საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ხარვეზების გამოსასწორებლად რამდენიმე ცვლილებას მოვასწრებთ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/revaz.chomakhidze

14 იანვარს ბუდაპეშტში დაიწყება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 34-ე ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მოსინჯავს ძალებს. საწყის ეტაპზე ჩვენები საფრანგეთს (14-ში), საბერძნეთსა (16-ში) და იტალიას (18-ში) დაუპირისპირდებიან. ჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები მომდევნო რაუნდში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, თანაც პირველადგილოსნები პირდაპირ მეოთხედფინალში გავლენ. ქართველ წყალბურთელებს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი აქვთ. ამ შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურისთვის მერვედფინალში B ჯგუფის (რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი) მეორეადგილოსანთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ბიჭები, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, კარგა ხანია, მონდომებით ემზადებიან. ნაახალწლევს ბოლო რეპეტიცია მათ (ნიკოლოზ
შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, ნიკა შუშიაშვილი, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), გიორგი მაგრაქველიძე, ფაბიო ბარალდი, ბორის ვაპენსკი, სანდრო ადეიშვილი, მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე, მწვრთნელი გელა ტუკვაძე) პოდგორიცის (მონტენეგრო) საერთაშორისო ტურნირზე გაიარეს. ქართველი წყალბურთელები სტარტზე მასპინძლებთან 10:16 დამარცხდნენ, შემდეგ საფრანგეთთან წააგეს - 9:13, ბოლო ტურში კი გერმანიას სძლიეს - 10:7.

- ამ ტურნირში მოგება-წაგებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, - გვითხრა მონტენეგროდან დაბრუნებულმა რევაზ ჩომახიძემ. - მთავარი იყო, გუნდის ფიზიკური და ტაქტიკური მზადყოფნა შეგვემოწმებინა - ფაქტობრივად, ამ შეჯიბრებაზე უნდა შეგვერჩია ის ტაქტიკური მონახაზი, რომლითაც ბუდაპეშტში ვიასპარეზებთ. ასევე, ნაკრების საბოლოო დაკომპლექტებაზეც გვეზრუნა. ოპტიმალური შემადგენლობით არც ერთი მატჩი არ გაგვიმართავს, რადგან ორი სათადარიგო მოთამაშე წავიყვანეთ და ყველა მათგანს მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. ცალკეულ ხარვეზებზე ყურადღებას თუ არ გავამახვილებთ, პოდგორიცაში გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო არ ვარ.

მონტენეგროს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტი რომ იქნება, ჩერნოგორიელმა წყალბურთელებმა ეს ამ ტურნირზეც დაამტკიცეს. პირველ ტურში სწორედ მათ შევხვდით და ექვსბურთიანი სხვაობით დავმარცხდით - უბრალოდ, ჩვენზე გამოცდილმა და უკეთ მომზადებულმა გუნდმა მოგვიგო.

სრულიად განსხვავებული პაექრობა გვქონდა საფრანგეთთან. იმის მიუხედავად, რომ მატჩი დაძაბული გამოდგა, არც ჩვენ და არც მეტოქეს საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოგვივლენია, ბევრი რამ საიდუმლოდ დარჩა 14 იანვრისთვის, როცა კონტინენტის პირველობის სასტარტო ორთაბრძოლაში დავუპირისპირდებით ერთმანეთს. ყოველივეს მიუხედავად, მატჩმა გვაჩვენა, რომ ამ ეტაპზე ფრანგები ფავორიტები არიან, თუმცა იმაშიც დავრწმუნდით, რომ მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია და წარმატების თეორიული შანსიც გვაქვს. ჩვენი მიზანიც ეს არის, რადგან საფრანგეთთან მოგებით ევროპის 12 საუკეთესოში გავინაღდებთ ადგილს, რაც, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში საასპარეზოდ საკმარისი აღმოჩნდეს.

- გერმანიასთან მატჩი, ალბათ, წინა ორისგან განსხვავებული იყო...

- გეთანხმებით. ეს შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი გერმანელებისთვის იყო. ალბათ, გახსოვთ, თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ალემანებს ორი ბურთით ვძლიეთ. მაშინ ის მარცხი სტუმრებმა შემთხვევითობას მიაწერეს და ამჯერად სარევანშოდ იყვნენ განწყობილნი, თუმცა გერმანიამ ვერ აჩვენა სასურველი თამაში - ამის საშუალება არ მისცეს ქართველმა წყალბურთელებმა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური რაუნდის მონაწილეებს ნეიტრალურ მოედანზე სამი ბურთის სხვაობით აჯობეს.

- მონტენეგროში გამგზავრების წინ აღნიშნეთ, რომ ფაბიო ბარალდის ტრავმა აწუხებდა...
- დიახ, ასე იყო. ამიტომ პირველ ტურში მას მთელი დატვირთვით არ უთამაშია, ფრანგებთან პაექრობისას განაცხადშიც არ შეგვიყვანია, გერმანელებთან კი სამი გოლით შეეწია ნაკრებს. ვფიქრობ, ბუდაპეშტში საფრანგეთთან ორთაბრძოლისთვის ის ჩვეულ ფორმაში იქნება. საგულისხმოა ისიც, რომ პოდგორიცაში ერთი მეკარით წავედით, რადგან ირაკლი რაზმაძე გამგზავრების წინ ავად გახდა. მესამე ტურში სიცხიანი იდგა კარში შუბლაძე, თუმცა ამას ნიკას თამაშზე ზეგავლენა არ მოუხდენია - ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

- ნაკრების საბოლოო შემადგენლობა როდის იქნება ცნობილი?

- ცხრაში, საღამოს ვარჯიშის შემდეგ. 11 იანვარს, დილით, ბუდაპეშტში გავემგზავრებით. პირველ მატჩამდე ჯერ კიდევ დროა. ხარვეზების გამოსასწორებლად რამდენიმე ცვლილებას მოვასწრებთ, საბოლოო ტაქტიკაზეც ჩამოვყალიბდებით და ვეცდებით, კვირის ბოლოს მომზადების პიკზე ვიყოთ, რომ ფრანგებთან მატჩში ქომაგები გავახაროთ.

წყარო: lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული