ქართველი მწვრთნელის უდიდესი წარმატება გერმანიაში - დავით ბიჩინაშვილის გუნდმა ბუნდესლიგა მოიგო

AutoSharing Option
დავით ბიჩინაშვილი ქართველი ვეტერანი მოჭიდავეა, რომელიც ამჟამად გერმანიის ქალაქ მაინცში არსებულ საჭიდაო კლუბ ASV Mainz 88-ის მთავარი მწვრთნელი გახლავთ. დავითის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ კვირაში გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო, რაც ძალიან დიდი შედეგი გახლავთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ASV Mainz 88 გერმანიის ჩემპიონი აქამდე ბოლოს 2013 წელს გახდა და დავით ბიჩინაშვილი მაშინდელი ტრიუმფის მონაწილე მოჭიდავის რანგში იყო.
SPORTALL.GE დავით ბიჩინაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ბატონო დავით, გილოცავთ გერმანიის ბუნდესლიგის მოგებას. რამდენად განსაკუთრებული არის თქვენთვის ეს ტიტული?
- გერმანულ ჭიდაობაში
გუნდური შეჯიბრება ძალიან პოპულარულია. როგორც სხვა პოპულარულ სპორტში, აქაც რამდენიმე ლიგაა, უმაღლესი ბუნდესლიგა გახლავთ. "მაინცი" ბოლოს ჩემპიონი 2013 წელს გახდა. მაშინ მე ოქროს მედალი მოჭიდავის სტატუსით მოვიგე, გუნდის კაპიტანი ვიყავი. იმ წელს კარიერა დავასრულე და მთავარი მწვრთნელი გავხდი. ამ დეკადის მანძილზე საუკეთესო ოთხეულში სულ ვხვდებოდით, მაგრამ ნახევარფინალში ვმარცხდებოდით. შარშან ფინალში გავედით, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, წელს კი ჩემპიონები ვართ.

- რა სისტემით იმართება გერმანიის ჩემპიონატი და რა არის გადამწვეტი ფაქტორი გამარჯვების მოსაპოვებლად?
- გერმანიაში თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონატი ერთობლივად ტარდება. შეჯიბრებაზე გუნდი მონაწილეობას 10 სპორტსმენით იღებს, აქედან 5 თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, 5 კი - კლასიკურის. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი გუნდი ძალიან ძლიერი არ ყოფილა და ჩემპიონობის მთავარი საფუძველი ეს არ იყო, უფრო მეტად სწორი გათვლები გავაკეთეთ და კონკრეტულ მატჩებში სწორი მოჭიდავეები დავაყენეთ.

- გასულ სეზონში გყავდათ თუ არა გუნდში ქართველი მოჭიდავეები?
- ჩემთან ქართველები ყოველთვის ჭიდაობდნენ, ერთი წელიც კი არ ყოფილა ისეთი, გუნდში თანამემამულე რომ არ მყოლოდა. ცხადია, მეტი მინდა მყავდეს, მაგრამ აქაური კანონმდებლობის მიხედვით, კლუბში 3 არაევროკავშირის მოქალაქის ყოლის უფლება გვაქვს, შეჯიბრებაზე კი გუნდში მხოლოდ ერთი გადის. სხვადასხვა დროს ჩვენთან გენო პეტრიაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, ზურაბ იაკობაშვილი ჭიდაობდნენ. ამ წელს ჩვენი გუნდის წევრი ბექა ბუჯიაშვილი იყო.

- რამდენად რთულია გერმანიის ბუნდესლიგის მოგება? კლუბებს შორის არის თუ არა მაღალი კონკურენცია?
- ზოგადად, გერმანულ კლუბებში ძალიან ბევრი მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობს. ამ მხრივ დონე ძალიან მაღალია. შესაბამისად, ბუნდესლიგის მოგება ძალიან რთულია. ჩვენი კლუბი 1888 წლიდან არსებობს და პირველად ჩემპიონი 1973 წელს გახდა, შემდეგ - 1977-ში. ბოლო ორ ჩემპიონობაში წვლილი მეც შევიტანე. ბუნებრივია, საუკუნეზე მეტხნიან ისტორიაში 4 ჩემპიონობა იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ძალიან მაღალია. ბუნდესლიგაში 16 კლუბია, ამდენივეა მეორე ბუნდესლიგაში, შემდეგ რეგიონლიგები და ობერლიგები მოდის. ასეთ პირობებში ჩემპიონატის მოგება ძალიან დიდ წარმატებად ითვლება.

- რა ძირითადი სხვაობაა ქართული და გერმანული ჭიდაობის სისტემებს შორის?
- საქართველოში ჭიდაობაში გუნდური ჩემპიონატები ისე არ ტარდება, როგორც გერმანიაში, აქ 250-ზე მეტი საჭიდაო კლუბია. საქართველოში უფრო დიდი მნიშვნელობა ინდივიდუალურ გამოსვლას ენიჭება და სპორტსმენებიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობისთვის ემზადებიან. ცხადია, ინდივიდუალურ ნაწილს ყურადღებას გერმანიაშიც აქცევენ, მაგრამ ნაკლები პრიორიტეტი გუნდურ გამოსვლებს არ აქვს. ჭიდაობის მხრივ, ბუნდესლიგა ძალიან პოპულარულია, გერმანიის დიდ ნაწილში მაინც. ამ შეჯიბრების გაშუქებას მედიაც საკმაო ყურადღებას უთმობს.

- თქვენს კარიერაზე რომ მოგვიყვეთ - სად დაიწყეთ ჭიდაობა, როდის გადახვედით გერმანიაში და როგორ გახდით "მაინცის" მთავარი მწვრთნელი?
- 80-იან წლებში, 9 წლის ასაკში, მშობლებმა მიმიყვანეს გლდანში, ჩემი სკოლის ჭიდაობის დარბაზში ჩემს პირველ მწვრთნელთან, შოთა კოტორაშვილთან, მოგვიანებით კი გადავედი ნახალოვკაში, შრომით რეზერვებში და ვვარჯიშობდი ვანო ნიკოლაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. მთელ ამ პერიოდში ყოველთვის გვერდში მედგა და მოტივაციას მაძლევდა ჩემი უფროსი ბიძაშვილი, რომელიც თვითონაც მოჭიდავე იყო. საქართველოს პირველობა, როგორც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში, ისე უფროსებში, რამდენჯერმე მაქვს მოგებული, საქართველოს სახელით ევროპის პრიზიორი ორჯერ გავხდი. 1992-94 წლებში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. შემდეგ უკრაინაში გადავედი და იმ ქვეყნის სახელით გამოვდიოდი. 2004 წელს გერმანიის მოქალაქეობა მივიღე და 9 წელი გერმანიის სახელით ვჭიდაობდი. ორივე ქვეყნის დროშის ქვეშ გამოსვლისას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლები მოპოვებული მაქვს. ჯამში სამ ოლიმპიადაზე ვიასპარეზე, ერთზე უკრაინის, ორზე კი გერმანიის სახელით.

- რა ძირითადი სხვაობაა ქართველ და გერმანელ მოჭიდავეებს შორის?
- მე საქართველო ე.წ. ბნელი 90-იანების პერიოდში დავტოვე, გერმანულ პირობებთან შედარებაც არ შეიძლებოდა. აქ არა მხოლოდ სპორტში, ადამიანობრივი განვითარების მეტი შესაძლებლობაა და მაშინაც ასე იყო. სიამოვნებით გამოვიდოდი საქართველოს სახელით, ყველა ასპარეზზე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი, მაგრამ უდიდესი სხვაობის გამო ამ ნაბიჯს არ ვნანობ. უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკურ სტაბილურობას აქვს. შეუძლებელია წარმატებული იყო საკუთარ საქმეში, თუ სტაბილურობა არ გაგაჩნია. ძალიან ხშირად, როცა ქართველი მოჭიდავეები ჩვენთან ჩამოდიან, აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ გერმანელი ათლეტები.
მოჭიდავეები ერთმანეთისაგან ხასიათით არ განსხვავდებიან, თუმცა ქართველები განსაკუთრებული თავდადებითა და მონდომებით გამოირჩევიან. ამას თავისი მიზეზი აქვს. საქართველოში მოჭიდავეთა უმრავლესობა მხოლოდ სპორტზეა ორიენტირებული, მათი ერთადერთი საქმიანობა ეს არის. გერმანიაში ასე არ არის, სპორტსმენების უდიდეს ნაწილს სხვა პროფესია და სამსახური აქვს, ვარჯიშებზე საღამოს მოდიან ხოლმე. ამიტომაც, ქართველი მოჭიდავეები სპორტული კუთხით უფრო განვითარებული არიან, მათთვის გარკვეული ილეთების ახსნა და სწავლება გაცილებით ადვილია.

- თქვენი აზრით, სპორტსმენისათვის რომელი გზა უმჯობესია - ქართული თუ გერმანული?
- ადრეულ ასაკში, ალბათ, არც დავფიქრდებოდი ისე ავირჩევდი გზას, რომელიც საქართველოშია, ანუ მხოლოდ ჭიდაობას. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილებიდან, რაც ამ პერიოდში მივიღე, ვთვლი, რომ გერმანული ვარიანტი უმჯობესია. ძალიან კარგია, როცა დიდი და წარმატებული სპორტსმენი ხდება, მაგრამ სპორტსმენის კარიერის შემდეგ სხვა, უფრო გრძელვადიანი ცხოვრება მოდის. ამიტომ, განვითარება ყოველ მხრივ საჭიროა. საუკეთესო გზაა, როგორც სპორტულად, ისე გონებრივად განვითარება - ჭიდაობა, სწავლა და განათლების მიღება. გერმანიაში ძალიან ბევრი ათლეტია ისეთი, რომლებმაც წარმატებას სპორტშიც მიაღწიეს და აკადემიური კუთხითაც. ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ასე ხდებოდეს და ადამიანებს განვითარების საშუალება მრავალი მიმართულებით ჰქონდეთ.

- რამდენად პოპულარული სპორტია ჭიდაობა გერმანიაში?
- გერმანიაში ყველაზე მეტად პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია და საერთოდ, პოპულარობა წარმატებას მოაქვს. როცა ბორის ბეკერი და შტეფი გრაფი ჩოგბურთს თამაშობდნენ, მაშინ ჩოგბურთი ძალიან პოპულარული იყო, ახლა მაჩვენებელმა იკლო. მძლეოსნობაც ძალიან პოპულარულია, ზამთრის სპორტის სახეობები, თხილამურებით სრიალი, ტრიატლონი და ა.შ. ზოგადად, ჭიდაობა გერმანიაში პოპულარული არ არის, თუმცა ჩვენს ქალაქში - კი, რადგან ჩემპიონები ვართ. მაინცში საფეხბურთო კლუბის შემდეგ ყველაზე ცნობილი სპორტული გუნდი უკვე ჩვენი საჭიდაო კოლექტივია.
ჩვენს კლუბში, ჯამში, 90-ზე მეტი სპორტსმენი ვარჯიშობს. მათგან 30 პირველ გუნდშია, ცოტა ნაკლები - მეორე გუნდში, რომელიც რეგიონულ ლიგაში გამოდის. აქ ბავშვებიც არიან, მოზარდები, უფროსი ასაკის სპორტსმენები. ამ მხრივ გერმანულ კლუბებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, ამდენი მოჭიდავე ბევრ კლუბს არ ჰყავს.

- ბოლო პერიოდში ხომ არ ჰქონია რომელიმე ქარველ მოთამაშეს წინადადება, ეასპარეზა გერმანიის სახელით?
- მსგავსი შეთავაზება ჯერ არცერთ ქართველს მიუღია, რადგან ძალიან ბევრი დაბრკოლებაა. მე მსგავსი წინადადებით 2000-წელს მომმართეს და მოქალაქეობის მიღებას 3 წელი დასჭირდა. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება ბიუროკრატიულად არის გაწელილი და მას მხოლოდ გერმანიის ძიუდოს ფედერაცია ვერ იღებს. ამ მიზეზის გამო ძალიან სარისკოა მოჭიდავეს შესთავაზო მოქალაქეობა, რადგან, როცა ამ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს გადალახავ და სპორტსმენს ახალი ქვეყნის სახელით გამოსვლა შეეძლება, არავინ იცის, რა დონეზე იქნება, განვითარდება თუ რეგრესს განიცდის. სწორედ ამ მიზეზებით გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსგავსი წინადადებით ვერცერთ სპორტსმენს ვერ მიმართავს.

- თქვენთვის ხომ არ მოუმართავთ წინადადებით, გამხდარიყავით გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი?
- ადრე გერმანიისა და შვეიცარიის ნაკრებებიდან მქონდა შემოთავაზება. თუმცა საქართველოს ნაკრებში 17 წლის ასაკში მოვხვდი და 35 წლამდე პაუზის გარეშე ვჭიდაობდი. დროის უმეტეს ნაწილს შეკრებებსა და სხვადასხვა ადგილას მოგზაურობაში ვატარებდი და სიმართლე რომ გითხრათ, დავიღალე. არ მქონდა მოტივაცია, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვყოფილიყავი. უფრო მეტი დროის ოჯახთან გატარება მსურდა. ორი შვილი მყავს და არ მინდოდა, მათი აღზრდისა და განვითარების პროცესს ჩემ გარეშე ჩაევლო. როცა ჩემი ბიჭები საკუთარ გზას დაადგებიან, შემდეგ შემოთავაზების შემთხვევაში საკუთარ ძალებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზეც მოვსინჯავ.

- ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მოჭიდავე აგრძელებს კარიერას MMA-ში. ხომ არ შეინიშნება იგივე ტენდენცია გერმანიაში?
- გარკვეული ტენდენციები აქაც შეინიშნება და შერეული ორთაბრძოლები უფრო მეტად ცნობილი ხდება, თუმცა ჯერ დიდად პოპულარული არ არის. რამდენიმე ყოფილმა მოჭიდავემაც გახსნა MMA კლუბი, მაგრამ ინტერესი დაბალია. დიდ ყურადღებას არც მედია იჩენს. მე პირადად ჭიდაობის ნაცვლად შერეულ ორთაბრძოლებზე გადასვლას არ ვისურვებდი. არჩევანის წინაშე თუ დავდგებოდი, ან ჭიდაობას ავირჩევდი, ან კრივს. თან MMA-ში სრულად განსხვავებული ჭიდაობაა, ჩემი აზრით, გაცილებით ნაკლებად სანახაობრივი.

ზოგადად, ჭიდაობაც იცვლება, ვითარდება. იმატებს ილეთები, სისწრაფეები საერთოდ უმაღლეს დონეზე ადის. 80-იანი წლებისა და დღევანდელ ჭიდაობას შორის უდიდესი სხვაობაა. დღეს გაცილებით მეტი კონტრილეთი კეთდება. თუ ადრე ერთ მოჭიდავეს ილეთის გაკეთება არ გამოუვიდოდა, უკან მშვიდად დაიხევდა, ახლა კი ამის საშუალებას არავინ მისცემს და საპასუხო შეტევისგან თავის დაცვა მოუწევს.

- რა არის თქვენი მიზნები 2023 წლის სეზონში? გეგმავთ თუ არა ჩემპიონობის კიდევ ერთხელ მოპოვებას?
- ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მოპოვება ძალიან რთული ამოცანაა. წინასწარ მსგავს მოლოდინებზე საუბარი არ მინდა, თუმცა, ბუნებრივია, ოქროს მედლების მოპოვებას ისევ ვეცდებით. მაგრამ, თუ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, კატასტროფად ნამდვილად არ ჩავთვლი.

ქართველებს რაც შეეხება, ბექა ბუჯიაშვილმა კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა და 1 წელი ისევ ჩვენთან იჭიდავებს. გუნდის ჩამოყალიბების პროცესი ახლა მიმდინარეობს. თუ კიდევ მექნება ქართველი მოჭიდავის დამატების შანსი, ამას აუცილებლად გავაკეთებ. როცა ლეგიონერების ჩამოყვანაზე მიდის საუბარი, პირველ რიგში საქართველოსკენ ვიხედები.

ჩვენს სამშობლოში ძალიან ბევრს გაუხარდა ჩვენი წარმატება, ძალიან ბევრმა მომილოცა. მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო, ყველა მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ადამიანობრივი გაბვითარების მეტი შესაძლებლობა ყოფილა გერმანიაში მალადეც შენ არადა მოლოცვას ვაპირებდი
იოსებ
17 თებერვალი 2023 18:38
6
Ara megobaro, sxva rame igulisxma:scavla-ganatlebisadmi da profesiis dauflebis Meti shesadzlebloba. Hobis frtebisshesxma.finansuri shesadzleblebobis gamo Meti siketis ketebis shesadzlebloba, Meti gulebis gaxareba da ase shemdeg. Cxovrebiseul adamianur shesadzleblobazea saubari da ara sulier da mentalur mxareze. Vinc 90-ianebshi datova qvekana, kvela mixvdeba razea saubari. Chven isetive qartvelebi vart, rogorc 30 clis cin vikavit. Saqartveloze usazgrod shekvarebulebi.
1234....
17 თებერვალი 2023 20:31
1
ვამბობდი რა მაინცი მაინც მოიგებს თქვა :დ
ნოდო
17 თებერვალი 2023 13:57
0
ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, გაუმარჯოს ყველა ქართველს ვინც იბრძვის პატიოსნად და თავისი ქვეყნის სასახელოდ მუშაობს ყოველდღიურად.
მეგრელი
17 თებერვალი 2023 13:53
0
გილოცავთ!!!
Giorgi
17 თებერვალი 2023 13:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული