ფიგურული ციგურაობა: მაისურაძე გრან პრიზე მეოთხეა

AutoSharing Option
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დასრულდა გრან პრის ეტაპი იუნიორ მოციგურავეთა შორის. ვაჟთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა მოციგურავემ, ირაკლი მაისურაძემ.

ასპარეზობის პირველ დღეს, მოკლე პროგრამაში, ირაკლი მაისურაძემ 66,67 ქულა მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში 22 ქვეყნის 24 მოციგურავე მონაწილეობდა. მსოფლიოს ელიტის ყველა წარმომადგენელთან (კანადის გარდა) ბრძოლაში საბოლოოდ მაისურაძე მხოლოდ რუს და ამერიკელ მოციგურავეებს ჩამორჩა.

ქართველმა მოციგურავემ ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა თავისუფალი პროგრამით, სადაც 12 სავალდებულო ელემენტისა და პროგრამის კომპონენტების შეფასებისას 118,59 ქულა დაიმსახურა. შედეგად, მაისურაძემ, საბოლოოდ, მრავალჭიდში 185,26 ქულით მეოთხე
ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენმა მოციგურავემ უკან მოიტოვა იაპონელი, კორეელი, ჩინელი, ჩეხი, შვედი და ფრანგი საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება ახალ სეზონში პირველი ტურნირია ქართველი მოციგურავისთვის.

შეჯიბრებაზე ვაჟთა შორის მოკლე და თავისუფალ პროგრამებს აფასებდა ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

შეგახსენებთ, რომ წლეულს გრან პრის ეტაპებზე უფროსთა შორის ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი 17-19 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში იასპარეზებს.

1. ალექსეი ეროხოვი (რუს) - 232,79 ქულა
2. ანდრეი ტორგაშევი (აშშ) - 212,71
3. იგორ ეფიმჩუკი (რუს) - 195,63
4. ირაკლი მაიურაძე (საქ) - 185,26
5. ტაცუია ცუბოი (იაპ) - 185,19

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული