წლევანდელი ტესტების აღმოჩენა
ინგლისის ნაკრები წლევანდელი ტესტების აღმოჩენაა. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ "პომებს" ავსტრალია ზედიზედ სამჯერ დაემარცხებინა. სერია ინგლისელებმა 3:0 მოიგეს, სავსებით დამსახურებულად. "პომების" ასეთი აღზევება პირდაპირ უკავშირდება მათ ავსტრალიელ მწვრთნელ ენდი ჯოუნზს. ის 2003 წლის მსოფლიოს თასზე "ვოლაბების" მწვრთნელი იყო და მშობლიურ სიდნეიში სწორედ ინგლისელებთან წააგო მსოფლიოს თასის ფინალი. ჯოუნზს გადაწყვეტილი აქვს, "პომები" მსოფლიოს საუკეთესო გუნდად აქციოს. მას მიაჩნია, რომ მზად არის, ახალი
სამწუხაროდ, ინგლისი ივნისის ტესტების სერიაში მხოლოდ 2018 წელს შეხვდება "ოლ ბლექსს".
"მოხარული ვიქნებოდი, ახალი ზელანდიის ნაკრებს ხვალვე რომ ვეთამაშოთ. ვგრძნობთ, პროგრესი აშკარაა. არ გვინდა, ამაზე შევჩერდეთ. ახალი ზელანდიის ნაკრები შორს აღარაა. ბიჭები კმაყოფილნი არიან თავიანთი გარჯით, გამარჯვებას ზეიმობენ, მაგრამ არ ავიწყდებათ, რომ სრულყოფილებამდე, მიზნამდე, გახდნენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ".
შეგახსენებთ, რომ ედი ჯოუნზის ხელმძღვანელობით, ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო.
ცხადია, სრულიად სხვაგვარი განწყობაა ავსტრალიელთა ბანაკში. უკვე დაიწყეს საუბარი მთავარი მწვრთნელის, მაიკ ჩეიკას გუნდიდან გაშვების თაობაზე, მაგრამ მას ზურგს მედგრად უმაგრებს ავსტრალიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილ პულვერი.
"ჩეიკა მსოფლიოს დონის მწვრთნელია. მას სრულ ნდობას ვუცხადებთ. ის ახალ გუნდს აშენებს და საამისოდ დრო სჭირდება. ინგლისთან სერიაში ჩვენს ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ. ზოგიერთ კომპონენტში ვჯობდით კიდეც მეტოქეს", - თქვა მან.
მატჩი ბოლომდე ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ინგლისელებმა 44:40 მოიგეს.
ავსტრალიის ნაკრების მორაგბეებისთვის, ინგლისელთაგან განსხვავებით, სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ისინი უკვე მომავალ უქმეებზე ზე რაგბის გათამაშებაში ჩაერთვებიან.
სასტიკი შურისძიება
საფრანგეთის ნაკრებმა აქამდე არგენტინასთან წაგებულ ყველა თამაშზე ერთიანად იძია შური. "ლე ბლომ" სტუმრად არგენტინის ეროვნული ნაკრები მშრალი ანგარიშით, 27:0 დაამარცხა. ცხადია, მით უფრო, პირველ მატჩში მარცხის შემდეგ ფრანგებისგან ამას არავინ ელოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ "ლე ბლო", პრაქტიკულად, ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მონაწილე გუნდების წამყვანი მორაგბეები აკლდა.
არავინ ელოდა არგენტინელთა ასეთ უსახურ თამაშს. არადა, ისინი შესანიშნავ გამოცდილებას იღებენ ზე რაგბის გათამაშებაში. თითქმის ყოველ უქმეებზე მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან უწევთ თამაში.
მატჩის პირველი ტაიმი იმდენად დაძაბული იყო, რომ უჩვეულო ანგარიშით, 3:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ კი უპირატესობას მთლიანად "ლე ბლო" დაეუფლა და მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.
...და სხვები
ახალი ზელანდიის ნაკრებმა მესამე მატჩში საბოლოოდ გატეხა უელსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგობა - 46:6. "ოლ ბლექსის" ექვს ლელოს "წითელმა ურჩხულებმა" მხოლოდ ორი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, რაც ამ გუნდისთვის სრულიად უცნაური მოვლენაა. უელსი ლელოს გარეშე? უცნაურია. ახალი ზელანდიის ნაკრები ამტკიცებს, რომ ის ჯერ კიდევ საუკეთესოა პლანეტაზე.
საბოლოოდ ვერ გატეხა, მაგრამ სერია 2:1 მოუგო ირლანდიის ნაკრებს სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა გუნდმა. მესამე მატჩში "ბოკემ" გაჭირვებით, მაგრამ "სამყურები" მაინც დაამარცხა -19:13.
ივნისის ტესტები
ახ. ზელანდია-უელსი 46:6
ახ.ზელანდია: 6ლ - ბ.სმითი, მოალა, ბარეტი (2), კოლი, დაგი. 5ს,2ს: ბარეტი
უელსი: 2ს - ბიგარი.
ავსტრალია-ინგლისი 40:44
ავსტრალია: 5ლ - ფოლი, პეტი, ფოლაუ, ჰუპერი, ნაიარავორო. 3ს,3გ - ფოლი.
ინგლისი: კოლი, ბრაუნი, ბ. ვუნიპოლა, ჯორჯი. 6ს,3გ - ფარელი.
იაპონია-შოტლანდია 16:21
იაპონია: ლ - შიგენო. 3ს,გ - ტამურა.
შოტლანდია: 7ს - ლაიდლოუ (4), პირგოსი (3)
ს.აფრიკა-ირლანდია 19:13
ს.აფრიკა: ლ - პიტერსენი. 4ს - იანტისი (3), კომბრიკი. გ - იანტისი.
ირლანდია: ლ - მარშალი. 2ს,გ - ჯეკსონი
არგენტინა-საფრანგეთი 0:27
საფრანგეთი: 3ლ - ბონევალი, ლამერა, გუჟონი. 3გ,2ს - სერინი.
აშშ-რუსეთი 25:0
აშშ: ლ - ტეო. 6ს,გ - მაკგინტი.
კანადა-იტალია 18:20
კანადა: 6ს - მაკრორი
იტალია: ლ - გეგა. 5ს - ალანი (4), კანა.
სიმბოლური ნაკრები
15. ისრაელ დაგი (ახ.ზელანდია), 14. ბენ სმითი (ახ.ზელანდია), 13. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი), 12. ოუენ ფარელი (ინგლისი), 11. ჯეი პი პიტერსენი (სამ.აფრიკა), 10. ბოდენ ბარეტი (ახ.ზელანდია), 9. ფაფ დე კლერკი (სამ. აფრიკა). 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. დენ კოლსი (ახ. ზელანდია), 3. დენ კოლი (ინგლისი), 4. ებენ ესტებესი (სამ.აფრიკა), 5. იოან მაესტრი (საფრანგეთი), 6. სი ჯეი სტანდერი (ირლანდია), 7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), 8. შონ მაკმაჰონი (ავსტრალია). (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"