ნანა ძაგნიძე: 2017 წელი ჩემს კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა

AutoSharing Option
2017 წელს ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატებში ოქროს უხვი მოსავალი მოიმკეს. კლასიკურ ჭადრაკში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ წლის მიწურულს უმაღლესი სინჯის ჯილდოების რაოდენობა ერთით გაზარდა.

30 დეკემბერს ერ-რიადში (საუდის არაბეთი) მან ბლიცში (ელვისებური ჭადრაკი) მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 80 000 დოლარი დაისაკუთრა.

შეჯიბრებაში 35 ქვეყნის 100 ქალი მონაწილეობდა. შვეიცარიული სისტემით 11 შეწყვილებული ტური გაიმართა. ბოლო ტურის წინ ქართველი დიდოსტატი ქულით უსწრებდა ევროპის ორგზის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას (რუსეთი).

ჩვენებური ბოლო ტურში სომეხ ელინა დანიელიანს დაუზავდა და 21 შესაძლებლობიდან 16.5 ქულით
სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. 16 ქულით ვერცხლის მედალი ვალენტინა გუნინას ხვდა.

14-14 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები რაპიდში მსოფლიოს 2017 წლის გამარჯვებულმა ცზიუ ვენძიუნმა (ჩინეთი) და ევროპის ორგზის ჩემპიონმა კატერინა ლაგნომ (რუსეთი) გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილი ვენძიუნმა დაიკავა.

ნანა ძაგნიძეს სწრაფ ჭადრაკშიც მედლის მოსაპოვებლად ნახევარი ქულა დააკლდა: აქ შვეიცარიული სისტემით 15 ტური გათამაშდა. ბოლო ტურის წინ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი ჰქონდა ქართველ დიდოსტატს, რომელიც თეთრი ფიგურებით ჩინელ ლეი ტინცზეს დაუზავდა.

საბოლოოდ 15 შესაძლებლობიდან 10-10 ქულით მეოთხე-მერვე ადგილები ხუთმა მოჭადრაკემ გაიყო. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ბელა ხოტენაშვილი - მეოთხე, ნანა ძაგნიძე კი მეექვსე იყო. 11.5 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჩინელი ცზიუ ვენძიუნი.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე ლეი ტინცზე, რომელსაც ვერცხლის მედალი ხვდა. 10.5 ქულით მესამე ადგილზე გერმანელი ელიზაბეტ პეტცი გავიდა.

ნანა ძაგნიძისთვის ეს წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა - 2015 წელს (ხანტი-მანსიისკი) მან ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 2016 წელს კი ყატარში მსგავს შეჯიბრებაზე რაპიდში მესამე იყო.

- შარშანდელი წელი ჩემს კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, - გვითხრა ნანა ძაგნიძემ. - სეზონის სტარტზე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატში, რომელსაც თეირანმა უმასპინძლა, რვა საუკეთესოში მოვხვდი.

მერე ლატვიაში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში ოქროს მედალი მოვიპოვე, საქართველოს ქალთა ნაკრებთან ერთად ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მეორე, მსოფლიოს ჩემპიონატში კი III ადგილი დავიკავე. ბათუმის "ნონას" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოვიგე.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული