თეიმურაზ ორჯონიკიძემ უნგრეთში მიმდინარე სეზონში 42 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ თავი გამოიჩინა უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე, სადაც ბოლო 3 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ორჯონიკიძის კლუბი "ოროშჰაზი" უნგრეთის ეროვნული ლიგის დებიუტანტია. ბოლო მატჩი გუნდს ქვეყნის თასზე ჰქონდა, სადაც მერვედფინალში საკუთარ მოედანზე შეხვდა ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ "ტატაბანიას", რომელიც ევროტურნირებზეც წარმატებით გამოდის და EHF თასის ჯგუფურ ეტაპზეცაა გასული.

თასის პირველ წრეში "ოროშჰაზიმ" სტუმრად 31:30 მოუგო "დაბაშს", ახლა კი "ტატაბანიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 23:23 მორჩა, მაგრამ უნგრული წესების თანახმად, მეოთხედფინალში სტუმარი გუნდი გავიდა. ორჯონიკიძემ 2 გოლი გაიტანა.

პირველი
წრის ბოლომდე "ოროშჰაზის" ერთი მატჩი დარჩა სათამაშო უნგრეთის ჩემპიონატზე, სადაც ჯერჯერობით ბოლოსწინა ადგილზეა. კლუბს აქ მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა "მეზოკოვეშდისთან", რომელსაც ბოლო წამებამდე იგებდა, მაგრამ აქაც ფრეს დასჯერდა - 24:24. ამ მატჩში ქართველი უკანახაზელი ყველაზე შედეგიანი იყო 6 გოლით, ისევე, როგორც ბოლო თამაშში "ბალატონფურედისთან", რომელშიც თავი შვიდჯერ გამოიჩინა.

სულ ორჯონიკიძემ ჩემპიონატის 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა (3 ტრავმის გამო გამოტოვა) და 35 გოლი დაუგროვდა. შვიდიც ორ სათასო შეხვედრაში გაიტანა.

თეიმურაზი "ოროშჰაზის" ერთადერთი ხელბურთელია, ვინც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამას კლუბმა საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" სტატუსი მიუძღვნა სპეციალური ფოტოკოლაჟით, რომელიც ორჯონიკიძის სანაკრებო მატჩებიდანაა შედგენილი: „ჩვენი კლუბის მარცხენა ინსაიდმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ ამ დღეებში გამოძახება მიიღო საქართველოს ნაკრებიდან, რომელიც იანვარში ევროპის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, თემო!“

უნგრეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდა უნგრეთის ორი გრანდი - "ვესპრემმა" 29:28 დაამარცხა "სეგედი" და პირველ ადგილზეა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ორი საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ფინალს გამართავს. პირველი წრის ბოლო მატჩს "ოროშჰაზი" 15 დეკემბერს შინ გამართავს სატურნირო ცხრილში უახლოეს მეზობელ "ბუდაკალასთან".

ხელბურთი. უნგრეთი. ეროვნული ლიგა. (მოგება 2 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. "ვესპრემი" - 26 ქულა (13 თამაში), 2. "სეგედი" - 24 (13), 3. "ტატაბანია" - 16 (12), 4. "ფერენცვაროში" - 16 (12), 5. "დიონდიოში" - 15 (12), 6. "ბალატონფურედი" - 15 (12), 7. "კომლოი" - 14 (13), "ჩურგოი" - 13 (12), 9. "დაბაში" - 9 (13), 10. "ედერი" - 9 (12), 11. "მეზოკოვეშდი" - 6 (12), 12. "ბუდაკალასი" - 5 (12) -- 13. "ოროშჰაზი" - 3 (12), 14. "ვაჩი" - 1 (11)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული