თბილისში ყინულის სასახლე აშენდება

AutoSharing Option
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს:

"13 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკ ტარდიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების მიზნით.

ამასთან, სპორტის მინისტრმა სტუმარს გაუზიარა სპორტის მოცემულ სახეობაში განვითარების სამომავლო გეგმები. კერძოდ, თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, 16 000 კვადრატული მეტრის
ფართობზე, სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გეგმავს ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობისათვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობას. მინისტრის თხოვნის შესაბამისად, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ტერიტორია დღესვე მოინახულა და მას დადებითი შეფასება მისცა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყინულის მოედნის პროექტირებისას საერთაშორისო ფედერაცია სპორტის სამინისტროს ტექნიკურ კონსულტაციას გაუწევს და მოცემულ პროცესში მონაწილეობის მიღება ასევე ეთხოვება ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციას, რომ მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ყინულის ჰოკეის სახეობაში ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო ღონისძიებებში (შეჯიბრებები, შეკრებები, სემინარები და სხვ.) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოში ყინულის ჰოკეის სანაკრებო და საკლუბო დონეზე შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე, ყინულის ჰოკეისადმი ინტერესის გაზრდასა და ქართველი სპორტსმენების შესაბამისი სტანდარტის ინვენტარით აღჭურვაზე".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კარგია,მაგრამ უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო.სულ ცოტა კიდევ ერთი მსგავსი დარბაზი,დასავლეთ საქართველოშიც აუცილებლად გასაკეთებელია.
სოსო
20:08 13-07-2022
1
ჩინებულია,ფრიად სასიხარულო!!!
მერაბი
20:02 13-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული