ტრადიციულად, ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა სარაგბო სეზონი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.
4 ერის გათამაშება დაუმარცხებლად განვლო ახალი ზელანდიის ნაკრებმა და ღირსეულადაც მოიპოვა უძლიერესის ტიტული. ევროპაში უელსმა მოახერხა არაერთი პრინციპული მეტოქის დამარცხება და 6 ერის თასი მოიგო.
"ბრიტანელმა ლომებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი სიძლიერე - ავსტრალიურ ტურნეში დაამარცხეს სამმატჩიან დუელში "ვოლაბზი" - 2:1.
საბოლოო შედეგების შეჯამების შედეგად გთავაზობთ გასული წლის სიმბოლურ ნაკრებს.
15. ლეიგ ჰალფპენი
ფულბეკის პოზიციაზე საუკეთესოს რანგში ორი კანდიდატი განიხილებოდა - უელსელი ლეიგ ჰალფპენი და ავსტრალიელი ისრაელ ფოლაუ. "ვოლაბების" ფულბეკმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა 15-კაცა რაგბიში და ძალიან მალევე შეუცვლელ ფიგურად იქცა როგორც ავსტრალიის ნაკრებში, ასევე "ვორათაზისთვის", თუმცა 25 წლის ლეიგ ჰალფპენის მიერ მიღწეულმა სათამაშო პროგრესმა და მთელი სეზონის განმავლობაში ნაჩვენებმა მაღალი დონის რაგბიმ გვიბიძგა, სასწორი მის მხარეს გადაგვეხარა.
14. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია)
ბენ სმიტი ყოველთვის ითვლებოდა "ჰაილენდერზის" ლიდერად, თუმცა მას ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა. გასულ წელს ბენმა კორი ჯეინის ტრავმის შედეგად გაჩენილი მცირე შანსი 100%-ით გამოიყენა და "ოლ ბლექსის" რიგებში დაუვიწყარი მატჩები ითამაშა, რამაც საშუალება მისცა მას, ნაკრებში დამკვიდრებულიყო გარემარბის პოზიციაზე. ოთხი ერის გათამაშებაზე სმიტმა 8 ლელო გაუტანა მეტოქეებს და ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა.
13. ჯონათან დევისი (უელსი)
ამ პოზიციაზე საუკეთესოს არჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი გახლდათ - უელსელი ჯონათან დევისი თუ ახალი ზელანდიის უნივერსალი შუამარბი კონრად სმიტი. თუმცა, ვინაიდან ჯონათანი საკუთარი ნაკრებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე კონრადი, ამიტომაც უპირატესობას "დრაკონთა" ლიდერს მივანიჭებთ.
12. იან დე ფილიერსი (სამხრეთი აფრიკა)
ფრანგული "კლერმონის" შუამარბი ვესლი ფოფანა, რა თქმა უნდა, მსოფლიოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავია, თუმცა ეს სეზონი მაინც იან დე ფილიერსის აღმოჩნდა. სამხრეთაფრიკელი ვეტერანი მორაგბე მეორე ახალგაზრდობას განიცდის და კვლავინდებურად უაღრესად სახიფათოა შეტევაში, ხოლო დაცვითი ფუნქციის შესრულებისას - ყველაზე საიმედო.
11. ჯორჯ ნორსი (უელსი)
ჯონა ლომუს ეპოქის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ისეთი არავინ ჩანდა მსოფლიო ასპარეზზე, რომელიც თუნდაც ახლოს მივიდოდა საკუთარი სათამაშო სტილით და შეტევაში გადმოფრქვეული ენერგიით ახალზელანდიელ ზეკაცთან. 2013 წლის შედეგების შეჯამებით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ - უელსელთა გარემარბ ჯორჯ ნორსს აქვს იმის ტალანტი, რომ ეს შეძლოს.
10. ჯონი ვილკინსონი (ტულონი)
შესაძლოა, გულშემატკივართა შორის ბევრი ფიქრობს, რომ საუკეთესო მგეზავის წოდებას ახალი ზელანდიის და "ჩიფსის" მგეზავი აარონ კრადენი იმსახურებდა, თუმცა არ შეიძლება დავივიწყოთ ინგლისელი ჯონი ვილკინსონი და "ტულონის" მიერ მოგებული "ჰეინეკენის თასი".
ჯონის ტურნირის პლეი ოფის სტადიაზე არც ერთი დარტყმა არ გაუცუდებია და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის წარმატებაში.
9. რორი კოკოთი (კასტრი)
ფრანგული "კასტრის" 9 ნომერმა რორი კოკოთმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "კასტრს" სენსაციურად მოაგებინა გათამაშება. იგი ამ მარათონული ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. რორი შეტევასა და დაცვაში ერთნაირად საიმედო იყო. გუნდის გამართული თამაშის ხელმძღვანელობასთან ერთად, იგი ფეხჩუბინობითაც გამოირჩეოდა და გადამწყვეტი საჯარიმოების გატანით თავი არაერთხელ გამოიჩინა.
8. კირან რიდი (ახალი ზელანდია)
რაგბის საერთაშორისო საბჭომ და არაერთმა სპორტულმა გამოცემამ ახალი ზელანდიის კაპიტანი კირან რიდი 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დაასახელა. რიდი გასულ სეზონში, უბრალოდ, შეუდარებელი გახლდათ, რადგან იგი ყველა შეხვედრაში ახერხებდა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე დროულად მისვლას და შავი სამუშაოს შესრულებასთან ერთად, შეტევაშიც ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.
7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია)
დევიდ ფოქოქის არყოფნაში მაიკლ ჰუპერმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერის ფუნქციები ავსტრალიის ნაკრებში და მთელ სარაგბო მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვა საკუთარი პოტენციალი. ჰუპერი გახლავთ ახალი თაობის მორაგბე, რომელიც ნამდვილი ათლეტია, გამოირჩევა ბურთის ფლობის ტექნიკით და მოედნის ხედვით.
6. ლიამ მესამი (ახალი ზელანდია)
2013 წელი ლიამ მესამის კარიერაში გარდამტეხი გამოდგა. "ჩიფსის" უდავო ლიდერმა საკლუბო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო და ზე 15-ის საუკეთესო მორაგბედაც დამსახურებულად დასახელდა. წარმატებული საკლუბო ასპარეზობის შემდეგ ლიამმა შესანიშნავად ითამაშა "ოლ ბლექსის" რიგებში.
5. სემ ვაითლოქი (ახალი ზელანდია)
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სემ ვაითლოქი მაღალი სისწრაფით პროგრესირებს. მან უკვე 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და "ოლ ბლექსის" ერთ-ერთ შეუცვლელ ლიდერად იქცა. ძალიან შთამბეჭდავია მისი დომინაცია აუტში თამაშისას, რითაც უდიდეს სარგებელს იღებს როგორც "კრუზეიდერსი", ასევე ახალი ზელანდიის ნაკრებიც.
4. ებენ ეტზებეთი (სამხრეთი აფრიკა)
ებენ ეტზებეთი განაგრძობს ღვთის მიერ ბოძებული ტალანტის გაბრწყინებას. 22 წლის მორაგბეს არნახული პროგრესი ჰქონდა გასულ სეზონში და იგი კაშკაშებდა როგორც ზე 15-ის ტურნირზე "სტორმერსის" რიგებში, ასევე საკუთარი ნაკრების შემადგენლობაში. "ბოკეს" ახალი ვარსკვლავი ეზრდება, რომელშიც მაღალი დოზითაა შერწყმული მაღალი სათამაშო ტექნიკა და უდიდესი ფიზიკური ძალა.
3. ხუან ფიგალო (არგენტინა)
არგენტინის ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" 25 წლის ბურჯი ხუან ფიგალო მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობდა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახლდათ მისი ძალისმიერი თამაში ოთხი ერის გათამაშებაზე, სადაც ტოლი არავის დაუდო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაგბის თანავარსკვლავედში.
2. სტივენ მური (ავსტრალია)
2013 წლის დასაწყისში ავსტრალიის სამწვრთნელო შტაბი დიდად არ ენდობოდა სტივენ მურის სარაგბო ტალანტს და იშვიათად აძლევდა მას მოედანზე გამოსვლის საშუალებას. თუმცა ხანგრძლივი სეზონის მიმდინარეობისას, ზე 15-ში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის წყალობით მან მიიღო შანსი, რათა კვლავ დაბრუნებულიყო ეროვნულ გუნდში, რომელიც მშვენივრად გამოიყენა.
1. მარკოს აიერსა (არგენტინა)
მთელი სეზონის განმავლობაში არგენტინის შერკინების მწყობრი თამაში მნიშვნელოვნად იყო განპირობებული მარკოს აიერსას მშვენიერ სპორტულ ფორმაში ყოფნით. იგი ერთნაირად სასარგებლო გახლდათ როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას და არაერთი თავსატეხი შეუქმნა მეტოქეებს. აიერსა 30 წლისაა და მიუხედავად ამისა, კვლავ განაგრძობს დიდი ნაბიჯებით კარიერულ წინსვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"