გუშინ, ერთეულთა ასპარეზობის პირველ წრეში მან მე-5 ნომრად განთესილი თურქი იპეკ ოღლუ დაამარცხა სამ სეტში - 6:4, 0:6, 6:2. საამისოდ ჩვენებურს საათი და 56 წუთი დასჭირდა. შაფათავამ ორი ეისი ჩააგდო, ოღლუმ - სამი, ქართველმა ორმაგი შეცდომა რვაჯერ დაუშვა, თურქმა - შვიდჯერ, ორივემ 5-5 ბრეიკპოინტი გამოიყენა, ოღონდ სოფიომ ექვსიდან, იპეკმა - რვიდან.
მერვედფინალში შაფათავა ტამარა კორპატჩისა (გერმანია) და არინა გაბრიელა ვასილესკუს (რუმინეთი) შორის
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ კამილა როსატელოსთანაა შეამხანაგებული და დღეს ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ტერეზა მდრეზას (ხორვატია) და ჩანთალ სკამლოვას (სლოვაკეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ დუეტებში გამარჯვებულს მეოთხედფინალში ალონა ფომინა (უკრაინა) და მაგდალენა ფრეჩი (პოლონეთი) ელოდებათ, რომლებმაც სტარტზე ქსენია ბეკერი (რუსეთი) და პანა უდვარდი (უნგრეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 6:1.
* * *
დიდი ბრიტანეთის 25 000-იან ტურნირს გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე. საკვალიფიკაციოში ორი გამარჯვების შემდეგ გუშინ მან 2 საათსა და 36 წუთში წააგო თურქ პემრა ოზგანთან - 2:6, 6:2, 6:7. ამ დაძაბულ პაექრობაში ჩვენებურმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 17 ბრეიკპოინტიდან მან მხოლოდ რვა გამოიყენა, მეტოქემ - 16-დან რვა. * * *
გუშინვე დამარცხდა საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძეც - მინსკის 15.000-იანი ტურნირის პირველ წრეში მან შეხვედრა საათსა და 20 წუთში მარატ დევიატიაროვთან (უკრაინა) დათმო - 4:6, 2:6.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"