რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და აგრესორ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. უკრაინაში შეჩერებულია ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება და საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება გადაიდო.
კიევის "დინამომ" შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და არავის დავუთმობთ. ჩვენს მხარესაა სიმართლე და ჩვენ გავიმარჯვებთ!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხოლო უკრაინელები უჟგოროდიდან ლუგანსკამდე, ჩერნიჰოვიდან სევასტოპოლამდე იამაყებენ იმით, რომ დიადი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომლის სახელწოდება უკრაინაა. დიდება უკრაინას! დიდება ერს!"
დონეცკის "შახტარის" რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა
ლუჩესკუმ განაცხადა, რომ მშიშარა არ არის, სამშობლოში არ დაბრუნდება, ომის დამწყები იდიოტები კი რაც შეიძლება მალე უნდა შეაჩერონ.
"მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა ნახევარმცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ თავის "ინსტაგრამის" გვერდით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა:
"იმედი მაქვს, მტანჯველი სიკვდილით მოკვდები, ბილწო!"
"გენტის" უკრაინელმა ლეგიონერმა რომან ბეზუსმა აღშფოთება სოციალურ ქსელში გამოხატა:
"უკრაინა ყოველ ჩვენგანშია, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ენა თაობიდან თაობას 1000 წელზე მეტია გადაეცემა. სამწუხაროდ, ისევე, როგორც 8 წლის წინ, ჩვენს ქვეყანას თავს ისევ დაესხა გველი... ვლოცულობთ, რომ უკრინელმა გმირებმა ისევ დაიცვან ჩვენი სამშობლო".
ომის დაწყებას გმობენ პროგრესულად მოაზროვნე რუსული სპორტის მოღვაწეები.
"ვერც კი გავიგე, დღეს როგორ გავაკეთო პროგრამა. რა დროს ფეხბურთია... რჩევებს არ ველი, რადგან დარწმუნებული ვარ, ახლა ასეთ რჩევას არავინ მომცემს. ყველაზე უარესი დღე ჩემს ცხოვრებაში. რეკორდი დამხობილია და ისე მოჩანს, ეს რეკორდი სისტემატურად განახლდება. წყვდიადი და უსუსურობა. არ მეგონა, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღე დადგებოდა", - წერს ჟურნალისტი ვასილი უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ევგენი კაფელნიკოვმა კომენტარი "ტვიტერზე" გააკეთა:
"ერთი ადამიანის სიხარბე ცრემლებამდე მიიყვანს ბევრ რუს დედას".
მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო გუნდის თავდამსხმელმა ფიოდორ სმოლოვმა ომის შეჩერება მოითხოვა: "არა ომს", - დაწერა სმოლოვმა "ინსტაგრამზე".
ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ მედიასაშუალებების საიტებზე რუსების უმეტესობის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და ისინი ომის წინააღმდეგნი არიან.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან ომი და ეკონომიკური კრიზისი არავის უნდა. დღეს რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა, 11.5%-ით გაუფასურდა "გაზპრომის" აქციები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსულ აქტივებს გაყინავენ და ევროპის ფინანსურ ბაზრებზე რუსული ბანკების წვდომას შეაჩერებენ.
გუშინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უეფა სანქტ-პეტერბურგიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა ქალაქში გადატანაზე მუშაობს და 5 კანდიდატურა განიხილება. უეჭველია, თუ რუსეთმა ომი არ შეაჩერა, ყველა სპორტული ორგანიზაციიდან და მათ შორის, ფიფადან და უეფადან მოკვეთენ.
რუსული აგრესია, რა თქმა უნდა, ჩვენც გვეხება, თან თითქმის პირდაპირ, რადგან რუსული არმია თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში იმყოფება და ამის ფონზე გასაოცარია ჩვენს საიტზე ზოგიერთი ვაიქართველის მიერ გამოხატული პოზიცია, რომლებიც აგრესორს მხარს უჭერენ. ისინი რუსული გაზისა და დენის მოწოდებას ისე გვამადლიან, თითქოს უფასოდ გვაძლევდნენ. ერთმა მკითხველმა პირდაპირ მოგვთხოვა ასეთი კომენტარების "დაბლოკვა" და ჩვენ მას სრულად ვეთანხმებით.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს მეხუთე კოლონა, ჯერ კიდევ მრავლად არიან სუკ-ის აგენტები, რომლებიც და რომელთა ოჯახები რუსულ ინტერვენციას მიესალმებიან. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომელთაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენით კეთილი ცხოვრება ექნებათ.
sportall.ge, საიტის პროფილის მიუხედავად, სისტემატურად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციებს, რამეთუ დღეს სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი მშვიდობაა. გაცილებით!