სპორტი და პოლიტიკა: მოაშორეთ ეს ძუკნა ძაღლი მოედნიდან

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არა მხოლოდ ელექტორატის რიგითი წარმომადგენლები ერჩიან. ქვეყნის მეთაურს აუმხედრდნენ მთავარი პროფესიული ლიგების წამყვანი სპორტსმენები...

დონალდ ტრამპი ცნობილია იმით, რომ უყვარს თავისი სკანდალური მოსაზრებების "ტვიტერში" გამოქვეყნება. "თეთრ სახლში მგზავრობა დიდ პატივად ითვლება NBA-ის ჩემპიონისთვის, მაგრამ სტივენ კარის ეჭვი ეპარება ამაში. ამიტომაც, მიწვევა გაუქმებულია", - დაწერა რამდენიმე დღის წინ ტრამპმა.

ლაპარაკია ძველ ტრადიციაზე: ამერიკის პრეზიდენტები ყოველწლიურად აწყობენ თეთრ სახლში საზეიმო მიღებებს ჩემპიონი გუნდებისთვის. ლაპარაკია ქვეყნის ოთხ მთავარი სპორტულ ლიგაზე: NBA (კალათბურთი), NFL (ამერიკული ფეხბურთი), NHL (ჰოკეი)
და MLB (ბეისბოლი). გასულ სეზონში NBA-ში "გოლდენ სტეიტმა" გაიმარჯვა და მან მიწვევა მიიღო თეთრ სახლში, მაგრამ, ახლა, ეს მიპატიჟება გაუქმებულია.

ტრამპის ტვიტში ნახსენებია სტივენ კარი. "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ აზრი ჯერ კიდევ "კლივლენდთან" სერიის დასრულებამდე გამოხატა: "არ მინდა წასვლა. ეს ჩემი ურყევი პოზიციაა. და არ ვარ ერთადერთი, ვისაც მიაჩნია, რომ არ ღირს თეთრ სახლში წასვლა".

"გოლდენ სტეიტის" ლიდერის სიტყვებით, მას მხარს უჭერს გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობა. მაგალითად, "უორიორზის" მეორე ვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელიც გასული ფინალური სერიის MVP გახდა. ფორვარდმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ფიქრობდა თეთრ სახლში პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ, ახლა, საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების შემდეგ, იძულებულია უარი თქვას ბავშვობის ოცნებაზე.

"არა, არ წავალ. პატივს არ ვცემ იმას, ვისაც ახლა პრეზიდენტის პოსტი უჭირავს. არ ვეთანხები მის მოსაზრებებს. თუ თეთრ სახლში არ მივალ, ამით ჩემს ხმას გაიგონებენ. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა", - თქვა დურანტმა.

თავდაპირველად, საზოგადოებამ ტრამპის ტვიტი აღიქვა, როგორც უარი პირადად სტეფ კარის მასპინძლობაზე, მაგრამ გუნდი ლიდერის მხარეს დადგა. მალე" გოლდენ სტეიტის" გვერდზე კლუბის ოფიციალური განცხადება გაჩნდა.

"რაც შეიძლება სწრაფად ვაპირებდით გუნდის კრების მოწვევას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, ახლა, ვიღებთ ტრამპის სიტყვებს და გვესმის, რომ არ ვართ მიწვეულები თეთრ სახლში. ამასთან, გვჯერა, რომ არაფერი არ არის იმაზე ამერიკული, ვიდრე მოქალაქეების უფლება - თავისუფლად გამოხატონ აზრი ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია.

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ არ მოგვეცა ჩვენი აზრის გამოხატვისა და ღია დიალოგის გამართვის შესაძლებლობა. მომავალი წლის თებერვალში, ვაშინგტონში მგზავრობისას, ვაპირებთ ვიზეიმოთ თავისუფლება, თანასწორობა და არჩევანის უფლება - ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია "გოლდენ სტეიტისთვის", - ასე ჩამოყალიბა თავისი პოზიცია "უორიორზმა".

ტრამპის სიტყვებმა ფართო რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეებს შორის. მაგალითად, NBA-ის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მხარდაჭერა გამოხატა სტეფ კარის მიმართ.

"ეი, იდიოტო, კარიმ უკვე თქვა, რომ არ მოვა! ასე რომ, არანაირი მიწვევა არ ყოფილა. თეთრ სახლში ვიზიტი დიდი პატივი იყო იქამდე, სანამ შენ იქ გამოჩნდი!" - თავი ვერ შეიკავა ლებრონმა.

ადრე, კალათბურთელები დიდი ენთუზიაზმით სტუმრობდნენ თეთრ სახლს. 2015-16 წლების სეზონის ჩემპიონი "კლივლენდი" და მისი ლიდერი ლებრონ ჯეიმსი სიამოვნებით ეწვია ბარაკ ობამას. ერთი წლით ადრე, ასეთივე ვიზიტი ჰქონდა "გოლდენ სტეიტს". ობამა კი ისე დაუახლოვდა კარის, რომ რეგულარულად თამაშობდა მასთან ერთად გოლფს.

Sportall.Ge

ორმაგი დარტყმა
23 სექტემბერს, ტრამპი ფორმაში იყო და გადაიკიდა არა მხოლოდ NBA, არამედ ძლიერი ბიჭები NFL-დან. გასული სეზონიდან, ამ ლიგაში ჩაისახა საპროტესტო განწყობა ქვეყნის ფერადი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის გახშირებულ შემთხვევებზე.

პიონერი იყო "სან ფრანცისკოს" კვოტერბეკი კოლინ კაპერნიკი, რომელიც მატჩის წინ, ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ფეხზე არ წამოდგა. აშშ-ში ასეთი მოქმედება სრულიად კანონიერია: უფლება გაქვს არა მხოლოდ საჯაროდ გამოხატო უპატივცემულობა ქვეყნის ჰიმნის მიმართ, არამედ, შეგიძლია დროშაც დაწვა - ამ მოქმედებას განიხილავენ, როგორც მოქალაქის პირად პოზიციას, რომელსაც სიტყვის თავისუფლება გააჩნია.

"თუ სპორტსმენს სურს მიიღოს შესაძლებლობა - მილიონობით დოლარი გამოიმუშავოს NFL-ში ან რომელიმე სხვა ლიგაში, მაშინ მას არ აქვს უფლება გამოხატოს უპატივცემულობა ამერიკის დროშისა და მთლიანად ქვეყნის მიმართ. და ფეხზე უნდა წამოდგეს ეროვნული ჰიმნის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძევებულ უნდა იქნას გუნდიდან. შემომთავაზეთ სხვა გამოსავალი!" - დაწერა ტრამპმა.

პრეზიდენტი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ "ტვიტერში" ჩანაწერით და პრობლემატურ თემას ალაბამაში საჯარო გამოსვლისას დაუბრუნდა. "ნუთუ თქვენ არ გსურთ, რომ NFL-ის კლუბის მფლობელმა, რომლის მოთამაშეც უპატივცემულობას გამოხატავს ქვეყნის ჰიმნისა და დროშის მიმართ, გამოაცხადოს:

"ახლავე მოაშორეთ ეს ძუკნა ძაღლი მოედნიდან! ის განთავისუფლებულია!" ეს არის ერთადერთი გამოსავალი. როცა ყველა დაინახავს, როგორ ტოვებს ის მოედანს, გარანტიას გაძლევთ, ეს ყველაფერი შეწყდება", - ირწმუნება ტრამპი.

"ძუკნა ძაღლის" პასაჟმა ვერ იპოვნა გამოძახილი მოთამაშეთა გულებში, რომელთა უმრავლესობა - შავკანიანია. სპორტსმენებს ჯერ ისევ კარგად ახსოვთ პრეზიდენტის განცხადებები შარლოტსვილის მოვლენების დროს, ახლა კი ტრამპმა მათ არჩევანი არ დაუტოვა - მისი რეზონანსული განცხადებების შემდეგ, საპროტესტო აქციებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.

Sportall.Ge

NFL-ის მორიგი მატჩების წინ, გუნდები თითქმის სრული შემადგენლობით უცხადებდნენ ბოიკოტს აშშ-ის ჰიმნს და გასახდელებში რჩებოდნენ. სხვები პროტესტის ნიშნად ცალ მუხლზე იჩოქებოდნენ და ერთმანეთს ხელი კიდებდნენ, ზოგიერთები მუშტს მაღლა სწევდნენ (black power salute - ცნობილი ჟესტი, რომელიც 1968 წლის ოლიმპიადაზე გამოიყენეს შავკანიანმა ამერიკელმა მორბენლებმა - ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა), ზოგიერთი კი, უბრალოდ, მოთელვას აგრძელებდა.

NFL-ის კლუბების აქციები ორმაგად უცნაურია იმ ფაქტის ფონზე, რომ გუნდები, ნაწილობრივ, გადასახადების გადამხდელთა ფულით არსებობენ. სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს სახსრებს ახალი სტადიონების მშენებლობაზე (4.5 მილიარდი დოლარი), გარდა ამისა, კლუბები იხდიან შემცირებულ გადასახადებს და უფრო შეღავათიან ფასებში იღებენ სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად, მატჩების დღეს პოლიციის ესკორტს.

გულშემატკივართა აზრი პროტესტებთან დაკავშირებით, ორად გაიყო: ერთნი მხარს უჭერენ სპორტსმენების უფლებას სიტყვის თავისუფლებაზე, სხვები დემონსტრაციულად წვავდნენ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს, მაისურებსა და საყვარებული გუნდების სხვა ატრიბუტიკას.

უკმაყოფილების ტალღამ MLB-მდეც მიაღწია. 24 სექტემბერს, "ოკლენდის" ბეისბოლისტი ბრიუს მაქსველი გახდა პირველი წარმომადგენლები სპორტის ამ სახეობიდან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელმაც შედარებით ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, ჰოკეია. NHL-ის ჩემპიონმა "პიტსბურგმა" დაადასტურა, რომ აუცილებლად ეწვევა თეთრ სახლში პრეზიდენტს, რითაც ძალიან გაახარა ქვეყნის მეთაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰოკეის ლიგა სრულიად თეთრია და გასაგებიც არის მათი აზრი.
emigranti
00:32 02-10-2017
0
რა შუაშია ამერიკის ჰიმნთან ან დროშასთან დონალდ ტრამპი,მაგის დროს დაიწერა და შეიქმნა?
ამერიკის შეერთებულ შტატებს(თავის დროშიან-ჰიმნიანად)საუკუნეების განმავლობაში აშენებდნენ ამერიკის რიგითი,მშრომელი მოქალაქეები,დღეს კი მუქთახორა ლიბერალები ძირს უთხრიან მას და მის ერთ დროს ყველაზე ძლევამოსილ პირს, რომელსაც ელემენტარული განკარგულების მიღებაც აღარ შეუძლია ლიბერალი კონგრესმენების თანხმობის გარეშე.
Abraham Lincoln
13:36 01-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული