სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპები ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს

AutoSharing Option
სპორტული ღონისძიებებით დატვირთული ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. მესტიაში, ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს თასის რეგიონული ეტაპი ჩატარდა. ტურნირი მესტიის მერიის მასპინძლობით, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და „ემ თი ეი“ -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართა.

მოთხილამურეებმა ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზეს. გიგანტური სლალომის და სლალომის პრიზიორები გახდნენ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრები.

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს თასების მასპინძლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ამ მხარდაჭერით მნიშვნელოვან ტრადიციას ეყრება საფუძველი, რაც მთის სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებას
უწყობს ხელს.
რეგიონული თასის ეტაპები 1-2 თებერვალს ბაკურიანში, 22-23 თებერვალს გოდერძიზე გაგრძელდება და გუდაურში, 15-16 მარტს დასრულდება. ის სპორტსმენები, რომლებიც ამ ეტაპებზე შესაბამის რეიტინგულ ქულებს დააგროვებენ, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში. ჩემპიონატი გუდაურში, 4-7 აპრილს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, „ემ თი ეი“ -ს თანაორგანიზებით და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება.

საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და მთის პოტენციალის სწორად გამოყენების პერსპექტივა უფრო მეტად მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაკურიანში, 2023 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის წარმდგენი სილქნეტი იყო.

კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას.
წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის გვერდით იკავებს ადგილს. საქართველოს კურორტებზე უკვე ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებები. ამ სეზონზე, FIS-ის ეგიდით, უკვე გაიმართა მსოფლიო თასის ეტაპები ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. სკი კროსის და სნოუბორდ კროსის ეტაპებს კი გუდაური უმასპინძლებს. 

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული