ბოლო ორი სტარტი გუნდური გამოდევნება იყო მამაკაცებსა და ქალებს შორის. ორივე ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად გააღწია ფინალამდე და არც იქ შეხვედრია დიდი წინააღმდეგობა.
მამაკაცების ნაკრებში იან ბლოკჰუიზენი, სვენ კრამერი და კოენ ვერვეი გამოდიოდნენ. მათ სერიოზული მისია ეკისრებოდათ. საქმე ისაა, რომ 2006 და 2010 წლების ოლიმპიადებზე ჰოლანდიელმა მამაკაცებმა ფავორიტის სტატუსის დამტკიცება ვერ შეძლეს და ოქროს გარეშე დარჩნენ.
ამჯერად ყველაფერი წესრიგში იყო. სამხრეთ კორეასთან ფინალში ჰოლანდია სასტარტო მეტრებზე ოდნავ ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ისეთი ტემპი აკრიფა, რომ დისტანციის მსვლელობისას მისი უპირატესობა შვიდ წამს აღწევდა; ფინიშზე კი სხვაობამ თითქმის ოთხი წამი შეადგინა, თანაც, "ნარინჯისფერებმა" ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიპოვეს.
* * *
სხვათა შორის, წინა ორ ოლიმპიადაზე არც ჰოლანდიელ ქალებს მოუპოვებიათ ოქროს მედალი. უფრო მეტიც, ისინი პრიზიორებს შორისაც ვერ ხვდებოდნენ - ორივეჯერ ეს გუნდი მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან.
მაგრამ სოჭში ჰოლანდიას გერმანია (ამ გუნდმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა) აღარ შეხვედრია, სხვა მეტოქეებს კი ის სასტიკად გაუსწორდა. ნახევარფინალში იაპონიის ნაკრებს თითქმის 12 წამი მოუგო, ფინალში პოლონეთთან უპირატესობამ კი შვიდი წამი შეადგინა. საინტერესოა, რომ სამივე ეტაპზე - მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ჰოლანდიის ნაკრებმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ოქროს მედლები მოიპოვეს ირენ ვიუსტმა, იორიენ ტერ მორსმა, მარიტ ლეენსტრამ და ლოტე ვან ბეეკმა, რომელიც ერთხელ გავიდა სტარტზე მეოთხედფინალურ ეტაპზე.
ჰოლანდიელმა მოციგურავეებმა სოჭში 8 ოქრო და 23 მედალი მოიპოვეს, რითაც ორი ახალი რეკორდი დაამყარეს. აქამდე სსრკ-ის ნაკრების მოციგურავეებს 6 ოქრო ჰქონდა მოპოვებული 1960 წლის ოლიმპიადაზე; გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა კი 1988 წელს, კალგარის ოლიმპიადაზე 13 მედალი აიღო.
დაბოლოს, სოჭის თამაშების ერთ-ერთი გმირი გახდა ირენ ვიუსტი. ის ერთადერთია ამ ოლიმპიადაზე, რომელმაც ხუთი მედალი მოიგო - ორი ოქრო და სამი ვერცხლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"