წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაჰპირდა, რომ სამინისტრო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს. დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე
ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო.

თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას.

"ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში, ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჯაიანმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 13 /
სააკაშვილმა უგულავამ და რურუამ გაყიდეს თბილისის ულამაზესი იპოდრომი, იმიტომ რომ აეშენებინსთ მახინჯი კორპუსები და მოეწამლათ ჰაერი
საბურთალო
16:08 03-05-2022
20
რა ლამაზაბი არიან! წარმატებებს გისურვებთ!
18

სიახლეები პოპულარული