ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილს სურდა, მას ეხვეწნა, რომ ბლოკი აეხსნა, რასაც მისი მანიპულაციის და დაკნინების მიზნით აკეთებდა.
“ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა. იმ დროს არ ვმუშაობდი და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი
დასჯის მიზნით. ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან. შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა, რომ აეხსნა ბლოკი. ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე. ვცდილობდი, მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან ან მშობლებისგან. ძალიან მრცხვენოდა, რომ მეთქვა, რა ცუდ მდგომარეობაში ვიყავი ამის გამო. ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ როდესაც საქმე შენს პიროვნებას ეხება და არარაობად გრძნობ თავს, მორალურად გამანადგურებელია”, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.