11:30 19-11-2015
მეორე ჯონა ლომუ აღარ იქნება! - "რაგბის მეფის" გამორჩეული ლელოები [VIDEO]
AutoSharing Option
რაგბის ქომაგებისთვის ჯერაც ძნელად დასაჯერებელია, რომ მასზე ამიერიდან წარსულ დროში ვილაპარაკებთ. მიუხედავად ავადმყოფობისა, ის ყოველთვის ფიზიკურად ღონიერი, ჯანმრთელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლახან ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე იმყოფებოდა, სადაც ქომაგებისგან უდიდესი სიყვარულით იქნა მიღებული.
ძნელი გასახსენებელია მასზე უფრო პოპულარული მოთამაშე, რომელიც ასხივებს შინაგანი მომხიბვლელობით, ღირსეულობითა და პატიოსნებით. ჯონა ახალი ზელანდიის დიდი დესპანი იყო მთელ მსოფლიოში. ვეებერთელა ადამიანი იყო, გმირი არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
მისი გარდაცვალების ამბავი, ცხადია, ელვისებური სისწრაფით გავრცელდა, სოციალური მედია მისი ფოტოებითა და მასზე სტატიებითაა აჭრელებული, რაც უდავო დასტურია, რაოდენ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა მას მთელ პლანეტაზე. მის მაგალითზე იზრდებოდნენ მომავალი დიდი ვარსკვლავები, ის მათი შთაგონების წყარო იყო.
ლომუმ რაგბის თამაში 2002 წელს შეწყვიტა, როცა თირკმლის მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ის სიცოცხლეს დიალიზის საშუალებით ინარჩუნებდა.
აი, რას წერენ მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავები ჯონა ლომუს შესახებ:
ქორო ჯეინი (ახალი ზელანდია): "11 წლის ვიყავი, როცა მისი თამაში პირველად ვნახე. იმ დღიდან ის ჩემი გმირი გახდა და მუდამ ვოცნებობდი, მეთამაშა ისე, როგორც დიდი ჯონა ლომუ".
მამუკა გორგოძე (საქართველო): "ჩემთვის ჯონა ლომუ რაგბის მეფე იყო. კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ, მისი ბადალიც არავინ გამოჩნდება. როგორც ამბობენ, ლეგენდები არ კვდებიანო. ის ყველას ემახსოვრება, როგორც რაგბის მეფე".
ბრაიან ჰაბანა (სამხრეთი აფრიკა): "მისი უშიშარი ბრძოლა მოედანზე ყველასთვის გადამდები იყო. ძალიან ვწუხვარ..."
იზრაელ ფოლაუ (ავსტრალია): ნათელში იყოს შენი სული, ჩემო ძმაო. ძალიან მოვიწყენ უშენოდ, მეგობარო".
ჯონი ვილკინსონი (ინგლისი): "განადგურებული ვარ. უდიდესი ვარსკვლავი და შესანიშნავი ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დამწუხრებული ვარ".
ჯუსტ ფან დერ ვესტჰოიზენი (სამხრეთი აფრიკა): "მიჭირს, რამე დავწერო, რადგან ცრემლებით მაქვს სავსე თვალები. მადლობა ყველაფრისთვის, ჯონა. იძინე მშვიდად, ჩემო მეგობარო".
შონ ფიცპატრიკი (ახალი ზელანდია): "ფიქრებით ჯონას ოჯახთან ვართ. დიდი ადამიანი იყო, განსაკუთრებით, "ოლ ბლექსისთვის".
ლი ბირნი (უელსი): "ძალიან ბევრმა პატარა ბიჭმა მორაგბეობა ჯონას თამაშის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. დღევანდელი რაგბი მისი ქმნილებაა".
სემ ვერბარტონი (უელსი): "რაგბის თამაში ჯონა ლომუს ასპარეზობის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. ის ჩემი შთაგონების წყარო და ნამდვილი ლეგენდაა. ფიქრებით მის ოჯახთან ვართ".
ჯონ სმიტი (სამხრეთი აფრიკა): "საშინელი ამბავი შევიტყვე. მიყვარდა მისი თამაშის ყურება, მასთან და მის წინააღმდეგ თამაში. ვლოცულობ მის ოჯახთან ერთად".
ტანა უმაგა (ახალი ზელანდია): "მეორე ჯონა ლომუ აღარ იქნება. ყველაფერს ცდილობდნენ, მისი ზომის მოთამაშეებს ეძებდნენ, მაგრამ მისნაირი არავინ იყო. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, არც არასდროს იქნება".
გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია, მწვრთნელი): "ეს საშინელი შოკია. ჯონა ძალიან თავმდაბალი ბიჭი იყო, ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენდა. მის მორაგბეობაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ აღარ არის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან ვწუხვარ, ყოველმხრივ სჩანს რომ მართლაც დიდებული ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად. უფალმა აცხონოს შენი სული ლომუ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული