ახალი კლიჩკო? - რა შეუძლია უსიკს, რომელიც 1 მოგებული ბრძოლით ქამრის პრეტენდენტი გახდა

AutoSharing Option
32 წლის უკრაინელ მოკრივე ალეკსანდრ უსიკს მძიმე წონაში პირველი ბრძოლა ჰქონდა ამერიკელ ჩაზ უიზერსპუნთან და მე-8 რაუნდის წინ გამარჯვებაც მოიპოვა, როცა ამერიკელმა მოკრივემ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ალეკსანდრ უსიკს აქამდე იუნიორ მძიმე წონაში 16-დან 16 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ბუნებრივია, აღნიშნული კატეგორიის საუკეთესო მოკრივე იყო.

იუნიორთა მძიმე წონიდან მოსულ პირველ ჩემპიონს მძიმე წონაში, ევანდერ ჰოლიფილდს 6 ბრძოლის მოგება დასჭირდა, სანამ ქამრისთვის ჩხუბს შეძლებდა. თუმცა უსიკმა პირველივე გამარჯვებით მიიღო ეს შანსი. ახლა ჯოშუა-რუისის ბრძოლას დაელოდება და 2020 წელს მათ შორის გამარჯვებულს
აუცილებლად გამოიწვევს WBO-ს ქამრისთვის მატჩში.

ისტორიაში მხოლოდ 1 მოკრივე იყო, რომელმაც მძიმე წონაში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მოიპოვა ჩემპიონობა - ეს ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ მოახერხა და უსიკსაც ჰეის გზის გავლა სურს.

მართალია, პირველი შეხვედრა მოიგო, მაგრამ 38 წლის უიზერსპუნი ნამდვილად არ გამოდგება სწორების ნიშნულად ისეთი მოკრივეების წინააღმდეგ, როგორებიც ენტონი ჯოშუა, დეონტაი უაილდერი, ტაისონ ფიური არიან. სათაურში კლიჩკოს მხოლოდ წარმოშობის გამო შევადარეთ, სხვა მხრივ, უსიკი კლიჩკოსაგან სრულად განსხვავებული მოკრივეა, სხვა სტილით, სხვა გაბარიტებით.

190 სმ სიმაღლის უსიკი რომ მძიმე წონაში პანჩერი ვერ იქნება, ეს ალბათ ყველას კარგად ესმის. მისი "კოზირი" მობილურობა, სისწრაფეა. თითქოს, რაღაცით მუჰამედ ალის გვაგონებს, თუმცა მსგავსი შედარება ცოტა უხერხულია, ჯერჯერობით მაინც. უსიკის მთავარი იარაღი მძიმე წონაში ბევრი მოძრაობა, მეტოქის დაღლაზე მუშაობა და შანსის დალოდებაა. მას უდიდესი პლუსი აქვს, შესანიშნავად იცავს თავს და სწორედ ამას გამოიყენებს, თორემ მისი მუშტებით მძიმე წონაში ვერავის შეაშინებს.

"ის ერთი დარტყმის მოკრივე არაა. ის მუშტებს ყველა მხრიდან იქნევს და ისე ოსტატურად ახერხებს, რომ მისი ხელთათმანები ყოველთვის აღწევენ მიზანს. თითქოს, მძიმე წონაში მოასპარეზე მოკრივეების 90%-თან მოსაგებად ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ 195+ სმ სიმაღლის მოკრივეებთან იმავეს შეძლებს? ეს უნდა ვნახოთ", - თქვა დევიდ ჰეიმ უიზერსპუნთან უსიკის შეხვედრამდე.

თუ ჰეის ვენდობით, ეს ნიშნავს, რომ ისეთ მოკრივეებს, როგორებიც უაილდერი და ჯოშუა არიან, ეცოდინებათ, რომ 12 რაუნდის განმავლობაში ბევრ, თუმცა არც ისე დამაზიანებელ დარტყმას მიიღებენ, თავად კი 1 შანსს დაელოდებიან, რათა თავიანთი ძლიერი მკლავებით დაამთავრონ საქმე. ეს კი, უსიკის უპირატესობას ამცირებს. მას უფრო მეტი მუშაობა დასჭირდება რინგზე, მეტი მოძრაობა, მეტი ენერგიის დახარჯვა და უფრო ადრე დაიღლება, ვიდრე მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით, ჯოშუასთან ბრძოლაში, რომელიც არანაკლებ კარგი დამცველი და ფიზიკურად გაცილებით უფრო ძლიერია. უაილდერთან კი, შესაძლოა, 7 რაუნდიც ვერ გაძლოს. ამ ეტაპზე, უაილდერი და ორტისი, ალბათ, უსიკისთვის ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეები არიან. ჯარელ მილერთანაც კი მცირე შანსი ექნებოდა.

მისი წონის გათვალისწინებით, უსიკს, წესით, უნდა გაუჭირდეს. რადგან, მაგალითად, მისივე წონის გახლავთ დეონტაი უაილდერი, რომელთანაც მისი ძალის შედარება წარმოუდგენელია.

"ის ნიკაპს ძალიან ხშირად სწევს მაღლა და თუ ასე განაგრძო, მძიმე წონაში აუცილებლად "დაიჭერენ". ის კარგი დამცველია. არაა ადვილი ბევრი მუშტის მორტყმა, თუმცა, თუ მიზანს გაასწორებ, ეს შეუძლებელი სულაც არაა. მე ვერ შევძელი და ამიტომაც წავაგე, თუმცა არ ნიშნავს, რომ სხვა ამას ვერ მოახერხებს", - თქვა ტონი ბილოუმ უსიკზე, რომელმაც 1 წლის წინ დაამარცხა ბრიტანელი.

გაუთავებელი მოძრაობითა და დისტანციაზე ჩხუბით უსიკმა უიზერსპუნი დაამარცხა, თუმცა გააკეთებს კი იმავეს ჯოშუასთან? ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამაზე მსჯელობისას ყველას ენდი რუისი გვახსენდება.

თავად უსიკმა განაცხადა, რომ ის ქამრისთვის საბრძოლველად მზად არის და მომავალ წელს აუცილებლად გამოიწვევს ჩემპიონს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჯოშუა იქნება თუ რუისი.

სანამ უსიკს ნამდვილად საქმეში ვნახავთ, იქამდე ჯოშუას ნახვა მოგვიწევს, რომელმაც 7 დეკემბერს რუისი უნდა დაამარცხოს, თუ სურს, წინა წაგება უბრალო გაუგებრობად დარჩეს და დაცემული პრესტიჟის ამაღლება მოახერხოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული