ლადო ბურდული: "უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომ სხვისი ჯანმრთელობაც ჩვენს ხელშია - აუცილებლად ყველა უნდა ავიცრათ"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისი „სითის“ მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული პანდემიის პირობებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აცრა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რათა გადავრჩეთ და დავასრულოთ პანდემია.

„აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. დაძალება, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია, მაგრამ თვითონ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვაქცინაცია გვიცავს. დარწმუნებული ვარ, ასე მალე კორონავირუსი არსად წავა და კიდევ დიდხანს მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება. ამიტომ ჩვენც უნდა შევეჩვიოთ. ვაქცინაცია არის ის გამოსავალი, რაც მასთან ერთად ცხოვრებას გაგვიადვილებს.

ბევრი ახლობლის და მეგობრის გამოცდილებიდან ვიცი, რომ
ის, ვინ აცრილი იყო, „კოვიდ-19“ ძალიან იოლად გადაიტანა და არანაირი გართულება არ ჰქონია. ის აზრი, რომ აცრა თითქოს რაღაცას აზიანებს და შეიძლება ცუდად იმოქმედოს ადამიანზე, მითი და მოგონილი მგონია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია ყველას დაგვიცავს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ახალ-ახალი შტამები ჩნდება. ეს პროცესი, ვფიქრობ, კიდევ დიდხანს არ დამთავრდება აქედან გამომდინარე, რაც მალე აიცრება ყველა, მით მალე შევეჩვევით ვირუსთან ერთად ცხოვრებას ყოველგვარი პანიკის და შიშის გარეშე.

არიან ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, ნემსის ეშინიათ და ამიტომ ვერ მიდიან აცრაზე, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ანტივაქსერული მოსაზრების გავლენას განიცდიან. მე, პირადად, ასეთი მიდგომა მაქვს - თუ ადამიანს, ვისთან ერთადაც გვიწევს ფრენა, თვითმფრინავში ჩაჯდომის ეშინია, ის ადამიანი აღარ უნდა არ ამოვიდეს ტრაპზე და არ უნდა წამოვიდეს იმის გამო, რომ ეშინია? ერთად უნდა მივიდეთ მასთან და დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ და დავაჯეროთ, რომ უსაფრთხოდ ჩავალთ დანიშნულების ადგილზე. ასეა ამ შემთხვევაშიც. საზოგადოება, სწორი ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელებით უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.

მთავარი რაც არის, მეც მომხრე ვარ, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა ვირუსი სხვას არ გადაედოს. ვიაროთ პირბადით და მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე, რომ, პირველ რიგში, ჩვენ არ გავხდეთ ინფექციის გამავრცელებლები. თუ თითოეული ადამიანი გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომ იყოს ფრთხილად, დარწმუნებული ვარ, მალე დავამარცხებთ პანდემიას", - განაცხადა ლადო ბურდულმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული