ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წელი შეაჯამა. სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ასოციაციამ ზედიზედ მეოთხედ გამოარჩია. გამოკითხვაში მეორე ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.

უწყების ინფორმაციით, წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა დააჯილდოვა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
შალვა გოგოლაძე, სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და სპორტული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება. წელს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტების რჩეული ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. საუკეთესო გუნდად ძალოსნობის ეროვნული ნაკრები დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და NBA-ს გუნდ „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი გოგა ბითაძე წლის ახალგაზრდა სპორტსმენად აირჩიეს. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი ძალოსნობის ნაკრების დამრიგებელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე გახდა. ტრადიციულად, ასოციაციამ სპორტული ჟურნალისტებიც დააჯილდოვა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ლაშას ძაან გამიხარდა,მარა წელს ლევან საგინაშვილისთვის რო გადაეცათ ეს პრიზი ან ცოტა ყურადღება რო მიაქციონ უფრო გამიხარდებიდა
თორნიკე
21:51 25-12-2019
0
და მინისტრი რატომ არ ესწრებოდა ძაან მაგარი ტიპია? ზუსტად ეს კუდაბზიკობა გღუპავთ თქვენ ქოცებო!!
????????
09:30 25-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული