2019 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით 28 ქვეყნის 74 წყვილი მონაწილეობდა საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ გრან პრის სერიის საერთაშორისო ტურნირებში, რომელიც 7 ეტაპად გაიმართა საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლატვიაში, რუსეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში. ეტაპების შედეგების გათვალისწინებით საუკეთესო შედეგების მქონე 4 ქვეყნის მხოლოდ ექვსმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა წყვილმა მოიპოვა გრან პრის ფინალური საგზური, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასი საერთაშორისო ტურნირია. უკვე ზედიზედ მეორედ, წელს ამ საგზურის მფლობელი ქართველი
წყვილი მარია კაზაკოვა დ ა გიორგი რევია გახდნენ.
იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფინალურ ასპარეზობაზე, მაღალი კონკურენციის პირობებში ქართველმა წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და
საფრანგეთის წარმომადგენელ წყვილებს შორის, რითმულსა და თავისუფალ პროგრამებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს, ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს და ჯამური 174,90 ქულით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში გრან პრის ფინალის პირველი ადგილისა და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს წყვილებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდან.
კაზაკოვა-რევიას წყვილი მესამე სპორტული სეზონია, რაც ერთად გამოდის საქართველოს სახელით და ასე მოკლე დროში ფიგურული ციგურაობის ისეთ სახეობაში, როგორიც სპორტული ცეკვებია, გახდე გრან პრის ფინალის გამარჯვებული წყვილი გმირობის ტოლფასი თავგანწირვის შედეგია.
იტალიის ქალაქ ტურინის ოლიმპიურ არენა "პალაველას" გამარჯვების კვარცხლბეკზე ამაყად იდგე და შენი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის ქვეშ ათასობით უცხოელი მაყურებელი გამარჯვების ნიშნად ფეხზე წამოგიდეგს, ეს ის განცდაა, რომელიც მუდმივ სტიმულს მოგცემს მომავალი წარმატებებისაკენ მიმავალ გზაზე .
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი ულოცავს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ამ ფასდაუდებელი მნიშვნელობის ოქროს მედალს, მადლიერებას გამოხატავს მათი მწვრთნელების მიმართ და განსაკუთრებულად ულოცავს ამ გამარჯვებას მთლიანად საქართველოს და ფიგურული ციგურაობის მოყვარულ იმ ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებმაც იციან ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ოქროს მედლის ფასი, მოპოვებული თავგანწირული შრომითა და პროფესიონალი ადამიანების ერთობლივი თანადგომითა და მხარდაჭერით.
მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით