ლიდერების სასწაული დაპირისპირება და ჰამილტონის მორიგი კრახი - საუდის არაბეთის გრან-პრი დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 მარტს, ფორმულა 1-ში საუდის არაბეთის გრან-პრი გაიმართა, ნიდერლანდელმა მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა გაიმარჯვა და ბაჰრეინში განცდილი სრული კრახის რეაბილიტაცია დაიწყო. სანამ უშუალოდ რბოლაზე ვისაუბრებთ, ერთი-ორი სიტყვით კვალიფიკაციას და უდიდეს სენსაციას შევეხოთ.

რბოლის წინა დღეს კვალიფიკაცია ჩატარდა. გულშემატკივრების უმეტესობა "ფერარისა" და "რედ ბულის" დაპირისპირებაში "მერსედესის" ჩართვასაც ელოდა, თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირი იმედი მას შემდეგ გაქრა, რაც 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და პირველი სეგმენტის ბარიერი ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრიტანელი ასპარეზობას მე-16
ადგილიდან დაიწყებდა.

რაც შეეხება 1-ელ ხუთეულს, მრბოლელები საწყის ნიშნულთან შემდეგი თანმიმდევრობით აღმოჩნდნენ: სერხიო პერესი ("რედ ბული"), შარლ ლეკლერი ("ფერარი"), კარლოს საინსი ("ფერარი"), მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") და ესტებან ოკონი ("ალპინი").

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ პერესმა კარიერაში პირველად მოიგო პოულ-პოზიცია და გამარჯვების შემდეგ ემოციებიც არ დაიშურა.

რაც შეეხება რბოლას, ლეკლერმა დაპირისპირების მიმდინარეობისას პირველი პოზიცია მოიპოვა, თუმცა ნიდერლანდელი მოქმედი ჩემპიონის შეკავება ვეღარ მოახერხა. რა თქმა უნდა, ბაჰრეინში ვერდასრულებული რბოლის შემდეგ ფერსტაპენი მზად იყო ყველაფერი ჩაედო, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ადგილი დაესაკუთრებინა და ასეც მოხდა. განსაკუთრებით ეპიკური გამოდგა ბოლო 8-9 წრე. მონეგასკი თავს თითქოსდა წარმატებით იცავდა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ "რედ ბულის" ბოლიდი მეტად სწრაფად გადაადგილდებოდა, ვიდრე "ფერარის". მესამე ადგილი დაიკავა კარლოს საინსმა ("ფერარი"), ხოლო მე-4 პოზიციას დასჯერდა "ჩეკო" პერესი "რედ ბულიდან".

Sportall.Ge

დღის სენსაციის ავტორი კვალავაც ლუის ჰამილტონი გახდა, ბრიტანელმა მრბოლელმა მე-10 ადგილი დაიკავა და საკუთარ გულშემატკივარს იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა. აღსანიშნავია, რომ როცა სერ ლუისს უთხრეს, რომ მე-10 პოზიციაზე გავიდა, უცნაური კითხვა დასვა: "ამ პოზიციაზე ქულა იწერება?".

ასე თუ ისე, ბრიტანელი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონისგან გაცილებით მეტს ელიან. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, "მერსედესის" ბოლიდს პრობლემები აქვს (მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯმა გუშინ მე-5 ადგილი დაიკავა). იმედია, სიტუაცია მალევე გამოსწორდება და "ფერარისა" და "რედ ბულის" დაპირისპირებაში გერმანულ მხარესაც ვიხილავთ.

უშუალოდ რბოლის დაწყების წინ "ალფატაურის" იაპონელ მრბოლელს, იუკი ცუნოდას, ავტომობილთან პრობლემა შეექმნა და გრან-პრიში მონაწილეობა ვერ მიიღო, მიკ შუმახერი ("ჰაასი") კი კვალიფიკაციაზე მძიმე შეჯახების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მრბოლელი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება ორი გრან-პრის შემდეგ საუკეთესო ხუთეულს, შემდეგნაირია:

1-ელი ადგილი - შარლ ლეკლერი (45 ქულა, "ფერარი")

მე-2 ადგილი - კარლოს საინსი (33 ქულა, "ფერარი")

მე-3 ადგილი - მაქს ფერსტაპენი (25 ქულა, "რედ ბული")

მე-4 ადგილი - ჯორჯ რასელი (22 ქულა, "მერსედესი")

მე-5 ადგილი - ლუის ჰამილტონი (16 ქულა, "მერსედესი")

შემდეგი გრან-პრი ავსტრალიაში, კერძოდ, მელბურნში 10 აპრილს ჩატარდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული