საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ახალი გეგმები

AutoSharing Option
საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაჩნდა მეტი ინტერესი და მხარდაჭერის სურვილი საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისგან. რამდენიმე დღის წინ ხორვატიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციების შეკრება გაიმართა, სადაც ქართული დელეგაცია იმყოფებოდა.

„სათხილამურო ფედერაციამ, სპორტის სამინისტროსთან და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად უკვე შეიმუშავა ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, ორ წლიანი მოსამზადებელი გეგმა. ასევე დაგეგმილია, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალი სამი წელი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. რადგან ბევრისთვის უცნობმა, ახალგაზრდა ქვეყანამ ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისადმი და ფედერაციისადმი ნდობა და ინტერესი გაზრდილია“
- განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

ბაკურიანი 2023-ის ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა სხვადასხვა კონტინენტზე. 42 ქვეყნის 700 მაღალრეიტინგულმა სპორტსმენმა იასპარეზა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში, საქართველოს ისტორიულ კურორტზე, ბაკურიანში. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია სილქნეტი იყო. ბრენდი დაარსების დღიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. ბიზნესის და სათხილამურო ფედერაციის ამ თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა მაღალი დონის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვება და ზამთრის სპორტის პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა.

ჩვენი ქვეყნისთვის ადვილი არ იყო მსოფლიოს „გამოცდილ“ და უფრო ცნობად სამთო კურორტებთან კონკურენცია. თუმცა, საერთაშორისო ფედერაციისა და დელეგატების დარწმუნება შესაძლებელი გახდა სილქნეტის დამფუძნებელის, გიორგი რამიშვილის თანადგომით. სილქნეტის დაარსებამდე ბევრად უფრო ადრე, ის ზრუნავდა ზამთრის სპორტის განვითარებაზე საქართველოში, ეხმარებოდა თითოეულ სპორტსმენს საერთაშორისო დონეზე ეასპარეზათ და დღესაც სათხილამურო სპორტის გულშემატკივრად რჩება.

„მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ეს იყო უდიდესი ნდობა და მოტივაცია. სახელმწიფო სტრუქტურებმა, მთის ტრასების სააგენტომ, ეკონომიკის, აგრეთვე კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა, უშუალოდ პრემიერმა, მხარი დაუჭირეს ამ პროექტს. გვეხმარებოდნენ უცხოელი სპეციალისტები და ექსპერტები. ყველა ამ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახადეს, ასეთ მაღალ დონეზე გვემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ეს მომავლის საქმეა, რომელსაც გაგრძელება ექნება. შემიძლია ვთქვა, რომ მთის კურორტების განვითარების სამოქმედო გეგმა მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი. ჩვენს სამთო კურორტებზე სპორტული სკოლების შექმნაა დაგეგმილი, სადაც ახალგაზრდებს ადგილზე ვარჯიშისა და სწავლის ყველა პირობა შეექმნებათ. თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის მთის კურორტები, ეს FIS-ის პრეზიდენტის, იოჰან ელიაშისა და პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას გამოიკვეთა“ - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

საქართველოში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები რამდენიმე წელში განხორციელდა. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ხელოვნური ტბები და გათოვლიანების სისტემები მოეწყო, აიგო საბაგირო კომპლექსები. მოკლე დროში, მთავრობისა და სახელმწიფოს ჩართულობით, კურორტზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, ბაკურიანი იქცა სრულიად თანამედროვე სამთო სპორტულ კურორტად და მიზიდულობის ცენტრად.

ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა საშუალებას აძლევს ქვეყანას ყოველწლიურად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის შეჯიბრს.

R


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული