იაპონელთა ასეთი სითამამე ყველასთვის მოულოდნელი იყო. თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს გუნდი სწრაფი ტემპებით ვითარდება და წინ მიდის. მართალია, "წითელ ურჩხულებს" უამრავი წამყვანი მოთამაშე აკლდათ და, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობით იასპარეზეს, მაგრამ მათი მხრიდან მასპინძლებთან ასეთ სუსტ თამაშს არავინ ელოდა.
პირველი ტაიმის შემდეგ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ უელსელები მატჩს პირწმინდად დათმობდნენ.
იაპონია-უელსი 23:8
იაპონია: 2ლ - ვინგი, ბროდჰორსტი. 2გ,3ს - გორომარუ.
უელსი: ლ - პრაიდი. ს - ბიგარი.
* * *
მსოფლიოს თასის მფლობელმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქრაისთჩერჩში მეორე მატჩი მოუგო საფრანგეთის ეროვნულ გუნდს - 30:0.
"ოლ ბლექსმა", თუ შეიძლება ასე ითქვას, "ლე ბლოს" კატანაჩიო ეთამაშა. ფრანგები გამუდმებით უტევდნენ, მასპინძლები თავს იცავდნენ და კონტრიერიშებს საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ხელდახელ ბურთაობით იწყებდნენ.
მატჩის წინ ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცმა სტივ ჰანსენმა განაცხადა: ფრანგებთან ამ თამაშს ტაქტიკური სქემების დასახვეწად გამოვიყენებთო და შეასრულა კიდეც.
აქამდე "ოლ ბლექსი" ასეთი ტაქტიკით მოთამაშე არავის უნახავს. რაც მთავარია, ჰანსენის ჩანაფიქრმა გაამართლა და მრისხანე მეტოქეს ლიდერების - რიჩი მაქოასა და დენ კარტერის არყოფნაში მშრალი ანგარიშით მოუგო.
ახ. ზელანდია-საფრანგეთი 30:0
ახალი ზელანდია: 3ლ - სავეა, ბ.სმითი, ბარეტი. 3ს,3გ - კრადენი.
* * *
ჩვენი ყურადღება ბუენოს აირესისკენ იყო მიპყრობილი, სადაც საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე - არგენტინის ეროვნული გუნდი ინგლისს დაუხვდა და 25:51 დამარცხდა.
პირველ ტაიმში "პუმებმა" სტუმრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მასპინძლები 30-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც. ინგლისელებმა ანგარიშში დაწინაურება სწორედ ამ დროისთვის მოახერხეს - 13:12, ტაიმი კი ექვსი ქულის სხვაობით მოიგეს - 18:12.
შესვენების შემდეგ "პომებმა" არგენტინის ნაკრებს ბდღვირი ადინეს. მათ შვიდი ლელო გაიტანეს. აქედან ორჯერ არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა, ამდენივე გარემარბმა მერლენდ იარდემაც მიითვალა. ყველაზე შედეგიანი ინგლისელთა რიგებში მგეზავი ფრედი ბარნსი იყო, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (19 ქულა).
არგენტინელები, როგორც სჩვევიათ, ბოლომდე თავდადებით იბრძოდნენ, თუმცა ძირითადი შემადგენლობის 21 მოთამაშე აკლდათ და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მატჩში ბევრს ვერას გახდნენ. ნუგეშად "პუმების" ქომაგებს ინგლისელთა ჩათვლის მოედანში ორჯერ შეღწევა დარჩებათ.
არგენტინა-ინგლისი 26:51
არგენტინა: 2ლ - მონტერო, ლეონარდი. 4ს,2 - ბუსტოს მოიანო.
ინგლისი: 7ლ - საჯარიმო (2), იარდი (2), ბარნსი, ვებერი, ესტმონდი. 5გ - ბარნსი (4), მილერი. 2ს - ბარნსი.
* * *
კიდევ ერთი სენსაცია კინაღამ გამოცხვა დურბანში, სადაც სამხრეთ აფრიკის ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს მასპინძლობდა.
"ნარშავებმა" მეტოქეს პირველ ტაიმში სიურპრიზი შესთავაზეს: ისეთი დაცვა ააგეს, "ბოკემ" შეტევაში ვერაფერი მოახერხა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი ოთხი ქულის სხვაობით მოიგეს - 10:6 და მეორე ნახევრის დასაწყისში კონტრშეტევისას გატანილი ლელოთი 11 ქულით დაწინაურდნენ - 17:6.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მდგომარეობის გამოსწორება მომდევნო 13 წუთში შეძლო. "ბოკემ" დროის ამ მონაკვეთში ორი ლელო გაიტანა და 20:17 დაწინაურდა.
მატჩის ბედის გადამწყვეტი დასკვნითი ხუთი წუთი გამოდგა. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო გაიტანეს, მერე კი, თამაშის დასრულებამდე ერთ წუთით ადრე, გარდასახული ლელოც მიითვალეს - 30:17.
ს. აფრიკა-შოტლანდია 30:17
სამხრეთ აფრიკა: 3ლ - საჯაიმო, ენგელბერხტი, სერფონტეინი. 3გ - სტეინი (2), ლამბიე. 3ს - სტეინი (2), ლამბიე.
შოტლანდია: 2ლ - სკოტი, დანბერი. 2გ,ს - ლაიდლოუ.
* * *
სამოას ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწრაფად მზარდი გუნდია. კუნძულელებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე "ოთხთა ტურნირზე" იტალიის ნაკრები დაამარცხეს - 39:10.
არადა, საყოველთაოდაა აღიარებული, რომ "სკუადრა აძურაც" პროგრესს განიცდის.
სამოელებმა, რომლებიც, შესაძლოა, წლეულს ნოემბრის ტესტებზე თბილისშიც ვიხილოთ, მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. ყველაზე შედეგიანი გუნდში შუამარბი პაულ ვილიამსი იყო, რომელმაც გუნდს 17 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო).
სამოა-იტალია 39:10
სამოა: 5ლ - ვილიამსი, ლეოტა, ლეიუა, ტუიფუა, ვააულუ. 4გ - ვილიამსი (3), ანუფე. 2ს - ვილიამსი.
იტალია: ლ - საჯარიმო. გ - დი ბერნარდი. ს - ორკუერა.
* * *
არ გაუმართლათ მოლოდინი კანადის ნაკრების ქომაგებს. მიუხედავად იმისა, რომ "ნეკერჩხლის ფოთლები" ისეთი ძლიერები არიან, როგორც არასდროს, შინ ირლანდიის ნაკრების შესუსტებულ გუნდთან მაინც წააგეს - 14:40.
"სამყურების" რიგებში შეუდარებელი იყო გარემარბი ფერგიუს მაკფოდენი, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.
კანადა-ირლანდია 14:40
კანადა: ლ - არდრონი. 3ს - პრიტჩარდი.
ირლანდია: 6ლ - მაკფოდენი (3), ტრიმბლი, ოდონელი, კავე. 5გ - მადიგანი (3), ჯექსონი (2).
* * *
ბუქარესტში დასრულდა IRB-ის ერთა თასის მორიგი გათამაშება, რომელშიც ზედიზედ მეორედ მასპინძელთა ნაკრებმა გაიმარჯვა.
ტურნირში, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები - რუმინეთი და რუსეთი თამაშობდნენ.
"სტეჟარისგან" განსხვავებით, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო, რუსთა გუნდმა ყველა შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა.
უკანასკნელ ტურში რუმინელებმა მთავარ კონკურენტს, იტალიის A ნაკრებს მოუგეს - 26:13, რუსებმა კი არგენტინის A ნაკრებთან წააგეს - 17:30.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"