19 ოქტომბერს წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
თბილისის "დინამო" ზაგრების "მლადოსტს" დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
ქართული კლუბი ხორვატიაში 18 ოქტომბერს, დილით გაემგზავრა.
"მლადოსტთან" დაპირისპირებაზე კომენტარები თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა რეზო ჩომახიძემ და წყალბურთელმა მარკო ელაჩამ გააკეთეს.
რეზო ჩომახიძე (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი გველის. "მლადოსტი" გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ამ ჩემპიონთა ლიგაზე უძლიერესი ცენტრფორვარდები ჰყავს. ზაგრებში არასდროს არის თამაში მარტივი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები
აღნიშნულ შეხვედრაში და იმედია, საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ".
მარკო ელაჩა (თბილისის "დინამოს" წყალბურთელი): "ეს ჩემპიონთა ლიგა არა მარტო თბილისის "დინამოსთვის" არის პირველი, არამედ ჩვენი კლუბის არაერთი მოთამაშისთვისაც. შესაბამისად, ამ დონეზე სათამაშოდ ადაპტაციისთვის დრო დაგვჭირდება. წელს "მლადოსტმა" ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და მათ კედლებში თამაში იოლი არ იქნება. ხორვატებს ძალიან გამოცდილი წყალბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სირთულეები შევუქმნათ".
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თბილისის "დინამო" ესპანურ "ტერასასთან" ანგარიშით 5:9 დამარცხდა.