სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
სერბულ ნოვი სადში გრძელდება მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობს. გუშინ საფარიკაო ბილიკები მოხმალავე ვაჟებს დაეთმოთ.

შესანიშნავად იასპარეზა რიოს ოლიმპიადის მონაწილემ, ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობების სამგზის გამარჯვებულმა და შარშანდელი ჩემპიონატის მესამეპრიზიორმა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც 2017 წლის შედეგი გაიმეორა, სანდრომ ჯგუფში ხუთი მეტოქე დაჯაბნა - სერბი ნიკოლა იოვანოვიჩი (5:0), ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი (5:2), ბელორუსი კირილ კირპიჩოუ (5:1), რუმინელი ჯორჯ დრაგომირი (5:0), პოლონელი კაროლ ლადემანი (5:0) და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო (2:5) გერმანელ მაქს ჰარტუნგთან.

ალემანი მსოფლიოს ჩემპიონატების ერთი ოქროს და
ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ევროპის ჩემპიონატებზე შარშან თბილისში, ნახევარფინალში სანდრო ბაზაძეს სძლია და მერე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. მანამდე კი კონტინენტის პირველობებზე ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული. ვინ იფიქრებდა, რომ ჯგუფური ეტაპის მერე ფორტუნა გერმანელისა და ქართველის გზებს, შარშანდელის მსგავსად, ისევ ნახევარფინალში გადაკვეთდა.

მანამდე სანდრომ პლეი-ოფში ბოლად აპიტი (საფრანგეთი, 15:10), ტიბერიუ დოლნეჩეანუ (რუმინეთი, 15:12) და იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონი და ბრინჯაოსპრიზიორი, კონტინენტის პირველობების ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს (შარშან თბილისში) მფლობელი ლუკა კურატოლი დაამარცხა (15:14) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჰარტუნგს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა დაძაბულად და დრამატულად წარიმართა.

პაექრობის ბოლოს ბაზაძე ორი ქულით დაწინაურდა - 14:12 და მორიგ წარმატებამდე ქულაღა აკლდა, მაგრამ ალემანმა ჩვენებურს ზედიზედ სამი ჩხვლეტა მიაყენა, 15:14 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც რუს კამილ იბრაგიმოვსაც აჯობა (15:12) და ჩემპიონობა შეინარჩუნა. ქართველ მოფარიკავეს ბრინჯაოს მედალი ხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული