნობიერებ ვისი გვარისა ხარ... ეს ერთერთი ლეგენდარული რაგბისტის ფრაზებია!!! ამის მერე ხო არ სჯობს, რაგბის მივხედოთ (როგორც უმთავრეს სპორტს), და ფეხბურთმა ქირა იხადოს პაიჭაძეზე ამხანაგურების თამაშებზე, დარწმუნებული ვარ ბორის პაიჭაძე(როგორც დიდი პატრიოტი), დღევანდელი რეალობიდან ხელახლა გარდაიცვლებოდა ამ ჟღვლინტიანების შემხედვარე... აცხონოს უფალმა მისი სული!!!!!!!
torino
19:52 07-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული