ბასილაშვილი-დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე დღეს სასამართლოში ჩვენება ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა ეკა ფირცხალაიშვილმა მისცა.
მან ნიკოლოზის სახლში მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტი გაიხსენა. ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ არასდროს დაუნახავს ბასილაშვილს მეუღლეზე ფიზიკურად ეძალადა.
საუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებ. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში, მათთან გავედი სტუმრად სახლში.
ბავშვის დაძინების დრო
რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ჭირვეულობდა, არ იძინებდა. ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით, მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი, ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, ნიკამ გვითხრა რომ ჩუმად ვყოფილიყავით ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით.
ამის შემდეგ, სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული იყო ამ დროს უკვე და ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების გაყრა. ნიკა ეუბნებოდა, რომ ნეკამ აიძულა სტუმრებს წასვლა. მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად არ მიმიღია. ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან.
ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. ამ ყველაფრის მერე ნიკა წავიდა სახლიდან, ნეკა შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ მშობლების სახლში წავსულიყავით.
ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას. ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, რომ ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც შევესწარი", – განაცხადა მოწმემ.