უიმბლდონის ფინალში სიმონა ჰალეპთან წაგების შემდეგ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა ქალმა დასვა, საკმაოდ უცნაურად ჟღერდა:
-ბოლოს, არც ისე სასიამოვნო კითხვა მინდა დაგისვათ. ტურნირის განმავლობაში რამდენიმე გამონათქვამი იყო თქვენი მისამართით, მათ შორის ბილი ჯინ კინგმა თქვა, რომ ჯობია, 1 წლით უარი თქვათ ყურადღების ცენტრში ყოფნასა და თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლაზე. ნაცვლად ამისა, კონცენტრაცია ჩოგბურთზე მოახდინოთ. რას უპასუხებთ მათ?
-იმ დღეს, როცა ჩემი და თქვენი მსგავსი ადამიანების თანასწორობისთვის ბრძოლას შევწყვეტ, საფლავში
ვიქნები.
სერენა უილიამსი ცნობილია, როგორც ქალი ჩოგბურთელებისა და ზოგადად, ქალების უფლებადამცველი. ამერიკელ ჩოგბურთელს არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ თუნდაც ჩოგბურთში, კაცები ქალებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არიან. სერენას კრიტიკული გამონათქვამები არც ზოგიერთი ცნობილი კაცი ჩოგბურთელის მიმართ დაუშურებია, რის გამოც მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა 37 წლის ჩოგბურთელს ეს არ აშინებს.