ფორმულა 1: დიდი დარტყმა "ფერარის"

AutoSharing Option
"სინგაპურში მოგებისთვის ლუის ჰემილტონს სასწაული სჭირდებოდა და მან ეს სასწაული მიიღო!" - დაწერა გაზეთმა The Telegraph-მა. "ბრიტანელის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ახლა, ის 28 ქულით უსწრებს მთავარ კონკურენტს, რომელიც პირველივე მოსახვევში გამოეთიშა ბრძოლას", - აგრძელებს The Guardian.

ბრიტანელები თავიანთი თანამემამულის გამარჯვებას ზეიმობენ, რომლისთვისაც ეს წარმატება პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს მეოთხე საჩემპიონო ტიტულისკენ. მაგრამ, რბოლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, სასტარტო სწორ მონაკვეთზე ორი "ფერარის" შეჯახება იყო.

"ფერარის" პილოტების შეჯახებამ მაქს ფერსტაპენთან ის გამოიწვია, რომ პირველივე წრეზე ბრძოლას გამოეთიშა გამარჯვების
ორი პრეტენდენტი. მაგრამ, "ფერარისთვის" უფრო სამწუხარო ფაქტი გახდა საერთო ჩათვლაში მკვეთრი ჩამორჩენა: სებასტიან ფეტელი 28 ქულით ჩამორჩა ჰემილტონს.

"ჰოლანდიელი თავისი "რედ ბულით" კიმის შეეხო, რომელიც სებასტიან შეეჯახა და მესამე მოსახვევში გერმანელმა კედელზე დაასრულა რბოლა, - წერს La Corriere della Sera-ს ჟურნალისტი დანიელე სპარიჩი. - პოულიდან სტარტსა და ორმაგ გავარდნას შორის მხოლოდ წამები იყო. "მერსედესმა" მადლობა უნდა გადაუხადოს სანტა კლაუსს ნაადრევი საჩუქრისთვის". მოგვიანებით, ავტორი აზუსტებს, რომ ავარია ფეტელის მანევრით დაიწყო: "გერმანელმა პოზიციის დაცვა სცადა და საკუთარი ტრაექტორია შეცვალა, რითაც უნებლიედ მოახდინა ფერსტაპენსა და რაიკონენს შორის კონტაქტის პროვოცირება".

"შეიძლებოდა ყველაფერი უფრო უარესად დასრულებულიყო? - სვამს კითხვას გუსტო ფერონატო La Gazzetta dello Sport-დან. - სინგაპურიდან "ფერარი" მორალურად დაცემული ბრუნდება. ჩამორჩენა ჩემპიონატში უკვე 28 ქულას უტოლდება, რაც "მერსედესს" საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილად გამოიყენოს გუნდური ტაქტიკა. და ეს ყველაფერი "წითლებმა" მეტოქეს თავად მისცეს. ეს ნამდვილი კოშმარია".

"გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში კამათობენ - ვინ არის დამნაშავე, მაგრამ აქ დამნაშავე ყველანი არიან - "ფერარის" პილოტები და თავად გუნდი, - აგრძელებს ავტორი. - ასეთი განლაგების შემთხვევაში, გუნდს პილოტებთან ერთად უნდა გაეთვალა სტარტის ყველა სცენარი და განესაზღვრა პრიორიტეტები. ძირითადი უნდა ყოფილიყო ფეტელის უსაფრთხო სტარტი. ასეთ შემთხვევაში, რაიკონენი მარჯვნივ უნდა წასულიყო და ჰემილტონის ბლოკირება უნდა მოეხდინა და არა ფერსტაპენთან ებრძოლა. ამ უკანასკნელს რომც გაესწრო ფეტელისთვის, გერმანელი 18 ქულას აიღებდა და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგებოდა".

"თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მაღალია ფსონი, ფეტელის მანევრი სტარტზე სრულიად უაზრო იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ფერსტაპენი და რაიკონენი - არ არიან კონკურენტები ჩემპიონატში. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი ნიშანი ზეწოლისა, რომლის პირობებში ფეტელი, ხანდახან, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ექვსი დარჩენილი რბოლიდან არც ერთი არ მისცემს "ფერარის" იმ უპირატესობას, რაც გუნდს სინგაპურში ჰქონდა. ხოლო მალაიზიის ტრასა ერთადერთია დარჩენილი ექვსიდან, სადაც "სკუდერიას" ბოლო ათწლეულში ერთხელ მაინც გაუმარჯვია", - წერს ბრიტანული Sky Sports.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული