დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ სპორტსმენების დარტყმის ძალა, სტატისტიკის მიხედვით შევადგინოთ ყველაზე ძლიერად დამრტყმელი მებრძოლების სია და შესაბამისი რიგითობით გადავანაწილოთ. თუმცა, როგორ გავიგოთ, ძველი მებრძოლები და ორთაბრძოლების ოსტატები რამდენად ძლიერად ურტყამდნენ?
ადამიანი, რომელმაც კარატეს ყველაზე მტკიცე სტილი დააარსა
1923 წელს კორეაში, პროვინცია ჩოლლა-პუკტოში, რომელიც მაშინ იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, დაიბადა ორთაბრძოლების მომავალი ოსტატი მასუტაცო ოიამა. თავისი ცხოვრების განმავლობაში ოსტატი დაკავებული იყო სხვადასხვა საბრძოლო სპორტით, მათ შორის: კრივით, ძიუდოთი და კარატეს რამდენიმე სახეობით.
შედეგად, ოიამამ საკუთარი სტილი შექმნა, რომელიც იმ სპორტების საუკეთესო ილეთებს იყენებდა, რომლებითაც თავად იყო დაკავებული. ასეთ გზით მასუტაცუმ დააარსა კარატე კიოკუშინკაი, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე სტილად ითვლება.
მასუტაცო ოიამას ვარჯიშის მეთოდები
მასუტაცო ოიამა თავისი საბრძოლო უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური მონაცემების სრულყოფილებას ძალიან სერიოზულად უდგებოდა. სამხედრო მფრინავის კარიერის დასრულების შემდეგ ოიამამ ქვეყანაში მოგზაურობა და სხვადასხვა ოსტატთან საბრძოლო ხელოვნებების შესწავლა დაიწყო.
მოგზაურობის ერთ-ერთ პერიოდში მასუტაცომ გადაწყვიტა, ცივილიზაციას მოშორებოდა და ვარჯიშები მარტოობაში გაეგრძელებინა. ამ მიზნის შესასრულებლად ის სინაბუს მთაზე გაემართა. მთის სუსხიანმა გარემომ მის ორგანიზმზე დადებითად იმუშავა. თავად კი ქვებს მუშტებით ფშვნიდა, ხოლო მსხვილ ტოტებს ხელით ჩეხდა. მეტიც, ველურ პირობებში არაერთხელ მოუწია მხეცთან დაპირისპირება, რასაც თავი წარმატებით გაართვა.
ადამიანი, რომელმაც ხარი მუშტით გააჩერა
მთიდან დაბრუნების შემდეგ მასუტაცომ საკუთარი სტილის გავრცელება და პრაქტიკაში გამოყენება დაიწყო. მას მალე შეუერთდნენ მოსწავლეები, თუმცა თავისი პოპულარობით კმაყოფილი არ იყო. საჭირო იყო ხმამაღალი განცხადება.
თავდაპირველად ოიამამ ნებისმიერი მყარი სხეულის ხელით გახლეჩვის დემონსტრირება დაიწყო, თუმცა საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. მასუტაცოს მუშტი იმდენად მტკიცე, ხოლო ძალა იმდენად დიდი ჰქონდა, რომ ნებისმიერი ძვლის გადატეხა შეეძლო. მთაში ცხოვრების დროს ველურ ცხოველებთან გამოცდილებას ტყუილად არ ჩაუვლია. ოიამამ ერთ-ერთ თავის გამოსვლაზე თქვა, რომ შეძლებდა გაბრაზებული ხარის მუშტით შეჩერებას. რა თქმა უნდა, ოსტატს არავინ დაუჯერა, ამიტომ ის ხართან წაიყვანეს.
ყოველ ჯერზე ხართან ბრძოლაში ის გამარჯვებული გამოდიოდა - მან შიშველი მუშტებით 52 ხარი გათიშა.
ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა ისტორიაში?
ფორმის პიკში მაიკ ტაისონი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისი დარტყმის ძალაც 1 ტონაზე მეტი იყო. თუმცა 2017 წელს UFC-ის მებრძოლმა ფრენსის ნგანუმ რეკორდი დაამხო. მისი დარტყმის ძალა 1.3 ტონაზე მეტია. თუმცა საინტერესოა, ნგანუ და ტაისონი შეძლებდნენ თუ არა ხარის გათიშვას? რა თქმა უნდა, ამას არავინ დაუშვებს, თუმცა 52 ხარის შიშველი მუშტით გათიშვა სრული სიგიჟეა. ამას ნამდვილად არარეალური ფიზიკური ძალა და ოსტატური დარტყმა სჭირდება.