მეორე ცდაზე ყველას გაუჭირდა, გარდა ავსტრიელი მარლის შილდისა, რომელსაც ფანტასტიკური დაშვება ჰქონდა და საშუალედო ლიდერობა იგდო ხელთ. ჰიოფლ-რიშმა და სხვა ფავორიტებმა მედლის შანსი დაკარგეს და რჩებოდა მხოლოდ შიფრინის გამოსვლა. რთული ტრასის გამო
შიფრინი გახდა ოლიმპიადების ისტორიაში სამთო თხილამურებში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.
ყველაზე ასაკოვანი
სოჭში სლალომის ტრასის სირთულე საკუთარ თავზე გამოსცადეს მამაკაცებმა. აქ პირველი ცდის შემდეგ ლიდერი იყო 34 წლის ავსტრიელი მარიო მატი. მის კოლექციაში არ მოიპოვებოდა ოლიმპიური მედალი და თან, ასაკიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ეს მატის კარიერაში ბოლო ოლიმპიადა იყო.
პირველ ცდაზე მოპოვებული ლიდერობის მიუხედავად, მატს არავინ ანიჭებდა უპირობო ფავორიტის სტატუსს. ისევ და ისევ ითვალისწინებდნენ ტრასის სირთულესა და წინა სტარტებზე მომხდარ ბევრ მოულოდნელობას. თანაც, ავსტრიელს ბევრით არ ჩამორჩებოდნენ მისი კონკურენტები.
მეორე დაშვებისას, დიდი ხანი სხვებისთვის ორიენტირი იყო ადამ ზამპას დრო. სლოვაკს 26-ე პოზიციიდან შესანიშნავი გარღვევა ჰქონდა, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ მისი საბოლოო შედეგი საპრიზო სამეულში შესვლის საშუალებას ვერ მისცემდა.
ზამპას შემდეგ სოლიდური დრო აჩვენა მსოფლიოს თასზე სლალომის ჩათვლაში მეორე ნომერმა, 19 წლის ჰენრიკ კრისტოფერსენმა, თუმცა სულ მალე მას გაუსწრო მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მარსელ ჰირშერმა. და ამის შემდეგ დაიწყო ყოვლად გაუგებარი რამ: პირველი ცდის შემდეგ 30 საუკეთესო მოთხილამურიდან 13-მა ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. ზედიზედ ხუთი ფავორიტი გამოეთიშა ბრძოლას: ალექსის პინტურო, ფელიქს ნოიროიტერი, ტედ ლიგეტი, ჟან-ბაპტისტ გრანჟი და მატინ ჰარგინი. მათ ვერ ჩააღწიეს ფინიშამდე და ოქროს მედლისკენ გზა გაუხსნეს ჰირშერს.
თუმცა წინ იყო მარიო მატის გამოსვლა. ვეტერანმა პირველ ცდაზე 1.28 წამი მოუგო ჰირშერს. მეორე დაშვებისას ფრთხილი ტაქტიკის გამო მან წამი წააგო ახალგაზრდა თანამემამულესთან, მაგრამ დარჩენილი 28 მეასედი წამი არსად გამქრალა და ამან მარიოს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოუტანა - პირველი და, როგორც ჩანს, ერთადერთი. თუ მიკაელა შიფრინი სამთო თხილამურების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, მატი სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"