სოჭში უკრაინას ოქროს მედლის ერთადერთი შანსი ჰქონდა - ბიატლონში ქალებს შორის ესტაფეტაში. ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა ისეთი დაბალანსებული შემადგენლობით, როგორიც უკრაინელებს ჰყავდათ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი იყო ემოციური დატვირთვა და ფსიქოლოგიური პრობლემები, რაზეც პრესა ძალიან ბევრს წერდა.
უკრაინის ნაკრები
ბოლო ეტაპზე ესტაფეტა გადაიბარა სპრინტში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელენა პიდგრუშნაიამ. მას სერიოზული მუშაობა მოუწია, რადგან უკან ნახევარი წუთის ჩამორჩენით მოძრაობდნენ რუსი ვილუხინა და ნორვეგიელი ბერგერი. ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა პირველი სროლის შემდეგ, როცა უკრაინელმა ერთი ტყვია ააცილა, მაგრამ მეორე სასროლეთზე პიდგრუშნაია იდეალური იყო, ბოლო წრეც ძალიან სწრაფად გაიარა და თავის გუნდსა და მთელ ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა.
ფინიშის შემდეგ ვალია სემერენკომ და ელენა პიდგრუშნაიამ ჟურნალისტებს მოუყვნენ რუსი გულშემატკივრების იმ უმსგავსო საქციელის შესახებ, რომელსაც ესტაფეტის მსვლელობისას ჰქონდა ადგილი.
"გაჩუმებას არ ვაპირებ. დღეს ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ უხაროდათ რუს გულშემატკივრებს ვალია სემერენკოს შეცდომები, როგორ გვიყვიროდნენ ტრასაზე, გვახსენებდნენ ომს, ყვიროდნენ: "ააცილე, წაიქეცი!" მივრბოდი და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი", - განაცხადა რუსულ ტელევიზიასთან კომენტარში ელენა პიდგრუშნაიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"